Sunday, March 10, 2013

სარკის მე-ს


ჯობია მოკვდე,
როცა 21-ის ფრთებშეკვეცილ ჩიტს ემსგავსები
გალიასაც რომ არავინ გაღირსებს, ისეთს.

ჯობია მოკვდე,
როცა შენ სიცოცხლეს ლოდინი ჰქვია
მოუსვლელის, აუხდენელის და ეს შენც იცი.

ჯობია მოკვდე,
როცა გავსებს სიცარიელე,
ძარღვებში სისხლად სევდა დაგიდის
ფილტვები იმედგაცრუებით გასუნთქებს და
ცრემლებად უმარილო ოცნება გცვივა.

ჯობია მოკვდე,
რადგან დილაობით დაღლილობას იცვამ,
თმას ტკივილად ივარცხნი
და ღამღამობით მარტოობას საბნად იფარებ.

ჯობია მოკვდე,
იმიტომ, რომ აზრი აღარ გაქვს,
გული სევდის ტუმბოდ, თავი კი მტვერმოდებულ სათავსოდ გექცა-
დავიწყებული და გამოუსადეგარი წიგნების.

ჯობია მოკვდე.
იმიტომ რომ გამოყენება ვერ გიპოვეს,
მიგდებული ცალი ჩექმა ხარ,
თვალმოვარდნილი ცალი საყურე.

ჯობია მოკვდე.
იმიტომ რომ არ ხარ ამ ქვეყნის,
არც ამ დროის,
არც ამ ხალხის,
არც საამათო.

ჯობია მოკვდე.
და მაცალო, მშვიდად გადავიქცე: ამ დროისად
                            ამ ადგილისად  
                            ამ ქვეყნისად
ძარღვებში შეჯიბრმა დამიწყოს დენა,
იმედის უაზრობა და უღმერთობის ღმერთობა ვიწამო ისე,
როგორც შემეფერება, შენმკვდარს და საამათოდ.