Sunday, November 11, 2012

სიცხიანზე

შუბლი-ცხელი, ცხელი
თვალები- ქუთუთოებშეწითლებული.
მისუსტებულია, მაღალი სიცხე აქვს.
თავი ბალიშზე მიუდია და არეულად იყურება.
პატარა ბიჭს ჰგავს. უმწეოდ სუსტს. სადღაც ძალიან შიგნით სევდიანად გეტკინება, ისე მოგინდება, მიხვიდე, გულში ჩაიკრა და აღარ გაუშვა არაფრის გულისთვის, აღარასდროს.
ცხელია. ხურვებას ასხივებს, ხელებზეც კი ეტყობა. მშვიდად, გაუნძრევლად დაუსვენებია ორივე ხელი საბანზე. მოშვებულად, დუნედ. ასე ახლობელი ხელები, დახვეწილი, ძლიერი. თბილი და ნოტიო ხელისგულით.
წევს და ხან გაბუტული ბავშვივით იყურება, ხან კი ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაც ეშმაკობა ჩაუფიქრებიაო. ლოყები სიცხისგან ოდნავ შეფერილი აქვს, პირი- ნახევრად ღია. წვერი, ალბათ ორი დღის გაუპარსავი. ნისლივით მაწვება უნიათობანარევი სურვილი, ახლოს მივიდე, დავუკოცნო გახურებული საფეთქლები, თვალები, შუბლი. ტუჩები უკვე გრძნობენ ცხელ შეხებას, აჩქარებულ პულსს, ცხვირი- მის სუნს, სიცხენარევს, მათრობელას.
ცხელია, იწვის.
ცოტა თავბრუ ეხვევა, სუსტადაა, თავიც სტკივა- დროდადრო შუბლს იჭმუხნის- პატარა გაბრაზებული ბიჭივით, თან კაცურად, გაძლებით_ არ წუწუნებს.

ცხელია, რა ძალიან ცხელი...


.....
ჯანმრთელადაა, რა თქმა უნდა.
ამას მე ვხედავდი ხოლმე როცა მე ვიწექი სიცხიანი და მონატრება დავიწყების ყუთიდან რომ  ამომეპარა.
მინდოდა, დამერეკა და მეთქვა, გაფრთხილებულიყო, მაგრამ ვიცოდი, გაეცინებოდა და ვერ დავრეკე.
ერთ კვირაში(ან დაახლოებით) ავად გახდა.

მე კი, უბრალოდ გამოვკეთდი და მონატრება სკივრში დავაბრუნე.



Sunday, November 4, 2012

გაზრდისა

ვიზრდებით.
სისულელეა დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თავისუფლება.
ის, რომ დიდი გოგოები და ბიჭები ვხდებით, რომ საფიქრალები გართულდა,
რომ შეგვიძლია რამე გადავწყვიტოთ, არ გადავწყვიტოთ, გადავიფიქროთ, გადმოვიფიქროთ, გავაკეთოთ, არ გავაკეთოთ.

უბრალოდ, დრო გადის.
აღარ გვრჩება ადგილი, ვიფიქროთ ბავშვებივით.
სუფთებად დავრჩეთ.

აღარ გვრჩება ადგილი ბუნებისთვის, ზაფხულისთვის, შემოდგომისთვის, გაღიმებისთვის, მშობლისთვის, გულისთვის.

ახლა საათებია გათვლილი.
ახლა აღარ ვაძლევთ თავს უფლებას "ვერ" გავიღვიძოთ დილით,
"აგვიტკივდეს" მუცელი;
ვერ მოვწყდეთ წიგნს;
დავსველდეთ წვიმაში;
გავატაროთ საათები შემოდგომის მზეზე ფისოებივით მიფიცხებულებმა;

გამოვტოვებთ, როგორ გასცვივდება ფოთლები "ჩვენ" ხეს;
დაგვავიწყდება, როგორი შუქია სოფელში შუშაბანდში დილაობით;
ვეღარ გავიხსენებთ, როგორი სუნი ასდის თივას;
როგორი გემო აქვს მოჭდეულის წყაროს წყალს;
ვეღარ გავიგებთ, რას გვეჩურჩულება ტყე;

აღარ ვიბოდიალებთ ძველ თბილისში;
აღარც ნეკერჩხლის ფოთლებს გავფანტავთ პატარა პარკთან;
აღარ დავალაგებთ წიგნებს საათობით;

ვეღარ მოვისმენთ ბებოს ისტორიებს;
დაღმეჭილი ანტონოვკის გემოც დაგვავიწყდება;

გაგვეპარება პირველი თოვლი;
ვერ გავიგებთ, რომელი ხე აყვავდა ეზოში პირველად;

ჩაგვიჩუმდება პიანინო;
ჩაიფუშება ბურთი;
შემთხვევით შევხვდებით საუკეთესო მეგობარს და გამამართლებელი მიზეზების ძებნას დავიწყებთ;


მაშინ ვკარგავთ ბავშვობას. მაშინ ვიზრდებით და
ვხდებით "დიდები", "დატვირთულები", "საქმიანები".


..
თქვენი არ ვიცი, მე კი ჯერ ისევ ბავშვი ვარ, ცოტათი შეშინებული ბავშვი.
 ყველაზე ძალიან კი მჭირდება, რომ ვინმე პაპაჩემისნაირი მშვიდი და ნამდვილი მოვიდეს, ჩამეხუტოს, თავზე გადამისვას ხელი. ნელა მაკოცოს შუბლში და მითხრას, რომ მე კარგი და ჭკვიანი გოგო ვარ და რომ ყველაფერი, ყვეელაფერი კარგად იქნება.
მე კი გულში ჩავეკრა და ღრმად ჩავისუნთქო- ყველაფერი თავის ადგილზეა.