Showing posts with label სიმართლე. Show all posts
Showing posts with label სიმართლე. Show all posts

Saturday, February 20, 2016

Side Effect

მშობლიურ ენზე წერას არაფერი მირჩევნია. თუმცა ეს და კიდევ რამდენიმე პოსტი შეიძლება სხვა ენაზეც შემოგხვდეთ. ალბათ იმიტომ, რომ უცხო ენაზე წერისას შემიძლია, სიტყვებს იმდენი ემოცია არ ჩავაყოლო, რამდენიც ქართულად მომდის ხოლმე. შორიდან და ცივად გადმოვცე ერთ დროს/ახლაც არც ისე ცივი და მარტივი რაღაცები.
P.S. მადლობისაცაა ეს პოსტი. შეიძლება ვერც მიხვდეს, მაგრამ უთქმელი მადლობის სიმძიმეს, უმისამართოდ ამოთქმული გულსმოშვება მირჩევნია.
ჰოდა, მადლობა.



Whenever I talk to you
Whenever there's a little communication in between us-
I turn into my old self.
Into an afraid, shy girl
Who
Hated being herself
Who
didn't know how to be herself
Who
tried to fit- only not to be rejected
And
You were the one I wanted the most.
So 
I tried to fit. fit. fit.
To what?
I still don't know.


But then
I didn't know:
-fitting is impossible
-being someone else is impossible
And 
Fear kills.

Monday, November 23, 2015

აღარ მინდა-ს პოსტი

დავიღალე.

აღარ მინდა, დილა დაიწყოს მაღვიძარით შვიდ საათზე.
აღარ მინდა, რვამდე ვერ ვაიძულო თავს ადგომა.
აღარ მინდა, გამოცარიელებული ტომარასავით ვიდგე კარადასთან და ვფიქრობდე, რა ჩავიცვა.
გაჩერებაზე თავს ვებრძოდე, რომ ტაქსით არ წავიდე.
ან შუაღამისას გამეღვიძოს და ვიხსენებდე, წინა დღეს აი, იქ და იქ ok-ს დავაწექი თუ არა და თუ არ დავაწექი, რას გამოიწვევს მაგ ერთი კლიკის დაკლება.
აღარ მინდა, ფბ-ზე შევდიოდე და მარტო იმას ვამოწმებდე, ანთია თუ არა მწვანე ბურთულა იმ ადამიანის სახელთან, რომელთან ლაპარაკშიც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
რომელსაც თითქმის ისევე ვგრძნობ და განვიცდი, როგორც საკუთარ თავს.
აღარ მინდა, გაუზიარებელი ამბებით ავსება.
აღარ მინდა, თან მყავდეს და თან არ მყავდეს ადამიანი.
აღარ მინდა, დაწოლის და სიჩუმის უსაშველო მოთხოვნილებას ვებრძოდე.
ყურებში ყრუ გუგუნად მედგეს მთელი დღის ხმაური.
ღამე მეღვიძებოდეს და ვითვლიდე, კიდევ რამდენი საათი დამრჩა ძილისთვის.
უმიზეზოდ დამაგდოს მაღალმა სიცხემ და 24 საათში კვალიც არ დარჩეს მისგან.
დღეებს დაღლილი ფიქრების ფონზე მივათრევდე.
მიწევდეს ჩანიშვნა და თვალში მოსახვედრ ადგილას გამოკიდება, რომ წიგნის მაღაზიაში ვარ გასავლელი, ჩემი საყვარელი წიგნის (!) თარგმანის საყიდლად.
სრულიად გადამავიწყდეს, რომ ჩავეწერე დანტისტთან.
ვერ ვნახო ნათლული.
აღარ მახსოვდეს, როდის ვუყურე ფილმს,
ჩემით დავძებნე ახალი ბენდი,
ბენდს ვინ ჩივის, სიმღერა მაინც.
ანდაც დავწერე რამე.
იყოს მომენტები, როცა არ მახსოვს, რაღაც მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე.
მაღიზიანებდეს ყველაფერი გარშემო.
ასე კარგად მქონდეს დამუღამებული კარგად ყოფნის რეჟიმი.
ასე ხარისხინად არ ვიმჩნევდე, რომ  თავს ვგრძნობ დაღლილად.
ვაღიარო, რომ ავად ვარ და ა. შ.



Saturday, April 18, 2015

ნაბიჯია წინ, ჯივზ!

ძნელია გულწრფელად წერა.
კიდევ უფრო ძნელია, როცა შეგიძლია კარგად წერა, როცა იცი, გრძნობ, და ყნოსავ, როგორ უნდა დაწერო ესა თუ ის ფრაზა, რომ ადამიანს გულახდილობა დააჯერო.
ჩემი ძირითადი პრობლემა ეგაა. პოსტის წერა ბრძოლაა- ვიყო ბოლომდე გულწრფელი.
ოღონდ ისე, რომ "ჩემგულწრფელობაშეხებული" პირები ამას ვერ მიხვდნენ, ან ძალიანაც არ გამოჩნდეს სინამდვილეში რაზე ვლაპარაკობ, უბრალოდ დაიჭირონ ემოცია, დაიჭირონ, რასაც განვიცდი და ვფიქრობ.
შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, გამომდის.

შეზღუდვები მაქვს. ხანდახან შემოვალ ხოლმე და ნახევრად ჩამღერებულ პოსტს წავშლი:

Friday, January 23, 2015

უმბერტო ეკოს "ვარდის სახელზე"

წიგნსაც და პოსტსაც უხდება ბახი
ვარდის სახელით გავიცანი.
ისტორიული წიგნიაო და დამტვერილი განწყობით შევუდექი კითხვას- ველოდი, ჰიუგოსებური ფურცლები მექნებოდა დასაძლევი ბევრი. 
გვირაბის ბოლოს გამოკიდულ მბჟუტავ სინათლედ ის ჩანდა, რომ ჩემი მეგობარი სოფო იყო ამ წიგნზე შეყვარებული და რა აზრიც მითხრა მანდედან, ყველას ვეთანხმებოდი.
ჰოდა, შევუდექი დამტვერილ აღმართს.
რამდენიმე გვერდში გვირაბი ხეივნად მექცა, აღმართი დაღმართად და სულ ცოტა ხანში მეც ადსოსავით დავდევდი უილიამს, კითხვებს ვუსვამდი და მონასტრის კედლების საიდუმლოებს ვყნოსავდი. 
რამდენიმე ასეული გვერდი სიამოვნებით ჩავიკითხე და კმაყოფილიც დავრჩი.
აქვე: მთელი ეს დრო კატასტროფული სიჩქარით მეცვლებოდნენ ეჭვმიტანილები და, ჩემდა სამარცხვინოდ, სულ ერთხელ თავში მოსული სწორი აზრი მაშინვე უარვყავი. 
მოკლედ- წასაკითხი წიგნია.
და

მარტო ესეც არ არის.

Sunday, January 11, 2015

შემაჯამებელი პოსტი

გადმომითერთმეტიანვარდა. არამგონია გასაკვირი იყოს, ჩემზე ზარმაცი ბლოგერი ადვილი მოსაძებნი არ იქნება.
წლის შემაჯამებელი და ახლის პროგნოზების პოსტი უნდა გამოვაცხო ახლა, კვირა დილით, ყავით, ხალიჩაზე მოკალათებულმა. გადავეჩვიე ამ პროცესს, წარმატებები მისურვეთ.

წინა წლის "საუნდრეკად" შეიძლება ეს  სიმღერა ჩავთვალოთ - ერთ სხვაობით, სინამდვილეში დაკარგული და ორჯერ მეტი ვიყავი, ინერციით მივდიოდი და ეგ იყო.

კარგი ამბებიც მოხდა, რა თქმა უნდა.
თავიდან კარგი და მერე ცუდი და საბოლოოდ კარგი ამბებიც.
მაგისტრი გავხდი ივლისში.
IT კოლეჯი დავამთავრე აგვისტოში.
ცოტა "დავისვენე" და დაიწყო cv-ების გზავნის, გასაუბრებებზე სიარულის და ტესტების წერის გაუთავებელი პროცესი. აქვე უნდა ვთქვა, რა საოცარი ვაკანსიები დევს, რამდენად ადეკვატურები და ინფორმაციულები არიან ვაკანსიის დადებისას და რა საოცრად მოწესრიგებულია ეგ ამბები ჩვენ ქვეყანაში.

Saturday, June 8, 2013

პირველი გაკვეთილი ადამიანებს

მოდი, ადამიანებო, სანამ დიდობაზე და ჭკვიანობაზე დავდებთ თავს
საწყისი გაკვეთილი გავიაროთ- ეტყობა გააცდინეთ.
არაუშავს, ვის არ მოსვლია.
მოდი, ჯერ ანბანი ვისწავლოთ
ცხოვრების ანბანი, თორემ, ასოები ყველას გამოგყავთ.
მოდი ვისწავლოთ, რა არის სიცოცხლე, ანდაც სიკვდილი,
რაა მართალი, და თუ ცუდია, ტყუილს რაღატომ ეტანება კაცობრიობა.
(ალბათ იმიტომ, რომ პირველი გაკვეთილი გამოტოვეს, მაგრამ განვაგრძოთ)
მოდი, გავიგოთ რატომაა ერთი ძლიერი, მეორე სუსტი?
რატომაა რომ ზოგი სამართლიანად მიგვაჩნია, ზოგი- უსამართლოდ,
რატომაა რომ განსხვავებული არ მოგვწონს-ჩავკლათ,კაცო, ჩვენ ხომ ბევრნი ვართ!
მოდი ვიკითხოთ, რა არის შიში? ვინაა მამაცი?
ვინ იმარჯვებს, ის ვინც პრიზს ჩაიხუტებს თუ ის ვინც დათმობს, როცა დაინახავს-მეორეს გამარჯვება სიცოცხლედ უღირს?
მოდი ვიკითხოთ, ვინაა ძლიერი, ის ვინც შურს იძიებს და "ხმამაღლა" იბრძვის, თუ ის, ვინც მოუთმენს და მიუტევებს?
ის ვინც ყვირის, თუ ვისაც გაჩუმება შეუძლია?
თუ იქნებ სულაც ის ვინც ვინც ბოდიშს გიხდით და გპატიობთ?
ის ვინც კედელს ანგრევს, თუ ის ვინც გაჩვენებს, რომელი კედელი გაანგრიო?
თუმცა თქვენ რომ გკითხოთ, ვინც საწყისი გაკვეთილი გამოტოვეთ-ალბათ პირველი.
(იმედი მაქვს გამოსწორება არ დამაგვიანდა-სწორი პასუხია ორივე ერთნაირად.)
მოდი ვიკითხოთ, რაა რეალობა და რა ილუზია
რისი გვჯეროდეს, თუ ჯობია, სულაც არაფრის.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აი რას ვიტყვი.
პირველი გაკვეთილი ყველაზე მოკლეა, მასში ანბანი არ წერია, არც გამრავლების ტაბულაა და არც მორალის  ხარისხის გამოსათვლელი ვეება ცხრილები.

აი, რა წერია პირველ გაკვეთილში:
ფაქტი რომელსაც ვერსად წაუხვალთ-თქვენ დაიბადეთ.
თქვენ ყველანი თანაბარნი ხართ, სითანაბრის ყველაზე ფართო გაგებით.
ყველა ერთნაირად ძლიერია და ერთნაირად სუსტი.
სიმართლემ და ტყუილმა შეიძლება ადგილები გაცვალონ-ერთი ფასი აქვთ-ყველამ შეაფასეთ თქვენთვის.
თქვენ სუბიექტურები იქნებით- რადგან სამყაროს მხოლოდ თქვენი თავის გავლით უყურებთ.
ნურასოდეს მოძებნით ცხოვრების საწყისი სიტყვების განმარტებას-თქვენ თვითონ იგრძნობთ, როდის ტყუით, როდის არა, როდის გეშინიათ, როდის არა, როდის იბრძოლოთ და როდის დათმოთ-მთავარია გახსოვდეთ, რომ არაფრით ხართ სხვაზე მეტი. არც ნაკლები.
უბრალოდ- იფიქრეთ.
დანარჩენი... ცხოვრებია თქვენია, როგორც თქვენ გსურთ, ისე გაიარეთ.
ბოლოს: კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ვერსად წაუხვალთ- მოკვდებით.

დანართი(მას მერე ჩაამატეს, რაც თქვენ გააცდინეთ)
მათ, ვინც პირველი გაკვეთილი გააცდინეს, ამას ვერ გაიგებენ.
მათზე იმოქმედებს კონკურენცია, ჯუნგლების კანონი(ესე დაარქმევენ თვითონ) და დიდი რიცხვების კანონი(განმარტება აუცილებლად ეწერება მათ რომელიმე სახლემძღვანელოში)
და ბოლოს, მასებს მხოლოდ მარტივი რაიმეს აღქმა შეუძლიათ და სწორხაზოვანი რაციონალობა ახასიათებთ(მასებისთვის: სუბიექტურები იქნებით და ობიექტურობას ეცდებით. მოკლედ-წყლის ნაყვა)
გარდაუვალი ფაქტები მათთვისაც იგივე რჩება.


ადამიანობას გისურვებთ.