Friday, December 20, 2013

"ალბათსიყვარულის" ისტორია(უსურათო პოსტი)

მოთხრობა ყველაზე კარგი მაშინ გამოდის, როცა იმას წერ რაც სარკეში დაინახე, თუნდაც ხუთი წლის შემდეგ სარკე ყოფილიყო.


არ ვიცი, როგორ დავიწყო. ჩემნაირი კაცი რომ საერთოდ წერას დაიწყებს, იქ უნდა იფიქრო, წასულია ამის საქმეო. წასულია მგონი მართლა. აქამდეც მაგიტომ მოვედი. ვიზეც უნდა დავწერო, ის ჩხაპნიდა ხოლმე. გამახსენდა და გადავწყვიტე ვცადო. ჩემი რა მიდის -დრო და ნორმალურობის ბოლო ნაშთები. რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც ეშმაკად შემიჩნდა და მეც ვცდი.
გოგოზე უნდა დავწერო, რომელსაც ვუყვარდი. დიდი ხნის წინ, სტუდენტები რომ ვიყავით. ერთი ჩვეულებრივი ვინმე იყო, არც ლამაზი, არც რამე. გულდახურული იყო საკმაოდ და კომპლექსები ჰქონდა ოხრად. არ მიყვარდა. მოკლედ, რაღაც იყო თუ არც იყო, ყველაფერი ისე მინდოდა გამოსულიყო, რომ გული არ სტკენოდა და, მგონი, გამოვიდა კიდეც. მერეც მეკონტაქტებოდა ხოლმე, მეხმარებოდა, ხან სასწავლებელში, უფრო მეტად კი ყველაზე საჩოთირო კითხვებზე პასუხისთვის მჭირდებოდა, იქნებოდა ეს ქალური ამბები თუ პირადი პრობლემები. სხვა მხრივ, მეტისმეტად დამღლელი და ტვინის მბურღავი ადამიანი იყო, პასუხის პირდაპირ გაცემა არ იცოდა არასდროს.
ეხლა წლები გავიდა, რაღა წლები, ექვსი წელი, რაც ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. სასწავლებელი დავამთავრეთ და მორჩა იქ, იმაზე აღარაფერი გამიგია.
ეხლახანს შემახსენა თავი. შემახსენა რა, გამოჩნდა, თორემ მგონი არც იცის, მეზობელი რომ ვარ. ჰო, რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად ჩემსავე სადარბაზოში. მისი სახლი ისეა ჩემთან, რომ აივანი ხელისგულზე მაქვს და ხმაც მშვენივრად ისმის. თავიდან მეგონა, ვიღაც ბობოლები გადმოდიოდნენ- ახალაშენებული სახლი სულ გადააკეთეს, აივანი გააფართოვეს, შეზლონგები დადგეს, გაალამაზეს. როცა ბოლოს და ბოლოს, ეს სამეზობლოს სატანჯველი დამთავრდა, სამნი გადმოვიდნენ. ქალი, კაცი და ბავშვი. აბა, რას ვიფიქრებდი, ან წარმოვიდგენდი, ან რატომ უნდა მეფიქრა და წარმომედგინა, რომ ის იქნებოდა?
ვინ იყო, ერთ საღამოს აღმოვაჩინე, აივანზე რომ გამოვედი ცოტა ხნით დასაჯდომად. მაშინ დავინახე, რომ  შეზლონგზე ვიღაც  ქალი იწვა და კითხულობდა. თმა გვარიანად ჭაღარა ჰქონდა, სხეული კი ახალგაზრდასი. მაშინ გამახსენდა პირველად და გამეღიმა, როგორ ერეოდა თეთრი თმა, ის კი არ იღებავდა. უცნაურად შემიხტა გული, აი, საზიზღრად რომანტიკულად და უფრო კარგად დავაკვირდი. ან რა დაკვირვება უნდოდა, ის იყო. გასაკვირად კარგად მახსოვდა გარეგნობა, ფორმები. ის იყო რა. შეცვლილიც და იგივეც.
გამიხარდა დანახვა, შინაური მყუდროების გრძნობა გამიჩნდა. აი, რეებს ვწერ, გრძნობა გამიჩნდა მეთქი. ან რა არის შინაური მყუდროების გრძნობა? არ ვიცი. აი, ეგეთი რამე კი მომივიდა თავში. იმის გავლენაა, თავს დავდებ.

Friday, December 6, 2013

სათაურმოუფიქრებელი ამბავი შუშანიკაზე(ნამთვრალევი პოსტი)


შუშანიკა კაცია.  შუშანიკა კი ჰქვია, მაგრამ მაინც კაცია. თან ქართველია, გვარი ძე-ზე უმთავრდება და, მერწმუნეთ, ასე ძალიან ქართველობით მის გარდა ვერავინ იამაყებს. შუშანიკა რომ დაარქვეს, რა ქნას ახლა, ამის ბრალი ხომ არაა. სცადა კაცმა, რაც შეეძლო და პირველი დღეები გამწარებული ტიროდა, არ დამარქვათ ეგ სახელიო. აბა, პატარას ვის რა გასვლია თავისი, ამ საწყალს ხომ სულ ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და ატირებდა.
ასე თუ ისე (და, სხვათაშორის, არც თუ ცუდად), გაიზარდა ჩვენი შუშანიკა, დაკაცდა, ცხოვრებას მოეწია.  ცოლიც ჰყავს, შვილებიც. აბა, რა გეგონათ? კაცია, შნო აქვს და შეიფერა კიდეც ცხოვრება.  სახლი იყიდა ისეთი, დილით აივანზე რომ გამომზეურდება საცვლების ამარა და ღიპს გამოანიავებს(რა გვჭირს ახლა საიმისო, ორმოცს გადაცილებულ კაცს პატარა ღიპი ვერ ვაპატიოთ) ორი-სამი მეზობლის შურიან მზერას მაინც დაიჭერს. კმაყოფილი ჩაიღიმებს, ხელებს გულზე დაიტყაპუნებს, დილის სუფთა ჰაერზე მოწეულ სიგარეტს რა ჯობიაო-არც გაბოლება გამორჩება და, ცოლის უჩუმრად “ბიჩოკს”(ფუი, ამ ბარბარიზმებისა რა ვთქვი, ნამწვს, კაცო ნამწვს) კუთხეში მიდგმული კოხტა კალათის მაგივრად აივნიდან რომ გადააგდებს, დილისრიტუალშესრულებული შებრუნდება სახლში.

 ოჰ, რომ იცოდეთ ცოლიც როგორი ჰყავს ჩვენ შუშანიკას! ქალი და როგორი! მაღალი, სავსე კი არა, მწიფე შემოდგომასავით მოსული ჯიქნით, გადათქვირული გულითა და ჯიშიანი ფეხებით. და პირისკანი? თეთრყირმიზა და დიდშუბლა ქალია, ჯანმრთელი და ფერხორციანი.
-  აბა, იმ ხორცგაღლეტილ გოგუშკებივით ხომ არ ვიქნებიო,-ამაყად იტყვის ხოლმე თვითონაც და მადიანად გადაისვამს სავსე ტუჩებზე წითელ პომადას.
შუშანიკამაც იცის ცოლის ფასი:
- გემივით ქალია ჩემი რუსუდანიო, ჩემი ოჯახის ქალიო, ოქროს დედა და, ბიჭებო, რა დიასახლისიო_ გაიჯგიმება ხოლმე, მეც მაგარი ვარ, ეგეთი ცოლი რომ მყავსო.
ახლა შვილებს არ იკითხავთ? ოჯახის სიამაყეები, დედ-მამის იმედები. ქეთევანი, დედის კვალზე წასული, მაღალი და თამთამა ქალი, მეორე კურსს ამთავრებს უნივერსიტეტში და, როგორც შუშანიკა წაიწუწუნებს ხოლმე, მაგის თაყვანისმცემლების ალაგმვას ვერ აუდის ამხელა კაცი.
ბიჭი, დავითი, დამათავრებელი კლასის მოსწავლე, დასავით ბრწყინვალედ ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა, სიმართლე ვთქვათ და ხელი უფრო ხშირად მამის მანქანისკენ გაურბის, გული და გონება კი- მეგობრებში გასართობად და მუშტის(ქხმ, კრივში ნავარჯიშევი დიდი ტორის) საქნევად.
-აბაო, კაციაო, ისე გაზარდეთ მე და დედამისმა რო, თავს არავის დააჩაგვრინებსო,- იტყვის ხოლმე შემდგარი მამა და ხელს მუხლზე დაირტყამს, თავის ნათქვამს ბეჭედს დაუსვამს თითქოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერად ცხოვრობს შუშანიკა –ძე, ჰყავს, ოჯახი, მეგობრები, სამსახურიც "მაგარი" კაცის სახელთან ერთად სახრავსაც კარგად აძლევს(როგორც პირდაპირ, ისე –ირიბად) და გაჰყავს დრო ხან ძმაკაცებთან, ხან სამსახურში, ხან ცოლთან და ხანაც არაცოლებთან ერთად.

მაგრამ როდის ყოფილა კაცის ცხოვრება მთლად სრულყოფილი და აუმღვრეველი? იქნებ ვინმესი არის კიდევაც, მაგრამ შუშანიკასი არ გამოდგა. მისი თავის ტკივილი კი ერთ მართლა თავისტკივილიან დილას გამოეცხადა. გამოეცხადა რა, მეზობლად გადმოვიდა აივნის მხრიდან.