Friday, September 15, 2017

სად მარხია ძაღლის თავი, ანუ "აბიათ, ვა"


რა ბედნიერები არიან შეგუებული ქალები.
- კითხვებს რომ არ სვამენ - ის ქალები.
- პროსტესტის გრძნობა რომ არ აქვთ, ის ქალები.
- სამსახურებიდან რომ მოვლენ, კიდევაც რომ მოუმზადებენ ოჯახის კაცებს სადილს, გაუშლიან, აჭმევენ, აულაგებენ, ჭურჭელს დაურეცხავენ; სარეცხსაც რომ მიაყოლებენ, მტვერსასრუტსაც, აბაზანასაც, ნიჟარებსაც, ხალიჩებსაც (ხანდახან ხვრინვის ფონზე) და ეგრე რომ უნდა იყოს- ის ქალები.
- ბავშვი რომ ატირდება ღამე და დედა რომ დგება ყველა ჯერზე - "აბა კაცია და ეგ ხომ არ ადგება" ლოგიკის ქალები.
- კაცი რომ მაღაზიაში ჩავა და მადლობელი რომაა, "მეხმარებაო" - ის ქალები.
- აბა, თუ არ გათხოვდი, ისე რაა ცხოვრება -ქალები.
- მამამ პამპერსი რა ცხოველია, რომ არ იცის, ბავშვი რომელ კლასშია რომ არ იცის, "ფული ხო მოაქ და კაცია, მა რა ქნას მეტი" -ის შემგუებელი ქალები.
- მშვიდი, ცოლზე და შვილებზე მზრუნავი, ცოლის მომსმენი კაცი რომ უფრო ჩმორად რომ მიაჩნიათ, ვიდრე დღეობით დასალევად გადაკარგული 4 შვილის მამა - ის ქალები.
- ქმარი რომ სვამს, ან/და ურტყამს, ფულს ფლანგავს, მის კისერზე ზის, აღარ უყვარს ან არც ყვარებია და არ შორდება, ქმარგანაშორები სახელი ხომ არ მექნება, პატიოსანი ქალი ვარო და არ შველის თავს - ის ქალები.
- ქალიშვილი რომ არ იყო("შეეშალა, შე ე შა ლა! ერთხელ ყველას შეიძლება შეეშალოს),  აპატია, ცოლად მოიყვანა და მთელი ცხოვრება მადლობლები რომ არიან ამ "კეთილი, აღმატებული არსების" - ის ქალები.
- წინა პუნქტში აღწერილ კაცებზე მსხვერპლშეწირვა რომ საკუთარი ფუნქციის შესრულება ჰგონიათ და ამაყობენ, მერე კი გათხოვებას გირჩევენ თვალის ჩაკვრით - ის ქალები.
- თავიანთი ბიჭისთვის ასაკით პატარა სარძლოებს რომ ეძებენ, ჩემ ჭკუაზე გავზრდიო -ის ქალები (დაითვალეთ მარაზმები ამ ფრაზაში : )
- ზემოთ ჩამოთვილი პუნქტებიდან სამში მაინც რომ ხვდება და ჩემნაირებს ცხოვრების აზრზე, სწორ მიმართულებებსა და კარგ ბედზე (ა.კ.ა. კაცზე) ელაპარაკება - ის ქალები.

რა, არ არიან?

შეგუებული რომ ხარ მაგ ყველაფერს და არც გეჩვენება რამედ, ბედნიერი ხარ, აბა რა ხარ.
- ჩემსავით ხომ არ არიან, ცხოვრების აზრს რომ დავეძებ, ჩემი კვალის დატოვებას, კითხვებზე პასუხის პოვნას ვცდილობ. სახლის დალაგება, სადილის მომზადებააბაზანის ხეხვა, საყიდლები- მოკლედ საცხოვრებლის სუფთად და წესრიგში შენარჩუნება ყველას მოვალეობა რომ მგონია სქესისდა მიუხედავად -  მაგათ ნაპოვნი აქვთ და არც პროსტესტის გრძნობა უჩნდებათ.
-არც პასუხისმგებლობის (და არა მექანიკური პროცესების) თანაბრად გაყოფას მოსთხოვენ კაცს - და დაუკმაყოფილებლობაც არ აწუხებთ, არც მადლობას ელიან, არც ხელის შეშველებას -ისეა, როგორც უნდა იყოს და!
- არც ჩემსავით ნაწყენები რჩებიან, მაღაზიიდან რომ ამოუტანენ რაღაცებს, მაგიდაზე დაუხვავებენ და მადლობას ელოდებიან -პირიქით, მზად აქვთ მადლობაც და შექების სიტყვებიც.
- არც ჩემსავით ბრაზდებიან, როცა მილიარდჯერ უწევთ ერთი და იგივე თხოვნის გამეორება, თუნდაც ისეთი წვრილმანისა, როგორიცაა - პირსახოცი აბაზანაში არ დატოვო, გასარეცხები კალათში ჩაყარე, ცარიელ ბოთლს ონკანთან ნუ დატოვებ, ნაგავს რომ გადაყრი, პარკი შეცვალე და . . - მგონია არც თხოულობენ- არაა მაინც კაცების საქმე და...
- არც იმ ქალებს ხედავენ და უკვდებათ გული, თავიანთი არსებობით რომ დაღუპეს, სისტემას შეწირეს, თავისნაირებად აქციეს და ცხოვრება დაუმახინჯეს.

მოკლედ.
ისეთიც არაფერი.
სახლში მომიწია ყოფნა რამდენიმე თვე. ანუ ოფიციალურად ორშაბათი-პარასკევი სამსახურში არ მივლია. გარდა თავისი ჩონჩხებისა, რაც ამ ამბავს მოყვება ხოლმე, იმდენი რამ ვნახე, დავინახე, გამოვცადე და იმდენ რამეში მოვყევი სულ ქალების თემაზე - ჩემზე ოდნავ სუსტი ფემინისტებში ჩაეწერებოდა, წიგნს დაწერდა და ცოტა უფრო ბრაზიანი რამე რადიკალურსაც ჩაიდენდა ალბათ - ამდენი სისტემაში მოყოლილი ნიჭიერი, პერსპექტიული და საკუთარი შესაძლებლობების გამოუყენებლობითვე გატეხილი ქალების დამნახავი.

მე კიდევ გამიმართლა თურმე.
ამხელა პოსტიც სულ რამდენიმე მიკრო-თხოვნის გამო დავწერე. აი ისინიც:
კაცებო. მე თქვენ მიყვარხართ. ისეთები, როგორებიც ხართ.
მარტო ერთი რამე უნდა გითხრათ. პასუხისმგებლობა არაა ცუდი. და თქვენი "ქალებზე უკეთესი" გონებით, ჩვენზე უკეთ შეგიძლიათ გაიგოთ და დაიმახსოვროთ, რომ:

ცარიელი სიტყვების ნაცვლად-  რომ რეალიზებული ქალი კარგია-  ჭურჭლი რეცხეთ, სარეცხი რეცხეთ, საყიდლებზე იარეთ, ღამე ბავშვთან ადექით, ბაღში ატარეთ, საღამოობით მიალაგეთ - პასუხისმგებლობა აიღეთ და არ მოითხოვოთ მექანიკური დავალებები. - რეალურად, ნამდვილად და სწორად ამოუდექით თქვენს გოგოებს გვერდით.
ჯადოსნური სიტყვა არსებობს, გა ნა წი ლეთ : ერთი კვირა - თქვენ, ერთი კვირა - თქვენმა გოგომ :3 ვიძლევი ბედნიერი ქალების გარანტიას (რა სექსი, რის სექსი : )

აქვე:
რომ მიგახვედროთ, რამდენად დიდი მასშტაბის იქნება თქვენი დახმარება:
- სარეცხის დარეცხვა მოიცავს: ყველას ოთახის შემოვლას, გასარეცხების წამოღებას, ფერების მიხედვით დახარისხებას, დარეცხვას, გაფენას, გაშრობის მერე აკრეფას, დახარისხებას, ყველაფრის თავის ადგილას წაღებას, დასაუთოვებლის დაუთოვებას და დაბინავებას- კი, ჩემო კარგებო, ეს დაახლოებით 2-3 საათიანი პროცესია და არა "ღილაკებზე ხელის მიჭერა და ყავის წრუპვა ჭორაობის ფონზე" ))
-საყიდლების მოტანა ნიშნავს - სიის ჩამოწერას (თქვენით! მოიარეთ სახლი, კარადა,მაცივარი, ქიმიის თარო, აბაზანა და მოიფიქრეთ, რა არის მოსატანი) გასვლას, ყველაფრის ყიდვას, მოტანას, ამოლაგებას, თავის ადგილებზე დადებას, რაც გასარეცხია, მათ დარეცხვას და ისე შენახვას. (და არა მაღაზიაში გავლას, "ამდენი რამე რა ჯანდაბად გვინდა"- ძახილს, ამოტანას, კართან დაყრას და მადლობის ლოდინს.
- აბაზანის, ნიჟარების, კაფელისა და უნიტაზების წმენდა, ფარდების დარეცხვა-დაკიდებასა და ფარჯრების წმენდასთან ერთად ყველაზე მძიმე შრომაა სახლში და იყავით ძლიერი სქესი, მზრუნველი კაცები, ითავეთ^^
- თქვენი გოგოც მუშაობს(შეიძლება გარეთ არ გადის, მაგრამ თარგმნის, ბავშვებს ამეცადინებს, ხელსაქმითაა დაკავებული და ა.შ., იღლება და ხანდახან სახლში მოსულს(ან შინვე დაღლილს) ძალიან უნდა, თქვენსავით შემოალაგოს ფეხები და ვინმემ მოუმზადოს ვახშამი - სცადეთ აბა, კვირაში სამი დღე ^^

უუჰ.
ტყუილად ვიხარჯები. ტყუილად ვწერ.
იმიტომ რომ ამდენს ძალიან ცოტა კაცი იშრომებს. პასუხისმგებლობას ერთეულები გაინაწილებენ.
იმიტომ რომ დღემდე შეიძლება აბორტის გაკეთება - ბიჭი არ არის მიზეზით;
იმიტომ რომ დღემდე შეიძლება გოგოს უკან გაშვება - ქალიშვილი არაა მიზეზით;
იმიტომ რომ დღემდე შეიძლება ქალის ცემა, თუ "დაიმსახურა"(და დაიმსახურებს);
იმიტომ რომ  დღემდე არსებობს "ცოლის აღზრდა";
იმიტომ რომ "კაცია"...

და იცით რა? ეს ყველაფერი ქალების ბრალია.
ჰო, ჩვენი.
ზემოთაღწერილი ქალებისაც და ჩვენიც, ვისაც გვესმის. იმიტომ რომ, ამ ოხერ სისტემას ვერ ვცდებით;
იმიტომ რომ სიყვარული არასწორად გვესმის;
იმიტომ, რომ აი იმ, "ნამდვილფუნქციაშესრულებულმა" ქალებმა დანაშაულის გრძნობა ჩაგვინერგეს;
იმიტომ რომ, აი ის შეგუებული ქალები არსებობენ.
და არამარტო არსებობენ -ბედნიერები არიან.

ამას წინათ, "სახლის მსახურებით" დაღლილ-დაქანცული რომ ჩავაწყდი სავარძელში და ჩემს მეგობარ გოგოსთან ვიოხებდი გულს, ვერაფერით გამაცინა, ვერ გამომიყვანა ხასიათზე და ბოლოს ხარხარით მომწერა "აბიათ, ვა"-.
ჩვენ კი ვიცინოდით, მაგრამ..
ზოგისთვის ეგ არგუმენტია. ნამდვილზე ნამდვილი.
ა?
კი.
არგუმენტია. ქალებისთვის. არ მოგესმათ. კი, ეგრე ვთქვი.
თქვენც დაგსუსხათ გულ-მუცელში?
გითანაგრძნობთ.

P.S. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის უკან დგას რეალური ამბავიზოგის უკან რამდენიმერომლიდანაც უმეტესობა პირველწყაროსგან მომისმენიანაწილს შევსწრებივარნაწილს ჩემ თავზე გადაუვლიადა ამ ამბების გმირებიდან აბსოლუტურ უმრავლესობას -პირდაპირ თუ ირიბად - დავუმოძღვრივარ ქალის ცხოვრების ასპექტებზედ.

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ^^
  

No comments:

Post a Comment