Monday, November 23, 2015

აღარ მინდა-ს პოსტი

დავიღალე.

აღარ მინდა, დილა დაიწყოს მაღვიძარით შვიდ საათზე.
აღარ მინდა, რვამდე ვერ ვაიძულო თავს ადგომა.
აღარ მინდა, გამოცარიელებული ტომარასავით ვიდგე კარადასთან და ვფიქრობდე, რა ჩავიცვა.
გაჩერებაზე თავს ვებრძოდე, რომ ტაქსით არ წავიდე.
ან შუაღამისას გამეღვიძოს და ვიხსენებდე, წინა დღეს აი, იქ და იქ ok-ს დავაწექი თუ არა და თუ არ დავაწექი, რას გამოიწვევს მაგ ერთი კლიკის დაკლება.
აღარ მინდა, ფბ-ზე შევდიოდე და მარტო იმას ვამოწმებდე, ანთია თუ არა მწვანე ბურთულა იმ ადამიანის სახელთან, რომელთან ლაპარაკშიც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
რომელსაც თითქმის ისევე ვგრძნობ და განვიცდი, როგორც საკუთარ თავს.
აღარ მინდა, გაუზიარებელი ამბებით ავსება.
აღარ მინდა, თან მყავდეს და თან არ მყავდეს ადამიანი.
აღარ მინდა, დაწოლის და სიჩუმის უსაშველო მოთხოვნილებას ვებრძოდე.
ყურებში ყრუ გუგუნად მედგეს მთელი დღის ხმაური.
ღამე მეღვიძებოდეს და ვითვლიდე, კიდევ რამდენი საათი დამრჩა ძილისთვის.
უმიზეზოდ დამაგდოს მაღალმა სიცხემ და 24 საათში კვალიც არ დარჩეს მისგან.
დღეებს დაღლილი ფიქრების ფონზე მივათრევდე.
მიწევდეს ჩანიშვნა და თვალში მოსახვედრ ადგილას გამოკიდება, რომ წიგნის მაღაზიაში ვარ გასავლელი, ჩემი საყვარელი წიგნის (!) თარგმანის საყიდლად.
სრულიად გადამავიწყდეს, რომ ჩავეწერე დანტისტთან.
ვერ ვნახო ნათლული.
აღარ მახსოვდეს, როდის ვუყურე ფილმს,
ჩემით დავძებნე ახალი ბენდი,
ბენდს ვინ ჩივის, სიმღერა მაინც.
ანდაც დავწერე რამე.
იყოს მომენტები, როცა არ მახსოვს, რაღაც მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე.
მაღიზიანებდეს ყველაფერი გარშემო.
ასე კარგად მქონდეს დამუღამებული კარგად ყოფნის რეჟიმი.
ასე ხარისხინად არ ვიმჩნევდე, რომ  თავს ვგრძნობ დაღლილად.
ვაღიარო, რომ ავად ვარ და ა. შ.





ეს პოსტიც რაღაცმხრივ ბრძოლაა - მივცე თავს უფლება, უბრალოდ ვიწუწუნო,  არ ვიყო არსებობისთვის და "რაც მაქვს ზოგს ისიც არ აქვს" და "ყველაფერი კარგადაა"-სთვის "ფორევერ" მადლობელი,
არ გამოვაცხო "მე შევძლებ"  ტიპის პოსტი.
ეგ ისედაც ვიცი.
მაგრამ ეხლა დაღლილი ვარ.
ეხლა მგონი ავადაც ვარ და
ეხლა ლამის ყველაფერი მძულს.


დამღალა საათის ყურებამ, ყველაფრის წუთებში გათვლამ.

ამდენი საათი ძილს, ამდენი საათი იმას, ამდენი საათი ამას.
ურთიერთობას დაუთმე ამდენი და ამდენი დრო, მხოლოდ ამა და ამ გარემოში, მხოლოდ ასეთ და ასეთ პირობებში და სანამ დაუთმობ, გათვალე ეს, ეს და ეს. ა ჰო კიდევ ის, ის და ისიც.

მერე ცივა ხალხო.
მერე ფერები იკარგება.
მერე სულ ერთია,
გემო აღარ აქვს,
მერე მაინც ვერ შეირგებ,
მაინც მარტო იქნები და მაინც დაღლილი
დაღლილი
დაღლილი
იმიტომ რომ სადღაც რაღაც პაწაწუნა გადაწყვეტილებას ასცდი და მთელი ცხოვრების ტალღამ შენი ნავი დაიტანა, პროფესია, ურთიერთობა, საზოგადოება და ყველაფერი რაც საყრდენად უნდა გექცია, ტვირთად დაგაწვა, ქვეშ მოგიქცია.
და შენც მიათრევ.
იტან ადამიანებს, ვისთანაც არ უნდა იყო,
გარემოს, სადაც არ უნდა იყო
საქმეს, რასაც შეიძლება, არც უნდა აკეთებდე,
უძილობას, რომელსაც ძილს ეძახი,
ნაცრისფერს, რომელსაც უმალ ცისარტყელობას დააბრალებ, ვიდრე აღიარებ, რომ ნაცრისფერია.

და მარტო სადღაც რაღაც გამონათებები გიხარია:
-გადაღლილი საღამო მეგობრებთან,
-რამდენიმე თვეში ერთი მოდუნებული წამი
-ხარისხიანად დაძინებული ერთი საათი
-შემჩნეული ცვლილება ჩვეულ ხედში ფანჯრიდან
-უცებ ისევ გემრიელი ერთი ყლუპი ყავა
-დილის ცივი ჰაერი
-ან რამე მსგავი, უკვე უჩვეულო და იშვიათი შენს არსებობაში.

დავიღალე.

თუმცა მერე რა.
ეხლა მაინც ავდგები, მოვიფიქრებ ხვალ რას ჩავიცვამ, ვეცდები კიდევ ერთხელ დავარწმუნო თავი, რომ კარგად ვარ და დავგეგმავ, რომელ საათზე დავიძინებ.

ა, ჰო, დილის შვიდსაათიან მაღვიძარაში ორშაბათის დაბრუნება არ უნდა დამავიწყდეს.









2 comments:

  1. უხ... რა სევდიანია, ასე არ გამოვა ჩემო კარგო

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩემდაუნებურად გამოვიდა :დ

      Delete