Saturday, October 22, 2011

ახალნაწვიმზე, ჩვენ

ცირკი-წრე (თურმე ნიშნავს წრეს)
არენა-სივრცეს (მე ასე მგონია)
გარშემო-ქვეყანა (ანუ ხალხის აზრი).

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში,
ჩვენს არენაზე, ჩვენვე რომ შემოვსაზღვრეთ.
გარშემო ხალხი- დიდი თვალებით, იუმორგადაცმული ირონიით_შიში აქვთ, რაღაცის.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში-ანუ არენაზე,
ვსუნთქავთ ჩვენს სივრცეს,
ვცხოვრობთ ჩვენ ცხოვრებას_თბილი დღეების ახალნაწვიმ მყუდრო საღამოებს.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში-ბედნიერების ცარცით რომ მოვხაზეთ,
ნახევარი შენ, ნახევარი-მე
და მჭიდროდ შევკარით_შეხების ჟრუანტელით.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ორი ცხოვრება ერთ ხაზად დავწანით-
ასე გვწამს სიცოცხლე.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ არენაზე-ხელჩაკიდებულნი.
გვიყურონ
იცოდნენ
იფიქრონ-იუმორგადაცმული ირონიით_თითქოს შიში აქვთო, რაღაცის.  




Thursday, October 6, 2011

დაღლილზე

 როცა დილით გასული ბინდისას მიდიხარ სახლისკენ
მხრებით დაღლილობა რომ მიგაქვს,
ნერვებით -სხვისი ემოციების ანარეკლი.
ფეხით-ღმერთმა უწყის, სადაური მტვერი,
თმით- მობეზრებული ქარი.

მაშინ, როცა კანზე სხვისი სუნი შეგრჩა-სხვისი, კაცის(უინტერესოსი, ან, იქნებ, არც ისე უინტერესოსი), მისი სუნთქვის, თმის ან საპარსი ქაფის

როცა ხელისგულმა მისი ლოყის სითბო მოიპარა და ახლა ჩამობანას გეხვეწება(უკვე აღიზიანებს);
ცხვირი- შენეულ სურნელს ითხოვს;
გონება-გათიშვას;
გული კი, მგონი, ისევ იქ, ქალაქის მეორე ბოლოში დაგავიწყდა(ანუ სულ სხვაგან)-

სასიამოვნოა, მამის მანქანის ხმას რომ გაიგონებ ზურგიდან
და მერე ხელჩაკიდებულები რომ აივლით კიბეებს სახლამდე-
ისე როგორც ადრე,
პატარა რომ იყავი, მოპრანჭული და კულულა- მის დიდი თბილი ხელები კი ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო შენთვის, როგორც სუნთქვა;
როცა სინქრონში უწყობდი ფეხებს_მარჯვენა მარჯვენასთან, მარცხენა-მარცხენასთან, დაიღლებოდი და_ მამიკოს ხელებში!

ახლა ორივე (დაქანცულები) მშვიდი ნაბიჯებით ადიხართ 90 საფეხურს(ლიფტი-არა)
ხელჩაკიდებულები;
ფეხები სინქრონში-დაიხედება და თვითონ გახსენებს.
აღაც გაპრანჭული ხარ, აღარ კულულა, აღარც ადრინდელივით სუფთა და მხიარული.
მამას ისევ თბილი ხელები აქვს და ნაოჭები გაუღრმავდა თვალებთან.

ახლაც ახვედით.

კარგია დაღლილზე მამა, სიმშვიდე და სახლი.