Friday, September 29, 2017

მდგმურზე - ან ახლა, ან აღარასდროს პოსტი


    
  ჩვენივე ქვეცნობიერი მიუღწეველი სივრცეებიდან მოდის, ზედაპირს ისე შეეხება, როგორც ბუმბული დავარდება დამდგარ წყალზე და უკან მიდის, ჩაიკარგება სათქმელის გაუმხელელად. ჩვენ კი ვიგებთ.
თან კიდევ, სრულიად მიწიერია, ლოგიკური, რაციონალური, გასაგები, ახსნადი. ყველაფერი ნათქვამიც აქვს და დაღეჭილიც. მაინც არ გვესმის.
წინააღმდეგობრივი და მთლიანი.
ასეთია ჯემალ ქარჩხაძის მდგმური.
მისი ჩემი გადმოსახედიდან გაჩხიბვის ოთხი მცდელობის არეულ ჯამს კი ქვევით იხილავთ.


-საქციელი და სასჯელი? ცოტათი.
-სულის ეშმაკისთვის მიყიდვა? ეშმაკის განმარტებაა დასაზუსტებელი და, ამ შემთხვევაში, სული ვერ გაიყიდება (ვიტყვი ქვემოთ).
-ემანსიპაცია? არაფერ შუაშია. 
შუაშიც, თავშიც და ბოლოშიც არის ერთი საცოდავი პოლარობა ზოგიერთი კაცისა. 

რას ვგულისხმობ? 

Friday, September 15, 2017

სად მარხია ძაღლის თავი, ანუ "აბიათ, ვა"


რა ბედნიერები არიან შეგუებული ქალები.
- კითხვებს რომ არ სვამენ - ის ქალები.
- პროსტესტის გრძნობა რომ არ აქვთ, ის ქალები.
- სამსახურებიდან რომ მოვლენ, კიდევაც რომ მოუმზადებენ ოჯახის კაცებს სადილს, გაუშლიან, აჭმევენ, აულაგებენ, ჭურჭელს დაურეცხავენ; სარეცხსაც რომ მიაყოლებენ, მტვერსასრუტსაც, აბაზანასაც, ნიჟარებსაც, ხალიჩებსაც (ხანდახან ხვრინვის ფონზე) და ეგრე რომ უნდა იყოს- ის ქალები.
- ბავშვი რომ ატირდება ღამე და დედა რომ დგება ყველა ჯერზე - "აბა კაცია და ეგ ხომ არ ადგება" ლოგიკის ქალები.
- კაცი რომ მაღაზიაში ჩავა და მადლობელი რომაა, "მეხმარებაო" - ის ქალები.
- აბა, თუ არ გათხოვდი, ისე რაა ცხოვრება -ქალები.
- მამამ პამპერსი რა ცხოველია, რომ არ იცის, ბავშვი რომელ კლასშია რომ არ იცის, "ფული ხო მოაქ და კაცია, მა რა ქნას მეტი" -ის შემგუებელი ქალები.
- მშვიდი, ცოლზე და შვილებზე მზრუნავი, ცოლის მომსმენი კაცი რომ უფრო ჩმორად რომ მიაჩნიათ, ვიდრე დღეობით დასალევად გადაკარგული 4 შვილის მამა - ის ქალები.
- ქმარი რომ სვამს, ან/და ურტყამს, ფულს ფლანგავს, მის კისერზე ზის, აღარ უყვარს ან არც ყვარებია და არ შორდება, ქმარგანაშორები სახელი ხომ არ მექნება, პატიოსანი ქალი ვარო და არ შველის თავს - ის ქალები.
- ქალიშვილი რომ არ იყო("შეეშალა, შე ე შა ლა! ერთხელ ყველას შეიძლება შეეშალოს),  აპატია, ცოლად მოიყვანა და მთელი ცხოვრება მადლობლები რომ არიან ამ "კეთილი, აღმატებული არსების" - ის ქალები.
- წინა პუნქტში აღწერილ კაცებზე მსხვერპლშეწირვა რომ საკუთარი ფუნქციის შესრულება ჰგონიათ და ამაყობენ, მერე კი გათხოვებას გირჩევენ თვალის ჩაკვრით - ის ქალები.
- თავიანთი ბიჭისთვის ასაკით პატარა სარძლოებს რომ ეძებენ, ჩემ ჭკუაზე გავზრდიო -ის ქალები (დაითვალეთ მარაზმები ამ ფრაზაში : )
- ზემოთ ჩამოთვილი პუნქტებიდან სამში მაინც რომ ხვდება და ჩემნაირებს ცხოვრების აზრზე, სწორ მიმართულებებსა და კარგ ბედზე (ა.კ.ა. კაცზე) ელაპარაკება - ის ქალები.

რა, არ არიან?