Wednesday, May 11, 2011

იქ (ზამთარი, რომელიც მიყვარს 27.02.2011)

იქაც ღამეა ახლა.
იქაც ბარდნის.
იქ მუხლამდე თოვლს ათოვს, აქ გაყინულ ჭყაპსა და ტალახს.
იქ ონკანს არ ვკეტავთ, თორემ ისე გაიყინებამ დილით წყალი რომ მოვა, შეიძლება მილები გააფუჭოს.
იქ დღეში სამჯერ ვკვალავთ ბილიკებს_თითქმის სულ თოვს და მერე იყინება, საშიშია.
კიდევ შოშიას დავდევთ_აივანზე მოფრინავს ხოლმე, საჭმელს ეძებს. სანამ ბებო გაიტანს დაფხვნილ პურს, იკარგება და მერე ბეღურები უჭამენ. ისე, არც იმათთვის გვენანება.
იქ არაა არც გათბობის სისტემები, არც ინტერნეტი, არც საკაბელო ტელევიზია და არც სხვა რამ კომფორტი_წყლის მადუღარა, შხაპი და კიდევ ათასი სხვა რამ.
იქ ძველი ორსართულიანი სახლი დგას. თითქმის საუკუნის სიძველის. სქელი კედლებით, რუსული ყაიდის, წინ პატარა ბაღჩით, ფართო აივნითა და შუშაბანდით.
იქ გაკვალულ ბილიკზე უნდა გაიაროთ და კიბეზე ფრთხილად ახვიდეთ_გაყინულია. ძველ ხის აივანზე მოხვდებით_მეორე სართულზე.
კარით შუშაბანდში.
იქიდან მოზრდილ ოთახში.
წითლად შეღებილი იატაკი, ორი საწოლი, ხის "კუშეტკა", დიდი ღუმელი, ტელევიზორი_ყველაფერი როგორც წესია.
პატარა მაგიდა, ზედ_ნარდი, სათვალე, რაფაზე_წამლები, ღუმელზე_ჩაიდანი, კედელზე ძველებური ხალიჩა.
საათიც იქვეა, წიკიწიკებს თავისთვის.

იქ სიჩუმეა. თავისებური სიჩუმე. თავისი შეშის ტკაცუნით და ღუმელზე დაცემული წყლის წვეთის შიშინით.
ზოგჯერ გადაშლილი ფურცლის შრიალითა და კამათლის ჩხარუნით: "ჩარი-სე", ბეშ-ოთხი"...
იქ ერთი მეზობელი "ქვეიდან" ამოდისმ მეორის ძაღლი კი მგელს დაუფლეთია.
იქ ჭაჭას და ხილის არაყს მოგართმევენ, ღუმელში შემწვარ კარტოფილს და მოუხდელ ყველს მოგიტანენ, ასკილის წვენს და მათივე მოყვანილი კიტრის მწნილს გაგიხსნიან, ხაჭაპურს გამოგიცხობენ და შენი ფუძის ანგელოზს დაგილოცავენ.
იქ არ იციან, რა არის ზღვრული მოგება, ინტეგრაცია, მილიტარიზაცია, ვინ იყო ადამ სმიტი ან რა არის ფარდობითი უპრატესობის თეორია, თუმცა რეალობას ისე სწორად აფასებენ, საკუთარი ცოდნის შეგრცხვება.
იქ არ კამათობენ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, თანამედროვე აზროვნებაზე_უაზრო ტერმინების ბრახაბრუხის გარეშეც უყვართ, თხოვდებიან, ღალატობენ, შორდებიან, ართმევენ და დიდად არც უკვირთ, ათადან და ბაბადან ქალი და კაცი, ქალი და კაცია.
იქ ჯანსაღი სუნთქვა, ნაჯაფარი ხელები, მიწის და ხის სუნი აქვთ. ხანდახან ნაკელის ან თივის.
იქ ქალაქისგან, ხალხისგან, ხმაურისგან, ინფორმაციისგან, ჭუჭყისგან, უჰაერობისგან სულშეგუბებული და დაღლილი გავრბივარ ხოლმე.


იქ დილით ისევ შეჭირხლული იქნება შუშები, სარეცხის მავთული და სარჭები,
კიბე_გაყინული.
თოვლი_უფრო მაღალი.
ხედი_ისევ თეთრი.
ლოლოები-ძველებურად გამოკიდული.
ღუმელი-აგიზგიზებული.
წითელი იატაკი, ნედლი ხის სუნი, კედელზე ძველი ხალიჩა.
ბებოს სუთქვა და  საათის წიკწიკი.
ყველაფერი, როგორც წესია.

იქ მინდა.












იაპონიის და ჩემი გასაჭირი, ანუ რაფრად გადავიღებოთ?

ეკონომიკისფრად შეღებილი გარემოა ახლაო, რომელიღაცა ცნობილმა ადამიანმა თქვა, თუ ამ ფრაზით გახდა ცნობილი, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი თქვა, მე კი მისი გვარი მაინც ვერ დავიმახსოვრე.
თუმცა როგორც კი ეს სიტყვები მოვისმინე, მაშინვე არ მომეწონა. რატომ მაინცდამაინც ეკონომიკისფერი? იქნებ არ მომწონს და არ მინდა ამფრად შეღებილ გარემოში ცხოვრება?
არაო, მოგიწევსო. ახლა ეკონომიკაზე დგას ყველაფერიო, ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს ყველაფერს, ყველაზე ძლიერია, ყველგან და ყველაფერშიაო. მოკლედ, ეკონომიკა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანიაო.
იმავე დღეს სახლში მოსულმა გავიგე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკისფერი ქვეყანა ჯერ მიწისძვრისფრად, მერე ცუნამისფრად შეიღება, მალე რადიაციის ფერი დაემატა და საბოლოოდ მკვეთრი, აი, ელექტროს რომ ეძახიან, ისეთი, უბედურების ფერი მივიღეთ.
ჰოდა, რა ქნა ეკონომიკამ? რა გააკეთა მისი ეკონომიკისფრად მოხატული ქვეყანა რომ არ გადაეღებათ?
ვეერც ვერაფერი.
არც რამე მოაკლდა. მთელი დანარჩენი სამყარო ისევ ეკონომიკისფრად ირთვება. ვერც კრიზისფერმა, ვერც ომისფერმა და ვერ მიწისძვრა-ცუნამნარევმა უბედურებისფერმა ჭკუა ვერ ასწავლა.
რას ვიზამთ.
რას ვიზამ.
ჯერჯერობით არაფერს.
ჯერ გამოვალ ერთი კარგი ფინანსისტ_ბანკირისფერი ეკონომისტი.
იაპონია ისევ ეკონომიკისფერი გახდება ალბათ.
მერე ვნახოთ. მე, სავარაუდოდ, გადავიღებები.
იაპონია არამგონია.


Monday, May 9, 2011

წერილი ემოციებს


ე. წ. სიყვარულს, მოწონებას, გულის აფარცქვალებას, რომანტიკას, ახირებას, ძალიან მძიმე ახირებას, აჩქარებულ გულისცემას, მუხლებისკანკალს, აწითლებას და მათ მსგავს ყველა ჯიშის, ჯურის, რასისა და ამურის აღმსარებლობლობის გრძნობას, შეგრძნებასა და სურვილს:

კიდევ ერთხელ გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ ჩემს კართან ჩამოკიდულ ნიშანს

Do Not disturb

ის განკუთვნილია პირადად თქვენთვის.
გამოიყენების უფლება გაცემულია თქვენი გეგმებისა და ჩემი გემოვნების, საერთო სიტუაციისა და ჩემი ახირებების კატასტროფული შეუთავსებლობის,
ასევე ჩემი დღის განრიგში თქვენი მსგავსი ემოციებისთვის დროისა და ადგილის უქონლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უფლებამოსილი დაწესებულების-გონების, კერძოდ რაციონალური აზროვნების განყოფილების მიერ.

პატივისცემით, მე :)