Wednesday, May 11, 2011

იქ (ზამთარი, რომელიც მიყვარს 27.02.2011)

იქაც ღამეა ახლა.
იქაც ბარდნის.
იქ მუხლამდე თოვლს ათოვს, აქ გაყინულ ჭყაპსა და ტალახს.
იქ ონკანს არ ვკეტავთ, თორემ ისე გაიყინებამ დილით წყალი რომ მოვა, შეიძლება მილები გააფუჭოს.
იქ დღეში სამჯერ ვკვალავთ ბილიკებს_თითქმის სულ თოვს და მერე იყინება, საშიშია.
კიდევ შოშიას დავდევთ_აივანზე მოფრინავს ხოლმე, საჭმელს ეძებს. სანამ ბებო გაიტანს დაფხვნილ პურს, იკარგება და მერე ბეღურები უჭამენ. ისე, არც იმათთვის გვენანება.
იქ არაა არც გათბობის სისტემები, არც ინტერნეტი, არც საკაბელო ტელევიზია და არც სხვა რამ კომფორტი_წყლის მადუღარა, შხაპი და კიდევ ათასი სხვა რამ.
იქ ძველი ორსართულიანი სახლი დგას. თითქმის საუკუნის სიძველის. სქელი კედლებით, რუსული ყაიდის, წინ პატარა ბაღჩით, ფართო აივნითა და შუშაბანდით.
იქ გაკვალულ ბილიკზე უნდა გაიაროთ და კიბეზე ფრთხილად ახვიდეთ_გაყინულია. ძველ ხის აივანზე მოხვდებით_მეორე სართულზე.
კარით შუშაბანდში.
იქიდან მოზრდილ ოთახში.
წითლად შეღებილი იატაკი, ორი საწოლი, ხის "კუშეტკა", დიდი ღუმელი, ტელევიზორი_ყველაფერი როგორც წესია.
პატარა მაგიდა, ზედ_ნარდი, სათვალე, რაფაზე_წამლები, ღუმელზე_ჩაიდანი, კედელზე ძველებური ხალიჩა.
საათიც იქვეა, წიკიწიკებს თავისთვის.

იქ სიჩუმეა. თავისებური სიჩუმე. თავისი შეშის ტკაცუნით და ღუმელზე დაცემული წყლის წვეთის შიშინით.
ზოგჯერ გადაშლილი ფურცლის შრიალითა და კამათლის ჩხარუნით: "ჩარი-სე", ბეშ-ოთხი"...
იქ ერთი მეზობელი "ქვეიდან" ამოდისმ მეორის ძაღლი კი მგელს დაუფლეთია.
იქ ჭაჭას და ხილის არაყს მოგართმევენ, ღუმელში შემწვარ კარტოფილს და მოუხდელ ყველს მოგიტანენ, ასკილის წვენს და მათივე მოყვანილი კიტრის მწნილს გაგიხსნიან, ხაჭაპურს გამოგიცხობენ და შენი ფუძის ანგელოზს დაგილოცავენ.
იქ არ იციან, რა არის ზღვრული მოგება, ინტეგრაცია, მილიტარიზაცია, ვინ იყო ადამ სმიტი ან რა არის ფარდობითი უპრატესობის თეორია, თუმცა რეალობას ისე სწორად აფასებენ, საკუთარი ცოდნის შეგრცხვება.
იქ არ კამათობენ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, თანამედროვე აზროვნებაზე_უაზრო ტერმინების ბრახაბრუხის გარეშეც უყვართ, თხოვდებიან, ღალატობენ, შორდებიან, ართმევენ და დიდად არც უკვირთ, ათადან და ბაბადან ქალი და კაცი, ქალი და კაცია.
იქ ჯანსაღი სუნთქვა, ნაჯაფარი ხელები, მიწის და ხის სუნი აქვთ. ხანდახან ნაკელის ან თივის.
იქ ქალაქისგან, ხალხისგან, ხმაურისგან, ინფორმაციისგან, ჭუჭყისგან, უჰაერობისგან სულშეგუბებული და დაღლილი გავრბივარ ხოლმე.


იქ დილით ისევ შეჭირხლული იქნება შუშები, სარეცხის მავთული და სარჭები,
კიბე_გაყინული.
თოვლი_უფრო მაღალი.
ხედი_ისევ თეთრი.
ლოლოები-ძველებურად გამოკიდული.
ღუმელი-აგიზგიზებული.
წითელი იატაკი, ნედლი ხის სუნი, კედელზე ძველი ხალიჩა.
ბებოს სუთქვა და  საათის წიკწიკი.
ყველაფერი, როგორც წესია.

იქ მინდა.












იაპონიის და ჩემი გასაჭირი, ანუ რაფრად გადავიღებოთ?

ეკონომიკისფრად შეღებილი გარემოა ახლაო, რომელიღაცა ცნობილმა ადამიანმა თქვა, თუ ამ ფრაზით გახდა ცნობილი, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი თქვა, მე კი მისი გვარი მაინც ვერ დავიმახსოვრე.
თუმცა როგორც კი ეს სიტყვები მოვისმინე, მაშინვე არ მომეწონა. რატომ მაინცდამაინც ეკონომიკისფერი? იქნებ არ მომწონს და არ მინდა ამფრად შეღებილ გარემოში ცხოვრება?
არაო, მოგიწევსო. ახლა ეკონომიკაზე დგას ყველაფერიო, ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს ყველაფერს, ყველაზე ძლიერია, ყველგან და ყველაფერშიაო. მოკლედ, ეკონომიკა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანიაო.
იმავე დღეს სახლში მოსულმა გავიგე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკისფერი ქვეყანა ჯერ მიწისძვრისფრად, მერე ცუნამისფრად შეიღება, მალე რადიაციის ფერი დაემატა და საბოლოოდ მკვეთრი, აი, ელექტროს რომ ეძახიან, ისეთი, უბედურების ფერი მივიღეთ.
ჰოდა, რა ქნა ეკონომიკამ? რა გააკეთა მისი ეკონომიკისფრად მოხატული ქვეყანა რომ არ გადაეღებათ?
ვეერც ვერაფერი.
არც რამე მოაკლდა. მთელი დანარჩენი სამყარო ისევ ეკონომიკისფრად ირთვება. ვერც კრიზისფერმა, ვერც ომისფერმა და ვერ მიწისძვრა-ცუნამნარევმა უბედურებისფერმა ჭკუა ვერ ასწავლა.
რას ვიზამთ.
რას ვიზამ.
ჯერჯერობით არაფერს.
ჯერ გამოვალ ერთი კარგი ფინანსისტ_ბანკირისფერი ეკონომისტი.
იაპონია ისევ ეკონომიკისფერი გახდება ალბათ.
მერე ვნახოთ. მე, სავარაუდოდ, გადავიღებები.
იაპონია არამგონია.


Monday, May 9, 2011

წერილი ემოციებს


ე. წ. სიყვარულს, მოწონებას, გულის აფარცქვალებას, რომანტიკას, ახირებას, ძალიან მძიმე ახირებას, აჩქარებულ გულისცემას, მუხლებისკანკალს, აწითლებას და მათ მსგავს ყველა ჯიშის, ჯურის, რასისა და ამურის აღმსარებლობლობის გრძნობას, შეგრძნებასა და სურვილს:

კიდევ ერთხელ გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ ჩემს კართან ჩამოკიდულ ნიშანს

Do Not disturb

ის განკუთვნილია პირადად თქვენთვის.
გამოიყენების უფლება გაცემულია თქვენი გეგმებისა და ჩემი გემოვნების, საერთო სიტუაციისა და ჩემი ახირებების კატასტროფული შეუთავსებლობის,
ასევე ჩემი დღის განრიგში თქვენი მსგავსი ემოციებისთვის დროისა და ადგილის უქონლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უფლებამოსილი დაწესებულების-გონების, კერძოდ რაციონალური აზროვნების განყოფილების მიერ.

პატივისცემით, მე :)

Sunday, April 10, 2011

პროცესი_დამეგობრების

როცა გავიცანი, არაფერი.
უბრალოდ, ჩემი სახელი ერქვა. ან შეიძლება, მე მერქვა იმის სახელი.
მოკლედ, სეხნიები აღმოვჩნდით.
არც უცებ დავმეგობრებულვართ და არც გადამკვდარი "დაქალობა" დაგვიბრალებია ერთმანეთისთვის.
ჯგუფელები ვიყავით და გამარჯობის თქმა არ დაგვზარებია არასდროს. ყოველდღე კოცნა_მოკითხვის ამბები სხვებთან მეზარებოდა და, რომ მივხვდი, არც ის იყო მოხიბლული, არ შემიწუხებია.
სხვათა შორის, არც იმას.
   ერთ დღეს, ლექციაზე, მშვიდად მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
_კარგი დღეა დღეს,_ფანჯარასთან ვისხედით.
_ჰო, დავეთანხმე.
მართლაც კარგი დღე იყო, უქარო, ცოტა ღრუბლიანი.
მეორე დღეს მე დავჯექი მის გვერდით.
მერე ჩემს მეგობრებთან ერთად წავიყვანე სასეირნოდ.
იმდღეს სამსაათიანი ხეტიალი და მეგობრების მოსმენა არ მომბეზრებია.
იმას არ ვიცი.
მერე ერთმანეთს მივეჩვიეთ.
ჯერ ერთმანეთის დუმილი გავიცანით.
მერე _ იშვიათი რეპლიკები.
ამას ერთმანეთის წიგნები და ინტერესები მოჰყვა.
მერე ჩვენი შეხედულებები შეხვდნენ ერთმანეთს და გაიხსნა მსჯელობა-კამათის სეზონი.
  ერთხელაც პიანინოს მივუჯექი და მისთვის დავუკარი. ისეთი არაფერი, ერთი პაწაწკინტელა ვალსი. თითქმის ყველას რომ მოუსმენია, ერთ-ერთი ფილმიდანა და იმიტომ.
 რომ დავამთავრე, კიდევ დაუკარიო, მთხოვა. ერთხელ კი არა ოღონდ, სამჯერ.
სამჯერვე გავიმეორე.
პირველი შემთხვევა იყო, როცა თავისუფლად ვუკრავდი სხვისი თანდასწრებით და ერთხელაც არ  მომიხდია უგერგილო შესრულებისთვის ბოდიში.
ხუთიოდე დღეში მის ჩანაწერებს ვკითხულობდი და მის მომზადებულ ჩაის ვწრუპავდი.
კარგი ჩანაწერები ჰქონდა, თავისნაირი და მყუდრო.
ერთ ლექციაზეც ჩვეულებრივ ფანჯარასთან დავსხედით ერთად.
_არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეჩვევი,-არ შემოუხედავს, ისე თქვა.
_არც მე._არ მე მომდომებია ძალიან მისკენ გახედვა, თუმცა ვიცი,  უკვე მიყურებდა.
 სკამის გახრიალების ხმაზე მოვბრუნდი.
ალბათ ჩუმად უნდოდა ადგომა, მაგრამ მაგიდას წამოედო. როგორც ყოველთვის.
_გვიანია,_ვთქვი და ისევ გვერდზე გავიხედე.
ჩუმად იყო ჯერ. მერე ორი რამ გავიგონე: _ჰო, - და სკამის ხრიალი. დაჯდა.

რამდენიმე საათის მერე "ჩვენს" კაფეში ვისხედით ორივე და დოსტოევსკის ვარჩევდით.
ჩვენ სეხნიები  ვართ.
მეგობრებიც.

nonsense


A thousand leaves through the streets,
A  thousand faces through the town,
A thousand thoughts through our heads_
We are just a stations of sadness.
And stronger winds throughout streets,
Giant walls of colorful madness,
It’s a world, exhausted dreams,
This town and we_ just stations of sadness.

Autumn dream _ I’m trying to sleep.
No other way _ I’m home of madness:
I would run, I would come, I would find
Your sole _  so careless.
But this winds this colored leaves
My tired dream and autumn sadness
Don’t let me free, don’t let me breath
Don’t let me go through tins madness!
Hold my hand, take my had,
Throw away my fears, bad senses.
Stop the wind _ bring long sleep,
Calm heart beating _ you’re so fearless.
                                                                                    ……
                                                                                Cloudy sky, naked trees,
                                                                                Winter in town streets’ gray breath
                                                                                Where’s the sense, all feels false,
                                                                                The only truth _ is in this madness:
                                                                                Pretending love and feeling sadness.


* * * (დილა)

თვალს ვახელ, დაგხედავ,
შენს სუნს შევისუნთქავ.
უნდა გაგაღვიძო-დაგვაგვიანდება.
ვდგებით.

კბილის პასტის გემო და შენი პირის ქაფი.
უკვე გამოფხიზლდი_ჩემს თმაზე გეცინება.
სამოსი, სახის კრემის გრილი არომატი,
თმას ისევ მიწეწავ_საყელო გეკეცება.
გავდივართ.

ჩვენი კაფე_მზარეული გვიცდის,
ხუთ წუთში გავაღებთ_ზუსტად დრო იქნება.
ჩემ სამუშაო_მსუქანი საქაღალდე,
გიტარას მიაშურე_ბენდი იკრიბება.

სავსე ჩაის ჭიქა და ბლუზი შენი სუნით
დღე დაიწყო.
გიყვარვარ.
მეღიმება.

Thursday, April 7, 2011

თეთრი... შავი.

თეთრი მაგიდა.
თეთი კედელი.
თეთრი ფინჯანი.
თეთრი ლამბაქი.
    ვერცხლისფერ კოვზით ვურევ შავ ყავას.
თეთრი ქაღალდი.
თეთრი კალამი.
    შავი ფიქრები.
თეთრ ფურცელზე მიჯღაბნილი ლურჯი სიტყვები.
    მინდა თუ არა, ალბათ მაინც ასე ვიქნები.
შავი ფარდები.
მზე ჩავიდა.
თეთრი რითმები.
    მინდა თუ არა, ალბათ მაინც ასე ვიქნები.


Monday, April 4, 2011

* * *



შენ ისევ ისე დგახარ სარკესთან,
ცრემლები ისევ გისველებს სახეს.
მე კი არ ვიცი, რა მოვუხერხო
უძირო სევდით სავსე მაგ თვალებს.

ხელები მაგრად მიგიკრავს გულზე,
თითქოს რაღაცის დაჭერას ლამობ.
და შენს მაგივრად შენი დუმილი
შენივე სევდის სიმღერას გალობს.

ხანდახან ხელებს მაგრად მომუჭავ,
ცდილობ ჩაახშო სულის ამბოხი,
და შენს სახეზე სიმშვიდის ნიღაბს
წაშლის პატარა სევდის ნაოჭი-

გაგეპარება სულის ციხიდან,
შენს წარბებს შორის იპოვის ადგილს,
და შეკავებულ ცრემლების ნაცვლად
შენს ტკივილს ახალს გაუჩენს სამხილს.
..
მქრქალი ცისფერი თვალებს გარშემო,
შენი პატარა, ცივი თითები.
ტყემლის ყვავილით მოფენილი პატარა აზო
და შენს სახეზე ცრემლნარევი წვიმის წვეთები.




რაღაცით ხომ უნდა დაიწყო..
მე ჯერ სხვისი ბლოგების ნახვით დავიწყე.
მერე, როგორც მჩვევია, ძალიან ბევრი ვიფიქრე საკუთარი ბლოგის გაკეთებაზე.
საბოლოოდ, მოვიფიქრე და აქ ვარ.
მერე რას ვიზამთ, მე და ჩემი ბლოგი ერთად მოვიფიქრებთ.

ჰო, მართლა,
მთავარი არ დამავიწყდეს:

სალამი :)