Sunday, June 4, 2017

მე და ხალხი, ანუ ჩემს კეთილისმყოფელთა არმად გადაყრილი ცერცვი


დღეს ვაპირებდი გრძელი პოსტი დამეწერა იმაზე, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს, დაინახონ, რომ "მინდა"-სა და სასურველის მიღებას შორის, მათი გადაწყვეტილება დგას სასურველის მიღების შესახებ. და რომ, ზოგჯერ “მინდა” ცუდია და ამ "ჩამალული" ნაბიჯით საკუთარი სურვილების გაკონტროლება შეუძლიათ. მერე ვაპირებდი, მემსჯელა და ჩამეშალა ეს თემა გემრიელად, მაგრამ გამოჩნდა რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად ითხოვს ამოთქმას, ვიდრე ეს წლობით ნაჩხიბ-ნაფიქრი დასკვნები.

პატარა შესავალი - ადამიანებმა საკუთარი ცხვირის საკუთარ საქმეში დატევისა და სხვის საქმეში წაყოფის პროცენტული მაჩვენებლები რომ გადაცვალონ, დარწმუნებული ვარ ჩვენი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა ჩემი რომ უკეთ იქნებოდა, ზუსტად ვიცი.
ის ამბავია, რომ მემილიარდჯერ მითხრეს, რა ძნელი ვარ, რა მძიმეა ჩემთან საუბარი, როგორი ვიწრო ცხოვრებისეული საზღვრები მაქვს და ხალხი მძულს.
სინამდვილეში, მე მათ პირადს არ ვკითხულობ და, ვიბრძვი, იმათ ჩემი არ იკითხონ - არც ისე შედეგიანად.
ჩემი პასუხი, არაა, პასუხიც არა, რეაქცია - ქვევით და ვცრლად გამოხატული დაგხვდებათ.
მიმართვის ფორმა ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ხშირად და მონდომებით კითხულობენ ლექციას კაცთმოყვარეობასა ზედა ჩემს ჯიუტ თავზე. 
შევუდგეთ: 
1. მხოლოდ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, ჩემს გარშემო ადამიანების ბევრი პროცენტისთვის საინტერესო რამეები, არ ნიშნავს, რომ არაფერი მაინტერესებს;
2. მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ კონკრეტულ გარემოში, არ ნიშნავს, რომ ამ გარემოს უნდა შევეზილო და მოვერგო აუცილებელ მინიმუმზე მეტად- და კი, ჩემი და თქვენი აუცილებელი მინიმუმი განსხვავდება;

3. ადამიანები თითქმის არასდროს უყურებენ სისხლს და ნათესაობას, როცა წყვეტენ, რაიმე ცუდი გაუკეთონ სხვას, წაართვან, მოპარონ, მოატყუონ და . შ. შესაბამისად, სრული უფლება მაქვს, ვაღიარო ნათესაობა, ხელი მოვუმართო გაჭირვებისას(ყოველ, ყოველ მიზეზ გარეშე), მაგრამ არ ავიღო გადამკვდარი მეგობრობის ვალდებულება - თუ ბუნებრივად არ გამოდის, რა თქმა უნდა;
4. მხოლოდ იმიტომ რომ, არ ვლაპარაკობ ღიად, რა მაინტერესებს- არ ნიშნავს, რომ არაფერი მაინტერესებს- იქნებ მშვიდად და თავისუფლად მინდა ჩემი საქმე ვაკეთო - ზემოხსენებული ბევრპორცენტი ადამიანების აზრის გარეშე;
5. როგორც ჩანს, არ გაგიმართლათ და არ ვარ ისე ზე განვითარებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, წინააღმდეგობრივი გრძნობების გარეშე გაუხარდეს იმ ადამიანის რძლების "მანქანებზე ჯდომა", "გაპრანჭული გარეთ გასვლა" და ა. შ. რომელიც 20 წელია, წყალს გასხამს ჭერის ყველა შესაძლებელ და შეუძლებელ მონაკვეთზე და საკუთარი ყურით გაქვს მოსმენილი, როგორ აგინებენ, ურტყამენ და ათრევენ "გაპრანჭულ" რძალს - მე ბოდიში.
ამიტომ, როცა ვამბობ, რომ როგორმე ჩემ თვალთაგან და ყურთაგან შორს იყვნენ კარგად - ადეკვატური მგონია.
გრამი ენერგია და ერთი საცოდავი წამი არ მაქვს ჩემს ცხოვრებაში მათზე დასაკარგი.
6. ის, რომ არ მაინტერესებს სხვა ადამიანების პირადი, არაპირადი თუ სპეციალურად სააშკარაოზე გამოტანილი ცხოვრება- არ ნიშნავს, რომ მათთვის ცუდი მინდა.
ყველასთვის კარგი მინდა, უბრალოდ, რასაც ვერ შევცვლი უკეთესობისკენ- იქ ნუ გამრევთ.
7. არ მაინტერესებს ვინ გათხოვდა ვიზე,
- რამდენი ბინა აქვს ალთას საქმროს;
- რომელი უბნიდანაა ბალთას სარძლო;
- ქალიშვილი ჩაბარდა თუ არა ბეტა გამას;
- დავაგვიანე თუ არა გათხოვება, უნდა ვიპოვო თუ არა "კარგი" ქმარი, 24 წლამდე უნდა გამეჩინა თუ არა შვილი;
- უნდა მაინტერესებდეს თუ არა მეზობელ კორპუსში ვიღაც ქალმა როგორი ფარდები იყიდა, როგორი ჭერი გააკეთა და განსაზღვრავს თუ არა ეს ჩემი "ინტერესიანობის" დონეს.


მსგავსი არაფერი მაინტერესებს.
მით უმეტეს, იმ ადამიანებისა, რომლებიც:
- სახლში ცოლებს სცემენ და გარეთ მანქანას ჩუქნიან (არ ღირს, ხალხო, ჩემთვის. თქვნთვის - არ ვიცი);
- 13 წლის გოგოს ეუბნებიან, რომ წრეში ბურთი აღარ ითამაშოს- დაქალდა უკვე;
- იმავე გოგოს მამიდას 13-14 წლისას გადაუცდება და ექიმთან წაყვანის მაგივრად ლანძღავენ, სად იბოზეო;
- საერთოდ იმათი ყველასი, ვინც ქალის ბოზობას -არ მიყვარს ეს სიტყვა, უწესობა ვთქვათ- უწესობას კაცების რაოდენობით განსაზღვრავენ- არაა ეგ სიღრმეები საჭირო მეგობრებო, მაგას ადამიანი ძალიან ადვილად და უმარტივეს დეტალებში  ავლენს. ეგ კი, გაგიკვირდებათ და, ზუსტი ინდიკატორი არ გახლავთ.
- მათი, ქმარმა რომ უნდა იგულაოს და ცოლი ერთგული იყოს;
- მათი, გოგოსთვის მზითევი რომ მოგროვებული აქვთ, მაგრამ ზედმეტი წონა დიეტით უნდა მოიშორონ "გამზითვებულებმა" - დარბაზში იმნაირები დადიან. და საერთოდაც მოვლილი, ლაქწასმული, დამოუკიდებელი ქალები, რა იმნაირები არ არიან?
- იმათი, ვინც ლოთს, მოჩხუბარს, მოთამაშეს, ვალებიდან ამოუსვლელ კაცს ოთხ შვილს გაუჩენს და მერე ამას გმირობად ჩაითვლის- სამაგიეროდ, პატიოსანია, ქმარგანაშორები კი არა(და კი, სწორად მიხვდით, ყველა ქმარსგაშორებული ქალი უწესოა);
- იმათი, ბებია რომ შვილიშვილს საჭმელს დაუმალავს. და ამ შვილიშვილთაგან ერთ-ერთი ცუდი კვების გამო განუვითარებელია;
- იმათი, ვინც უფროსთან ერთად თანამშრომელს ატყუებს ხელფასს, ამუშავებს ნაკლებ თანხაზე და ეს სიკეთის გაკეთება ჰგონია, სიმართლის თქმა კი ცუდი რამ...
დაუსრულებლად შემიძლია ასე.

და ახლა მითხარით, უინტერესო ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა ამ გარემოში ავითქვიფო?
არ მინდა, მათ სახლებში მოვხვდე, მათ გავუზიარო ჩემი ამბები, არ მინდა, მათი ისედაც გასაგები აზრი ვიცოდე?
მე არ ვარ მათზე მეტი, მაგრამ ეს არ მართმევს უფლებას, ავირჩიო, ვის რა გავუზიარო, ვინ შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში და ვინ - არა.
ვისი აზრი გავითვალისწინო, ვისი- არა.
ვისი აზრი საერთოდ გავიგო, ვისი - არა.


რამე უცნაური, გაუგებარი, ალოგიკურია?
რატომ უნდა იცოდნენ, აი, მაგ ადამიანებმა, რომ დავდიოდი დარბაზში, მაინტერესებს იოგა, რომ მომწონს იუნგი, ეზოთერიკა, სლავური ფოლკ-როკი, რომ  ვიყიდე ჭილაძის აველუმი და რამდენჯერაც დავინახავ, იმდენჯერ მიხარია, რომ  მინდა პარაპლანით გადმოხტომა, სახლი იასამნის ბაღით, ბარი, ნაჭრებითა და საკერავი საშუალებებით სავსე ოთახი, რომ  ფსაი-ტრანსი ბუნებაში ძალიან კარგი მოსასმენია, რომ ყოველდღე ჭამენ ჩვენს ტერიტორიებს,  რომ ლონდონში ტერაქტი მანერვიულებს, რომ  დღეს ვიღაც მოხუცი ნაგვის ურნაში იქექებოდა და შიგნეულობა ჩამიკვდა, რომ ავღანეთში ქალებს წვავენ, რომ, რომ, რომ.... უნდათ ეხლა ამათ ეს?
აბა, მე რა ვალდებულება მაქვს, ვაზიარო და მათი აზრი ვითვალისწინო? ან მათი ამბავი ვიკითხო?


ამასთან - მიუხედავად იმისა, რომ არ ვლაპრაკობ და არ გიზიარებთ, არსებობენ ადამიანები, ვისი ახალი სახლებიც მთელი გულით გამიხარდა, ვისი სამზარეულოს ფერიც მომეწონა, ვისი განათების სისტემის შესახებ ვიკითხე, ვისი სამსახურეობრივი წინსვლა მეამაყება, ვიღაცების  ერთად ცხოვრების დაწყებაც ბედნიერი "ჭყლოპინით" (მართლა :დ)  აღვნიშნე.

უბრალოდ, თქვენ არ გიყვებით;
უბრალოდ, ჩემთვის საინტერესო, ახლობელ და მისაღებ ადამიანებს ვირჩევ.
უბრალოდ, აგრესიას და მისი წყაროების ჩემს სახლში შემოჭრას ვერიდები;
უბრალოდ, სადაც უკეთესობისკენ ვერაფერს ვცვლი, არ ვერევი;
უბრალოდ, მინდა თუ არა, მიშლის თუ არა, მოგწონთ თუ არა, ცოტათი უფრო მგრძნობიარე ვარ, ვიდრე უნდა ვიყო და, ჩემდაუნებურად ისეთ რამეებზე ვრეაგირებ, თავს ორი სამი წლის მერე რომ წამოყოფს ხოლმე თქვენთვის-  ბედნიერი, არა-ჩემსავით-მგრძნობიარე და ჩემზე-გაცილებით-კარგი, ჩამოყალიბებული ადამიანებისათვის.

მე- ბოდიში, მე რომ ვარ, მძიმე, უინტერესო, მუდო, ხალხთმოძულე, გარემოს შეუგუებელი.

პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგიმარტივებთ ცხოვრებას- ჩემი ზემოთშემკობილი თავის თქვენგან მაქსიმალურად მოშორებით.


ჩემს გაძლებას გისურვებთ. 

No comments:

Post a Comment