Thursday, June 30, 2011

ჩემი ნათელი სულები

ერთი პაპაჩემი იყო
სიმყარის, იმედის შეგრძნებით.
მისი დიდი, ნაჯაფარი, დაშაშრული ხელები მახსოვს, შაირები და ტყეში, ფიჭვის ფისის მოსაგროვებლად რომ წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, პირველად რომ გვატარა უდაბურ ტყეში, გაზაფხულის პირზე. მაშინ პირველად დავლიეთ ანკარა წყალი ახლადყინულგანატეხი მდინარის შენაკადიდან. მაშინ პირველად აგვივიდა ხელებზე ფისი სუნი და არც მგლის გვეშინოდა_პაპა გვყავდა გვერდით!
ერთხელ მაგ დიდ ხელებზე მოვეფერე და დავუკოცნე. როგორ ვნანობდი მერე!
ახლა მგონია, სანამ დრო მქონდა, რაც შეიძლება ხშირად უნდა მექნა ეგ.
ბოლოს ცოცხალი აღდგომას ვნახე. უკვე სხვანაირი იყო, თითქოს უფრო მსუბუქი და შორეული. მაშინ იყო, მეორედ ხელების მოფერების შემდეგ, რომ ავტყდი და ვეღარ ვშორდებოდი. სულ უნდა მეყურებინა.
მერე მივხვდი, რატომ არ მქონდა რეაგირება, რომ დაგვირეკეს და ან ჩამოუსწრებთ, ან არაო, გვითხრეს_ერთი კვირის წინ დავემშვიდობე, უკვე ვიცოდი თითქოს.
კიდევ მახსოვს კონტრასტი მის სიარულის მანერაში_თვალის ოპერაციამდე და მერე.
მაგასაც გვიან მივხვდი_  უნებურად თვალს ვარიდებდი ხოლმე, სანამ მხედველობა აკლდა, უმწეო ბავშვივით, ახალფეხადგმულივით გაუბედავად ადგამდა ნაბიჯებს. საშინელება იყო უჩვეულოდ მხრებში მოხრილი კაცის ყურება.
ოპერაციის მერე პაპა დამიბრუნდა-გამართული, მყარი ნაბიჯით, მშვიდი სახით.
მასთან ერთად, იმედი და შეგრძნება_ყველაფერი თავის ადგილზეა.
თუმცა ამ ყველაფერს გვიან მივხვდი. ზედმეტად გვიან.
მესამე წელი ხდება, რაც წავიდა.
ჩემი ნათელი სულია.
ახლა უფრო მიყვარს და ვნანობ, მაშინ ხელების დაკოცნისა რომ შემრცხვა.

მენატრება.