Sunday, April 10, 2011

პროცესი_დამეგობრების

როცა გავიცანი, არაფერი.
უბრალოდ, ჩემი სახელი ერქვა. ან შეიძლება, მე მერქვა იმის სახელი.
მოკლედ, სეხნიები აღმოვჩნდით.
არც უცებ დავმეგობრებულვართ და არც გადამკვდარი "დაქალობა" დაგვიბრალებია ერთმანეთისთვის.
ჯგუფელები ვიყავით და გამარჯობის თქმა არ დაგვზარებია არასდროს. ყოველდღე კოცნა_მოკითხვის ამბები სხვებთან მეზარებოდა და, რომ მივხვდი, არც ის იყო მოხიბლული, არ შემიწუხებია.
სხვათა შორის, არც იმას.
   ერთ დღეს, ლექციაზე, მშვიდად მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
_კარგი დღეა დღეს,_ფანჯარასთან ვისხედით.
_ჰო, დავეთანხმე.
მართლაც კარგი დღე იყო, უქარო, ცოტა ღრუბლიანი.
მეორე დღეს მე დავჯექი მის გვერდით.
მერე ჩემს მეგობრებთან ერთად წავიყვანე სასეირნოდ.
იმდღეს სამსაათიანი ხეტიალი და მეგობრების მოსმენა არ მომბეზრებია.
იმას არ ვიცი.
მერე ერთმანეთს მივეჩვიეთ.
ჯერ ერთმანეთის დუმილი გავიცანით.
მერე _ იშვიათი რეპლიკები.
ამას ერთმანეთის წიგნები და ინტერესები მოჰყვა.
მერე ჩვენი შეხედულებები შეხვდნენ ერთმანეთს და გაიხსნა მსჯელობა-კამათის სეზონი.
  ერთხელაც პიანინოს მივუჯექი და მისთვის დავუკარი. ისეთი არაფერი, ერთი პაწაწკინტელა ვალსი. თითქმის ყველას რომ მოუსმენია, ერთ-ერთი ფილმიდანა და იმიტომ.
 რომ დავამთავრე, კიდევ დაუკარიო, მთხოვა. ერთხელ კი არა ოღონდ, სამჯერ.
სამჯერვე გავიმეორე.
პირველი შემთხვევა იყო, როცა თავისუფლად ვუკრავდი სხვისი თანდასწრებით და ერთხელაც არ  მომიხდია უგერგილო შესრულებისთვის ბოდიში.
ხუთიოდე დღეში მის ჩანაწერებს ვკითხულობდი და მის მომზადებულ ჩაის ვწრუპავდი.
კარგი ჩანაწერები ჰქონდა, თავისნაირი და მყუდრო.
ერთ ლექციაზეც ჩვეულებრივ ფანჯარასთან დავსხედით ერთად.
_არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეჩვევი,-არ შემოუხედავს, ისე თქვა.
_არც მე._არ მე მომდომებია ძალიან მისკენ გახედვა, თუმცა ვიცი,  უკვე მიყურებდა.
 სკამის გახრიალების ხმაზე მოვბრუნდი.
ალბათ ჩუმად უნდოდა ადგომა, მაგრამ მაგიდას წამოედო. როგორც ყოველთვის.
_გვიანია,_ვთქვი და ისევ გვერდზე გავიხედე.
ჩუმად იყო ჯერ. მერე ორი რამ გავიგონე: _ჰო, - და სკამის ხრიალი. დაჯდა.

რამდენიმე საათის მერე "ჩვენს" კაფეში ვისხედით ორივე და დოსტოევსკის ვარჩევდით.
ჩვენ სეხნიები  ვართ.
მეგობრებიც.

No comments:

Post a Comment