Wednesday, May 11, 2011

იქ (ზამთარი, რომელიც მიყვარს 27.02.2011)

იქაც ღამეა ახლა.
იქაც ბარდნის.
იქ მუხლამდე თოვლს ათოვს, აქ გაყინულ ჭყაპსა და ტალახს.
იქ ონკანს არ ვკეტავთ, თორემ ისე გაიყინებამ დილით წყალი რომ მოვა, შეიძლება მილები გააფუჭოს.
იქ დღეში სამჯერ ვკვალავთ ბილიკებს_თითქმის სულ თოვს და მერე იყინება, საშიშია.
კიდევ შოშიას დავდევთ_აივანზე მოფრინავს ხოლმე, საჭმელს ეძებს. სანამ ბებო გაიტანს დაფხვნილ პურს, იკარგება და მერე ბეღურები უჭამენ. ისე, არც იმათთვის გვენანება.
იქ არაა არც გათბობის სისტემები, არც ინტერნეტი, არც საკაბელო ტელევიზია და არც სხვა რამ კომფორტი_წყლის მადუღარა, შხაპი და კიდევ ათასი სხვა რამ.
იქ ძველი ორსართულიანი სახლი დგას. თითქმის საუკუნის სიძველის. სქელი კედლებით, რუსული ყაიდის, წინ პატარა ბაღჩით, ფართო აივნითა და შუშაბანდით.
იქ გაკვალულ ბილიკზე უნდა გაიაროთ და კიბეზე ფრთხილად ახვიდეთ_გაყინულია. ძველ ხის აივანზე მოხვდებით_მეორე სართულზე.
კარით შუშაბანდში.
იქიდან მოზრდილ ოთახში.
წითლად შეღებილი იატაკი, ორი საწოლი, ხის "კუშეტკა", დიდი ღუმელი, ტელევიზორი_ყველაფერი როგორც წესია.
პატარა მაგიდა, ზედ_ნარდი, სათვალე, რაფაზე_წამლები, ღუმელზე_ჩაიდანი, კედელზე ძველებური ხალიჩა.
საათიც იქვეა, წიკიწიკებს თავისთვის.

იქ სიჩუმეა. თავისებური სიჩუმე. თავისი შეშის ტკაცუნით და ღუმელზე დაცემული წყლის წვეთის შიშინით.
ზოგჯერ გადაშლილი ფურცლის შრიალითა და კამათლის ჩხარუნით: "ჩარი-სე", ბეშ-ოთხი"...
იქ ერთი მეზობელი "ქვეიდან" ამოდისმ მეორის ძაღლი კი მგელს დაუფლეთია.
იქ ჭაჭას და ხილის არაყს მოგართმევენ, ღუმელში შემწვარ კარტოფილს და მოუხდელ ყველს მოგიტანენ, ასკილის წვენს და მათივე მოყვანილი კიტრის მწნილს გაგიხსნიან, ხაჭაპურს გამოგიცხობენ და შენი ფუძის ანგელოზს დაგილოცავენ.
იქ არ იციან, რა არის ზღვრული მოგება, ინტეგრაცია, მილიტარიზაცია, ვინ იყო ადამ სმიტი ან რა არის ფარდობითი უპრატესობის თეორია, თუმცა რეალობას ისე სწორად აფასებენ, საკუთარი ცოდნის შეგრცხვება.
იქ არ კამათობენ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, თანამედროვე აზროვნებაზე_უაზრო ტერმინების ბრახაბრუხის გარეშეც უყვართ, თხოვდებიან, ღალატობენ, შორდებიან, ართმევენ და დიდად არც უკვირთ, ათადან და ბაბადან ქალი და კაცი, ქალი და კაცია.
იქ ჯანსაღი სუნთქვა, ნაჯაფარი ხელები, მიწის და ხის სუნი აქვთ. ხანდახან ნაკელის ან თივის.
იქ ქალაქისგან, ხალხისგან, ხმაურისგან, ინფორმაციისგან, ჭუჭყისგან, უჰაერობისგან სულშეგუბებული და დაღლილი გავრბივარ ხოლმე.


იქ დილით ისევ შეჭირხლული იქნება შუშები, სარეცხის მავთული და სარჭები,
კიბე_გაყინული.
თოვლი_უფრო მაღალი.
ხედი_ისევ თეთრი.
ლოლოები-ძველებურად გამოკიდული.
ღუმელი-აგიზგიზებული.
წითელი იატაკი, ნედლი ხის სუნი, კედელზე ძველი ხალიჩა.
ბებოს სუთქვა და  საათის წიკწიკი.
ყველაფერი, როგორც წესია.

იქ მინდა.












No comments:

Post a Comment