Monday, July 17, 2017

დაღლილი, გაბრაზებული, სუბიექტური და მოპოლიტიკურო პოსტი



ძალიან დავიღალე. წამლეკა ამდენმა უაზრობამ.
გარდა იმისა, რომ საკუთარი საშრომ-საკეთებელი მაქვს საძებარი, საშენებელი, მოსავლელი, სასწავლი, ჩასაბარებელი და ნამდვილად იმაზე სამუშაო, რაც მეც წამადგება, ქვეყანასაც და მთელ კოსმოპოლიტ სამყაროსაც,  ამოვივსე, ცერცვი დამიგროვდა კედელს სახლელი- უნდა გამოვდგე საქვეყნოდ და მეც გამოვეხმაურო იმ საერთო მარაზმს, რაც ხდება. ისევ იგივე უნდა ვიმეორო, რაც წლების წინ ვთქვი, რანაირადაც თვითონ ვცდილობ ცხოვრებას, თუმცა, მეც მაქვს ნაკლი - გამოსვლა და ამოთქმა მომინდება ხოლმე ყველაფრის.
აქვე: ბოდიში, თუ დავარღვევ ზრდილ ტონსა და უხეში გამონათქვამებიც შეგხვდებათ.
სრულყოფილებაზე, მოგეხსენებათ, თავს არ ვდებ და ეს ადგილი ჩემი კუთვნილი ტერიტორიაა მთლიანად.
აქვე 2: ვისაც არ მოგეწონებათ, დროს ნუ დაკარგავთ, გვერდის გამორთვა უადვილესია, თქვენც გადარჩებით ნეგატივის ფრქვევას, მეც და ქვეყნიერებაც.  თუ მაინცდამაინც გეფრქვევინებათ და მიზეზთა გამო აგრესიისაგან დაცლა გესაჭიროებათ, მე ნამდვილად მესმის თქვენი და მოგისმენთ, გაგვიზიარეთ.

უსაქმური კაცი &*^*&%^&* მახათს იყრიდაო- ქართველებს ტვინი ტვინად აღარ გვაქვს და კარგი მახათიც მოგვაჩეჩეს -პოლიტიკის, ვაი-პატრიოტიზმის, დამოუკიდებლად ფიქრის უარყოფის ნარევის სახით.
ამ ყველაფერს კი საფუძვლად ჩვენი ეროვნული, უსაზღვრო და უმაღლეს ხარისხში აყვანილი სიზარმაცე უდევს.
ამიტომ - ღირსები ვართ.


რომ მოვა შენს ქვეყანაში ვიღაც ხრიოკზე გაზრდილი ირანელი, მიწებს დაამუშავებს, მოუვლის, სეტყვისგან დამცავ რაღაც მექანიზმს მოიფიქრებს, შენ, ღიპიფხანია ლოთი ღრუზინი  რომ შეაშტერდები ზეთიანი თვალებით( ამ დროს საკუთარ ეზოში მიყრილი აგურებიც  ვერ აგიკოკოლავებია ერთმანეთზე, შესახედი მაინც რომ იყოს რამით) კი არ მიბაძავ, კი არ ისწავლი იმისგან, კი არ აღიარებ საკუთარ შავს და გამოსწორებას კი არ დაიწყებ-  მიაგინებ ირანელ დედას და შეეცდები ავნო. ამიტომაც ღირსი ხარ.
შენ, ცოლი რომ საბერნეთში, თურქეთში, იმას იქით რომ გაუშვი, სოფელში სახლი დაკეტე, ჩამოხვედი თბილისში, გაქალაქელდი, ვერაფერს აკეთებ აქ და აზიხარ შენი ქალის ვინ იცის როგორ ნაოფლარ შემოსავალს, ღიპს(კარგ შემთხვევაში) იფხან, ყველა რაციონალურ ადამიანს ვაილიბერალობას აბრალებ( ნეტაი, მაგ ორი სიტყვის წესიერი განმარტება იცოდე), რა თქმა უნდა, დედის წაღმა-უკუღმა ტრიალით, ღირსი ხარ, ინდოელმა/არაბმა თუ ვინც, საუკეთესო ახალგაზრდა გოგოები გიბახოს.
შენ, რომელიც ნულოვანი შემოსავლით მოკლევადიან კრედიტებს იღებ, სასმელსა და სათამაშო აპარატებში, ხან კი ზუსტად მაგ უცხოელების დაწესებულებებში თავმომწონედ ხარჯავ, მერე კი "ძმა-ბიჭებში" ხუთ-ხუთ ლარობით მათხოვრობ, ღირსი ხარ, რაც გჭირს.
სხვათაშორის, ის "ძმაკაცები" დებს, შეყვარებულებს, კლასელ, ჯგუფელ გოგოებს ემათხოვრებიან და არასდროს კითხულობენ, საიდან მოდის ფული (მამიკომ მისცა ალბათ, ან მუშაობს -500ლარიან (!) სამსახურში და "აქვს").
ბევრი გინახავს ირანელი და აზიელი ქუჩაში სათამაშო აპარატთან მიმდგარი? ბირჟის გამმაგრებელი? გინახავს უსაქმური ჩინელი?  და ქართველი რამდენი? ჰო. თავმომწონე ქართველი ვაჟკაცი ტოტალიზატორის წინ ვალში ჩაფსმული? ჰო. ამიტომაც ხარ ღირსი.

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო, ქართველმა ერმა გითხრა, ღმერთმა უწყის, ჯერ კიდევ როდის. მიაგდე, არ მიხედე, არ მოუარე, გაძარცვე, რაც ჰქონდა ისიც გაიტანე, გინდა ხელისუფლებაში ჯდომით, გინდა მაღაზიის გაძარცვით, გინდა ტყუილმოწმეობით, საერთოდ ტყუილით, გადასახადის დამალვით, ტურისტისთვის გაასმაგებული საფასურის გადახდევინებით, ნაგვის ქუჩაში/ტყეში/პარკში დაყრით თუ რითაც გაგიხარდება, ჩემზე უკეთ ეგ თქვენ იცით და ახლა გიკვირს? ბრაზდები? აპროტესტებ? ქუჩაში გამოდიხარ? ყოჩაღ, გაქებ და მეამაყები!
ა, საბჭოთა კავშირის ბრალია? იმანდ დაგიმახინჯა აზროვნება, იმან გასწავლა სახელმწიფოს წველა, ტყუილი, გაიძვერობა? შენი ბრალი არ არის? დედა შემოგევლოს, ცაცკალო და საცოდავო მსხვერპლო :/
ეგ თუ იცი, გამოსწორება რომ შენი ვალდებულებაა? მაგას ივიწყებ? პატრიოტო, საკუთარი ქვეყანა რომ არ უნდა ძარცვო, ეგ ნაწილი გავიწყდება?
ჰო, ადვილია მსხვეპრლის როლის მორგება(ნიჭი გვაქვს მაგის), სხვისი დადანაშაულება და "ყველა აკეთებს და მე რატომ არ გავაკეთო" პრინციპით ცხოვრება. ჰოდა, ღირსი ხარ იმ ლაფის, რაც გაქვს.
საზღვარი გადმოწიესო და მოლაპარაკებები აღარ უნდა აწარმოო არავისთან? აპროტესტო და აგრესია აფრქვიო მხოლოდ? ყველა, ვისაც რუს- დასცდება პირიდან, მტრად მოიკიდო და თავი სილაში წაყო? შენ რა, გაიძვერობამ და საბჭოთა კავშირმა არ გასწავლა, რომ უაზრო შეხლით მხოლოდ თავს გაიტეხ და რამდენიმე ერთმანეთთან კარგად შეთანხმებული სტრატეგია უნდა გქონდეს? არა? მგონი შენ იქაც არ ვარგოდი, ან დედაშენი და მამაშენი არ ვარგოდნენ - უხარისხო, გამოუსადეგარ მურთხად გაუზრდიხარ. ჰოდა, ღირსი ხარ, საზღვარი გადმოგიწიონ.

გინდა ისიც გითხრა, რატომაა ასე?
შრომა გეზარება და იმიტომ, სწავლა გეზარება და იმიტომ, საკუთარი ნაკლის აღიარება გკლავს და იმიტომ, დიპლომატია ჩმორობა გგონია და იმიტომ, ოსს უნდა ეჩხუბო, აფხაზს უნდა ეჩხუბო, რუსეთს უნდა უყვირო,  აგრესია გგონია ერთადერთი იარაღი და იმიტომ.
ცოტაა? არ გეყო? კიდევ დაგიმატო?
გამოდიხარ, ჰომოსექსუალიზმს ებრძვი (ვახ, ბოდიში, აგინებ, ბრძოლა შენ არ იცი, რა არის). და თუ მაინც გერჩის ეს პროტესტი და გარეთ გამოსვლა, იმის მაგივრად, რომ საბანკო სფეროს რეგულირება მოითხოვო, უკანონო მშნებელობები გააპროტესტო, სამართლიანი სასამართლო გინდოდეს, განათლების ამ კოჭლ და საზიანო სისტემაში ცვლილებების შეტანა გინდოდეს, რამე მათლა აუცილებელი და საჭირბოროტო გადარდებდეს, გამოდიხარ და ჰომოსექსუალს ებრძვი, რომელთა უმეტესობა შენზე განათლებულია და შენზე მეტს მუშაობს?
იმიტომ, რომ შენ შენი თანამემამულე ქალების აზრი და შინაარსი საქალწულე აპკამდე დაიყვანე, იმიტომ რომ კაცის მხრიდან ქალის მკვლელობა გაამართლე, იმიტომ რომ გოგო ჩნდებაო და ნაყოფი მოაშორებინე, და არა იმიტომ, რომ ყველა შენ გერჩის და შენი მიგდებული მიწა უნდა.
შენ თვითონ ჩეხ, ანადგურებ, წვავ, ანაგვიანებ, ყიდი, ომს აცხადებ, სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთს არქმევ, შენს ქალს ვირულად სამუშაოდ უშვებ, გინდ სხვაგან, გინდ საქართველოშივე და მერე ქუჩაში გამოდიხარ, ქართველობას მართმევენო?
ეგეც არ გყოფნის, ვინც სწავლობს, ცდილობს, ადამიანურად აზროვნებს, გამოსდის თუ არა, მართალია თუ არა, მოქმედებს, ეშლება, ასწორებს, აშავებს თუ ათეთრებს, ცდილობს ეს ოხერი, იმ ახალგაზრდებსაც შენს ლაფში ითრევ. უშლი, არ ახარებ, ასოროსისტებ, "ადებილებ", აბოზებ, ოღონდაც ვინმემ სარკე არ დაგიდას წინ და შენი თავი არ დაგანახოს,  ბოლომდე ჩაკლავ ყველას და ყველაფერს.

რაც ჩემთვისაა ძვირფასი, იმას რომ არ ანადგურებდე, ჩემსა და მოაზროვნე, შემწყნარებელი და ადამიანი ქართველების თავისუფლებასა და ნებას რომ არ ზღუდავდე, შემეცოდებოდი. საცოდავი ხარ, რადგან მთლად შენი ბრალიც არაა. ბავშვი რომ იყავი, მამიკომ და მისმა ძმაკაცებმა 'ბოზი", "დედამოტა", "პასპორტის ჩვენება" და "დას ყურადღება(!) მიაქციე" გასწავლეს, დედა დაეხმარა, ბაბუმ კანფეტი გაჩუქა და "აუუ, ესა ყოფილა კაეო" გაგიხარდა, გაგიჯდა გვერდებში. ბოზთან წაგიყვანეს და ცოლს არ "აკადრო ხიხიებიო" გითხრეს და მოგეწონა, ქალის შეცნობაზე ადვილი მეძავთან თავის მოტყუება აღმოჩნდა. "დედა შემოევლოს, დამიავადმყოფდება ამდენი კითხვისგანო"- ეზოში გაგაგდეს, "ქუჩის აკადემიაში" და არ იცი ფიქრი. "ერთი დიპლომი აიღოს ამ გოგომ, წესიერად გავათხოვოო, თქვა შენზე დედაშენმა, დაუკრეს მამიდებმა კვერი და პირსახოცები ჩაგილაგეს მზითევში" -  გამოხვედი ნაცემ ნაბერტყ-ნახმარ ავადმყოფი ქალი, ღმერთმა უწყის, სად, რას და როგორ რომ შოულობ, "ოჯახის უფროსს" შვილებიან საყვარლებიანად ინახავ და სხვა თუნდაც ოდნავ თავისუფალი (არც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი, ისე) ქალი ბოზი და უნამუსო გგონია ეგრევე. იცი სიმართლე და იმიტომ უტევ, საკუთარ თავს რომ არ გაუმხილო, რა დღეშიც ხარ. ვიცი, განა არ ვიცი.
მაგრამ აღარ მეცოდები.
აღარ მჯერა, რომ არსებობს სხვა გზა, აღარ მჯერა, რომ არის შენი საშველი.

ქართველობა (ისე, ესეც კი ძალიან უკუღმა გესმის და თან მეცინება, კედელს ცერცვს ვაყრი, რომ გეუბნები) სხვამ კი არ წაგართვა, შენ თვითონ წაართვი შენ თავს, როცა საკუთარ ქვეყანას მოპარე, დაუმალე, გადაგიხადეს და ქვეყნის მტრის მხარდასაჭერ აქციაზე გახვედი, ფულს დაგპირდნენ და არჩევნები გააყალბე, არ ისწავლე, არ იშრომე, ერთი ადგილი იფხანე, მცოდნე სახით პოლიტიკაზე იმსჯელე, ფიქრი დაივიწყე- რთულია კაცო, თავს ატკიებს. ვაჟა დაივიწყე, გოდერძი ჩოხელი არ წაიკითხე, ოთარ ჭილაძემ თვალები დაგიღალა, ტოლსტოი მტრისაა, ილია დრომოჭმულია, და საერთოდაც, რა წიგნებით გელაპარაკები რა, წიგნებია მარტო ამ ქვეყანაზე? ოჯახს არ უნდა რჩენა? ბავშვებს არ უნდა "დაზდა"? 40 წლის ბიჭს, არ უნდა შეუწვა დედამ კვერცხი და დაურეცხო წინდები?
შენ თვითონ დაივიწყე და დაამახინჯე შენი ენა, ბარბარიზმებს რა უშავს და ზოგის ნაუბარს ვერ გაიგებ, საკუთარ თავზე გელაპარაკება, შენზე თუ ვიღაც მესამეზე. ადგილის ზმნიზედა და კუთვნილების ზმნის მესამე პირი შენთვის ერთი და იგივეა...კაი, გაგირთულე, "ცოდო " ხარ. (აქვს და არა "აქ", გაქვს და არა "გაქ" და სხვა მრავალი) - სხვაა დამნაშავე?
გეუბნები, ზუსტად იმის ღირსი ხარ, რაც გაქვს.

ქუჩაში გამოსვლა, მხოლოდ საზღვართან დგომა, აქციებზე უაზროდ გინება და საკუთარი ეროვნული კომპლექსების საჯაროდ გამოფენა არ მგონია გამოსავალი.

მე მხოლოდ ერთისა მჯერა ჯერ კიდევ. იმათ, ვისაც  რამე გვესმის, უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, სწავლა იქნება, კანონების წერა, ბანკში/სკოლაში/მერიაში მუშაობა, ჩვენი საქმე  წესიერად ვასრულოთ. ბრძოლა ანგრევს, პროტესტი ადვილია, სხვის საბელს გაყოლა სულაც არაფერს მოითხოვს. აი, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, ფიქრი და რეალური შრომა -ურთულესია და გამოსავალიც ეგ მგონია.

მადლობა მოსმენისათვის.

ფიქრს გისურვებთ. 

No comments:

Post a Comment