Showing posts with label სკვაზნიაკი. Show all posts
Showing posts with label სკვაზნიაკი. Show all posts

Sunday, March 3, 2019

მარტი მოვიდა და ჯერ თებერვალს რომ არ დამშვიდობებიხარ, ის პოსტი




ხანდახან ასეც ხდება.

ყველაფერი კარგადაა.
მუშაობ - სამსახურში, რომლის სამუშაო საათებისაც შურთ;
დოქტორანტურაში ჩააბარე,
დამაკმაყოფილებლად ჯანმრთელი ხარ,
არც ისე ფუმფულა, რომ ინერვიულო,
გაქვს ჰობი, რომელსაც სიამოვნებით მიყვები,
მეგობრები გამოგერია,
ცხოვრებაში პირველად  მოწესრიგებული და ბედნიერი პირადი ცხოვრება გაქვს,
საინტერესო ფანტასტიკა იპოვე,
არც ანგარიშზე გეჯახება მინუსი,
მოკლედ...

ისეთი შესავალია, ცუდი რომ თქვა, ჩაგაქვავებს ხალხი.
მაგრამ

ხანდახან ასეც ხდება -
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენ აცდენილი ხარ, შენს ადგილას არ ხარ, საშენოს არ აკეთებ.
და დაიღალე
ძალიან
ძალიან
ძალიან
დაიღალე.

ჩემი სიყვარული მინდა ჩემთან, ზურგიდან შემოხუტებული, სიჩუმე და დრო - უსასრულო რაოდენობის.

.
ჩამაქვავეთ.


Sunday, June 4, 2017

მე და ხალხი, ანუ ჩემს კეთილისმყოფელთა არმად გადაყრილი ცერცვი


დღეს ვაპირებდი გრძელი პოსტი დამეწერა იმაზე, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს, დაინახონ, რომ "მინდა"-სა და სასურველის მიღებას შორის, მათი გადაწყვეტილება დგას სასურველის მიღების შესახებ. და რომ, ზოგჯერ “მინდა” ცუდია და ამ "ჩამალული" ნაბიჯით საკუთარი სურვილების გაკონტროლება შეუძლიათ. მერე ვაპირებდი, მემსჯელა და ჩამეშალა ეს თემა გემრიელად, მაგრამ გამოჩნდა რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად ითხოვს ამოთქმას, ვიდრე ეს წლობით ნაჩხიბ-ნაფიქრი დასკვნები.

პატარა შესავალი - ადამიანებმა საკუთარი ცხვირის საკუთარ საქმეში დატევისა და სხვის საქმეში წაყოფის პროცენტული მაჩვენებლები რომ გადაცვალონ, დარწმუნებული ვარ ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა ჩემი რომ უკეთ იქნებოდა, ზუსტად ვიცი.
ის ამბავია, რომ მემილიარდჯერ მითხრეს, რა ძნელი ვარ, რა მძიმეა ჩემთან საუბარი, როგორი ვიწრო ცხოვრებისეული საზღვრები მაქვს და ხალხი მძულს.
სინამდვილეში, მე მათ პირადს არ ვკითხულობ და, ვიბრძვი, იმათ ჩემი არ იკითხონ - არც ისე შედეგიანად.
ჩემი პასუხი, არაა, პასუხიც არა, რეაქცია - ქვევით და ვცრლად გამოხატული დაგხვდებათ.
მიმართვის ფორმა ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ხშირად და მონდომებით კითხულობენ ლექციას კაცთმოყვარეობასა ზედა ჩემს ჯიუტ თავზე. 
შევუდგეთ: 
1. მხოლოდ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, ჩემს გარშემო ადამიანების ბევრი პროცენტისთვის საინტერესო რამეები, არ ნიშნავს, რომ არაფერი მაინტერესებს;
2. მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ კონკრეტულ გარემოში, არ ნიშნავს, რომ ამ გარემოს უნდა შევეზილო და მოვერგო აუცილებელ მინიმუმზე მეტად- და კი, ჩემი და თქვენი აუცილებელი მინიმუმი განსხვავდება;

Sunday, January 5, 2014

2013-ზე(მოკლე პოსტი)

კარგა ხანია, ვფიქრობ რომ უნდა დავწერო პოსტი 2013-ზე, ჯერ კიდევ შარშან(უკვე) დავიწყე ამაზე ფიქრი, და მხოლოდ ერთი რამ დავასკვენი: სრულიად მშვიდი წელი იყო (დიდ პოსტს არ დაელოდოთ). ცუდი? არა, არა, ისეთი, როგორიც მჭირდებოდა. აზრზე მოსასვლელად, რაღაცების მოსახარშად, გადასახარშადაც, დამესვენა და ტვინში ხარისხიანი დასუფთავება ჩამეტარებინა.
ასე რომ, დიდი მადლობა 2013-ო,  დასვენების და კომფორტის საშუალება რომ მომეცი, რამდენიმე შესანიშნავი გაკვეთილი ჩამიტარე, ახალი მეგობრები მაჩუქე და ამომასუნთქე( ანუ პრობლემებს ერთბაშად არ მაყრიდი, არჩიე, თანმიმდევრობით მოგეწოდებინა,  კარგი იყო^_^)
კიდევ ერთ მადლობა უნდა გითხრა. გარდა გაკვეთილებისა, მშვენიერი შესაძლებლობებიც გამიშალე და ბეევრი რამ დამანახე, ბევრ საინტერესო რამეს ჩაუყარე საფუძველი და იმედი მაქვს, რაღაცებს განვახორციელებ. ვეცდები, ყოველ შემთხვევაში.
საბოლოოდ, ჩემთვის შენ წარმოიდგინე და კარგი წელი იყავი.
მშვიდობით.


ჰო, მართლა, ყველას გილოცავთ ახალ წელს.

Friday, December 6, 2013

სათაურმოუფიქრებელი ამბავი შუშანიკაზე(ნამთვრალევი პოსტი)


შუშანიკა კაცია.  შუშანიკა კი ჰქვია, მაგრამ მაინც კაცია. თან ქართველია, გვარი ძე-ზე უმთავრდება და, მერწმუნეთ, ასე ძალიან ქართველობით მის გარდა ვერავინ იამაყებს. შუშანიკა რომ დაარქვეს, რა ქნას ახლა, ამის ბრალი ხომ არაა. სცადა კაცმა, რაც შეეძლო და პირველი დღეები გამწარებული ტიროდა, არ დამარქვათ ეგ სახელიო. აბა, პატარას ვის რა გასვლია თავისი, ამ საწყალს ხომ სულ ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და ატირებდა.
ასე თუ ისე (და, სხვათაშორის, არც თუ ცუდად), გაიზარდა ჩვენი შუშანიკა, დაკაცდა, ცხოვრებას მოეწია.  ცოლიც ჰყავს, შვილებიც. აბა, რა გეგონათ? კაცია, შნო აქვს და შეიფერა კიდეც ცხოვრება.  სახლი იყიდა ისეთი, დილით აივანზე რომ გამომზეურდება საცვლების ამარა და ღიპს გამოანიავებს(რა გვჭირს ახლა საიმისო, ორმოცს გადაცილებულ კაცს პატარა ღიპი ვერ ვაპატიოთ) ორი-სამი მეზობლის შურიან მზერას მაინც დაიჭერს. კმაყოფილი ჩაიღიმებს, ხელებს გულზე დაიტყაპუნებს, დილის სუფთა ჰაერზე მოწეულ სიგარეტს რა ჯობიაო-არც გაბოლება გამორჩება და, ცოლის უჩუმრად “ბიჩოკს”(ფუი, ამ ბარბარიზმებისა რა ვთქვი, ნამწვს, კაცო ნამწვს) კუთხეში მიდგმული კოხტა კალათის მაგივრად აივნიდან რომ გადააგდებს, დილისრიტუალშესრულებული შებრუნდება სახლში.

 ოჰ, რომ იცოდეთ ცოლიც როგორი ჰყავს ჩვენ შუშანიკას! ქალი და როგორი! მაღალი, სავსე კი არა, მწიფე შემოდგომასავით მოსული ჯიქნით, გადათქვირული გულითა და ჯიშიანი ფეხებით. და პირისკანი? თეთრყირმიზა და დიდშუბლა ქალია, ჯანმრთელი და ფერხორციანი.
-  აბა, იმ ხორცგაღლეტილ გოგუშკებივით ხომ არ ვიქნებიო,-ამაყად იტყვის ხოლმე თვითონაც და მადიანად გადაისვამს სავსე ტუჩებზე წითელ პომადას.
შუშანიკამაც იცის ცოლის ფასი:
- გემივით ქალია ჩემი რუსუდანიო, ჩემი ოჯახის ქალიო, ოქროს დედა და, ბიჭებო, რა დიასახლისიო_ გაიჯგიმება ხოლმე, მეც მაგარი ვარ, ეგეთი ცოლი რომ მყავსო.
ახლა შვილებს არ იკითხავთ? ოჯახის სიამაყეები, დედ-მამის იმედები. ქეთევანი, დედის კვალზე წასული, მაღალი და თამთამა ქალი, მეორე კურსს ამთავრებს უნივერსიტეტში და, როგორც შუშანიკა წაიწუწუნებს ხოლმე, მაგის თაყვანისმცემლების ალაგმვას ვერ აუდის ამხელა კაცი.
ბიჭი, დავითი, დამათავრებელი კლასის მოსწავლე, დასავით ბრწყინვალედ ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა, სიმართლე ვთქვათ და ხელი უფრო ხშირად მამის მანქანისკენ გაურბის, გული და გონება კი- მეგობრებში გასართობად და მუშტის(ქხმ, კრივში ნავარჯიშევი დიდი ტორის) საქნევად.
-აბაო, კაციაო, ისე გაზარდეთ მე და დედამისმა რო, თავს არავის დააჩაგვრინებსო,- იტყვის ხოლმე შემდგარი მამა და ხელს მუხლზე დაირტყამს, თავის ნათქვამს ბეჭედს დაუსვამს თითქოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერად ცხოვრობს შუშანიკა –ძე, ჰყავს, ოჯახი, მეგობრები, სამსახურიც "მაგარი" კაცის სახელთან ერთად სახრავსაც კარგად აძლევს(როგორც პირდაპირ, ისე –ირიბად) და გაჰყავს დრო ხან ძმაკაცებთან, ხან სამსახურში, ხან ცოლთან და ხანაც არაცოლებთან ერთად.

მაგრამ როდის ყოფილა კაცის ცხოვრება მთლად სრულყოფილი და აუმღვრეველი? იქნებ ვინმესი არის კიდევაც, მაგრამ შუშანიკასი არ გამოდგა. მისი თავის ტკივილი კი ერთ მართლა თავისტკივილიან დილას გამოეცხადა. გამოეცხადა რა, მეზობლად გადმოვიდა აივნის მხრიდან.

Saturday, April 13, 2013

შაბათის timha კიარადა კურიოზი


timha რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ კურიოზია, რომლის შედეგებმაც ჩემ კისერზე(უფრო კონკრეტულად, ზურგსა და ხელებზე) გადაიარა.

ისტორია დაიწყო იქიდან, რომ ერთ დღეს დეიდაჩემმა აჯიკის გაკეთება იდო თავს(კი გამოსდის ისე გემრიელი).
სამწუხაროდ, ამ პარტია როგორც-წესი-გემრიელ აჯიკას სხვა ბედი ელოდა. მას მომზადებისას ბებიაჩემის, დეიდაჩემისა და მზის შეუთანხმებლობისა და გაუგებრობის გამო, დადუღება თუ დამთავრება დააკლდა.  ბოთლებიდან ზოგი მაშინვე განაადგურეს, ზოგი კი "ვოლშებნიმ ობრაზომ" გადარჩა და ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩემს ხელში მოხვდა.
ჩემ ხელში რა, ჭურჭლის ნიჟარაში ჩადგა დეიდაჩემმა და ზარზეიმით გვამცნო, ეს იმ გაფუჭებული აჯიკისაა და ხელი არ ახლოთო.
სად ვიყავი და სად არა, გამოვჩნდი მე, გადავწყვიტე რამდენიმე ტონა დაგროვილი ჭურჭელი გამერეცხა და დედისთვის არ დამეტოვებინა.
რა ვქენი აბა თუ მიხვდებით?
რა თქმა უნდა! ცოტა წაეშმაკება გადავიწყვიტე, ბოთლს დავწვდი, ნელ-ნელა დავიწყე თავსახურის ახდა და ჰაერის გამოდევნა.
რამდენიმე წამში ჩემი გენიალური გეგმა ჩაიშალა :D სამზარეულო კი ტარანტინოს ფილმებიდან ამოღებულ სცენას დაემსგავსა.

timha იქ დამთავრდა, როცა მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ჩემი დასალაგებელი იყო და ხარხარი მოსხიპე :|


ახლა ვზივარ, ხელები, წელი, ზურგი მტკივა და თავს იმ სარგებლის ჩამოთვლით ვიმშვიდებ, რაც ამ ამბავს მოჰყვა(გაწკრიალდა სამზარეულო, გაზქურა, გაირეცხა ჭურჭელი)
და მიუხედავად იმისა, რომ გადასარევ განწყობაზე მომიყვანა ამ ამბავმა, ვხვდები, timha-ები გაცილებით უფრო უწყინარი რამეებიც შეიძლება აღმოჩნდეს და ჯობია სხვა დროს გენიალური იდეები განხორციელებამდე სარედაქციო განყოფილებაში გავუშვა გადასამოწმებლად .

P.S. მანამდე ჩემი Timha ორსაათიანი ნებივრობა იყო აბაზანაში, ახლა კი ისევ დასაბანი კი არა, გასარეცხი ვარ :|