Friday, January 23, 2015

უმბერტო ეკოს "ვარდის სახელზე"

წიგნსაც და პოსტსაც უხდება ბახი
ვარდის სახელით გავიცანი.
ისტორიული წიგნიაო და დამტვერილი განწყობით შევუდექი კითხვას- ველოდი, ჰიუგოსებური ფურცლები მექნებოდა დასაძლევი ბევრი. 
გვირაბის ბოლოს გამოკიდულ მბჟუტავ სინათლედ ის ჩანდა, რომ ჩემი მეგობარი სოფო იყო ამ წიგნზე შეყვარებული და რა აზრიც მითხრა მანდედან, ყველას ვეთანხმებოდი.
ჰოდა, შევუდექი დამტვერილ აღმართს.
რამდენიმე გვერდში გვირაბი ხეივნად მექცა, აღმართი დაღმართად და სულ ცოტა ხანში მეც ადსოსავით დავდევდი უილიამს, კითხვებს ვუსვამდი და მონასტრის კედლების საიდუმლოებს ვყნოსავდი. 
რამდენიმე ასეული გვერდი სიამოვნებით ჩავიკითხე და კმაყოფილიც დავრჩი.
აქვე: მთელი ეს დრო კატასტროფული სიჩქარით მეცვლებოდნენ ეჭვმიტანილები და, ჩემდა სამარცხვინოდ, სულ ერთხელ თავში მოსული სწორი აზრი მაშინვე უარვყავი. 
მოკლედ- წასაკითხი წიგნია.
და

მარტო ესეც არ არის.

აი, ხომ გქონიათ შემთხვევა, ზუსტად საჭირო დროს რომ წაგეკითხოთ რამე? ან მოგესმინოთ ვინმეს აზრი ისეთ თემაზე, რომელზეც რაღაც პერიოდია ფიქრობთ, ან გადგათ დასკვნა პირზე და ვიღაც ისე კოხტად და ლამაზად იტყვის, თან მოგეწონებათ და თან გაბრაზდებით ცოტათი, მე რატომ ვერ მოვიფიქრეო.

"ვარდის სახელით" ასეთი იყო. უფრო კი ის წიგნი, რომელმაც საკუთარ აზრებში დამარწმუნა.
წინა პოსტებშიც დამიწერია და ახლაც ვიტყვი, რომ დროის გასვლა ადამიანებს, დამყარებულ წესრიგს და რაღაც-რაღაც ამბებს არ ცვლის. მაგალითად, რელიგიისადმი დამოკიდებულებას, უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას, სექსისადმი დამოკიდებულებას. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანების აზროვნების სტილი, სქემა და გზა არ იცვლება და, არ აქვს მნიშვნელობა, შუა საუკუნეებში ვიცხოვრებთ, ბერძენთა აღზევების ხანაში თუ ჩვენი ტექნიკის ბუმის პერიოდში, ადამიანები ადამიანებად ვრჩებით.
საქმე რელიგიასთან მაქვს.
ვამბობდი ხოლმე, რელიგიისა და ღმერთისადმი ადამიანების დამოკიდებულება ადამიანურია, ჩვენი ტვინის ხვეულებს ვერ გაცდება და ამიტომ, რაც უნდა მასშტაბურ და ღვთიურ რამეზე ვლაპარაკობდეთ, მაინც ადამიანური მიდგომა გვექნება მეთქი. 
აანუ, უფრო ხშირად ან ვერ გავიგებთ, ან საჩვენოდ გაივგებთ, ან გამოვიყენებთ რელიგიასაც, მის მიერ მონიჭებულ ძალაუფლებასაც და ყველაფერსაც. უფრო ხშირად- ძალაუფლებისთვის. ჩვენ დროში ჯიჰადი გვყავს, რელიგიური ექსტრემისტები, შუა საუკუნეებში მწვალებლები იყვნენ, ინკვიზიტორები, კოცონზე დაწვა გვქონდა; პოლიტიკაში დღესაც რა დოზით არიან ჩარეულები, ყველამ კარგად ვიცით.  ეკონომიკური და ფულის მოხვეჭის მიზნით- ახლა თუ ჯიპებს ვაპროტესტებთ, მაშინ საგანძურები იყო ოხრად, ინდულგენციებს ყიდდნენ და უამრავ მიმდევრობად დაშლილნი, ერთმანეთს ებრძოდნენ- წიგნში ფრანცისკელებსა და რომის პაპს შორის დაპირისპირებაა- თავად ნახავთ, რა იყო ნამდვილი მოტივი და სადამდე მიდიოდა ხოლმე საქმე. 

ამ ზაფხულს ერთი შემთხვევა მქონდა. 
ერთ-ერთ ბერს შევხვდი. ვსაუბრობდით სამი ადამიანი. თურმე არ შეიძლება, სამღვდელო პირს გამარჯობით მიესალმოო, ის სასულიერო პირიაო, მერე შავი და თეთრი სამღვდელოების განსხვავებაც ამიხსნა. მე კი გამიკვირდა და გავბრაზდი. მეყო მოთმინება არ შევკამათებოდი და მოსმენა გამეგრძელებინა. აი პროტესტის გრძნობა კი დამრჩა. 
რატომ არ უნდა მივესალმო გამარჯობით? ან რატომ უნდა ჩავთვალო რაღაც არაამქვეყნის არსებად?
მოდი გავჩხიბოთ ცოტა. 
გამარჯობა არაფერია თუ არა ადამიანისთვის გამარჯვების და წინსვლის სურვილი, კეთილი სიტყვა, რომლითაც გამარჯვებას, წარმატებას უსურვებ არა? სამღვდელოებას ეს არ ჭირდება ვითომ? რატომ უნდა გამიპროტესტოს გინდ თეთრმა და გინდ შავმა სამღვდელომ, სალამი მივცე ადამიანური? იქნებ და არ ვარ მოწრმუნე და წესებში გარკვეული და მაინც მინდა კეთილგანწყობა გამოვხატო უბრალოდ ადამიანის  მიმართ, რომელმაც მოახერხა (ბევრისგან განსხვავებით) და კონკრეტული გზა აირჩია ცხოვრებაში? ეს ერთი.
ახლა მეორე: ბერიო ადამიანად აღარ აღიქმებაო. დაიცა,  კაცო, რათა? გიყურებ ადამიანი ხარ, აზროვნებ- ადამიანი ხარ, საუბრობ და ადამიანივით, სცოდავ და ადამიანურად, ავად ხდები და სრულიად ადამიანური დაავადებები გემართება, რომელ მონასტერში როდის იყავი, იმის მიხედვით ანსხვავებ, ლექსუსის ჯიპით იყავი თუ მერსედესისათი და ეჭვი არ მეპარება, შენი ტვინიც ჩემი ტვინივით  მუშაობს და ჰორმონების გამომუშავებასაც არ შეწყვეტდა შენი სხეული(ღმერთმა დაგიფაროს).
შეიძლება კიდევაც ვცდები, მაგრამ შენი არჩევანი ჩემ თვალში ადამიანობაზე მაღლა ვერ გწევს, მაინც მაგ სხეულში ჩასახლებული სული ხარ და არსებობ, როგორც ადამიანი. არც მე და არც შენ არაფრით ვართ ერთმანეთზე ან მეტი, ან ნაკლები რაც უნდა ძალიან გვინდოდეს და ვცდილობდეთ ამას. ჰოდა, მოდი ნუ გაკიცხავ ვინმეს, თუ ის მაინცდამაინც ქედს არ მოგიხრის, მაგრამ კეთილგნწყობილი იქნება, მიიღე გამარჯობა და შეეგუე იმასაც, რომ, გინდა თუ არა კაცი ხარ და შენი ნება შენი ტვინის, სხეულის და ადამიანობის ფარგლებშია მოქცეული.
ზუსტად ეს აზრი წერია ღმერთის და სამყაროს აღქმასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გვერდზე ვარდის სახელში. ოღონდ ლამაზად, სუფთად და გასაგებად, ისე, რომ ცოტათი შეგშურდება კიდევაც.

მეორე პრიორიტეტებია. 
რა კარგია, რომ სამყარო ჩვენ არ გვეკითხება, მზე საიდან უნდა ამოვიდეს. 
ადამიანებს სულ დაგვავიწყდებოდა, რომ ეგ გადასაწყვეტი გვაქვს. 
იმიტომ რომ შუა საუკუნეებში ევროპის სამღვდელოება თავისი საქმით დაკავების ნაცვლად ძალაუფლებისთვის იბრძოდა და ბჭობდა, იესო ღარიბი იყო თუ არა. (ამაზე იმიტომ, რომ ფრანცისკელი ბერები უპოვარებას ქადაგებდნენ, რაც პაპის სიმდიდრეს აყენებდა ჩრდილს და კათოლიკურ ეკლესიას ძირს უთხრიდა). ამ დროს ხალხი და მრევლის დიდი ნაწილი შიმშილობდა.
აღმოსავლეთში გარჩევის საგანი იყო რამდენი ანგელოზი დაეტეოდა ნემსის წვერზე ( ის კი აღარ მახსოვს სად ამოვიკითხე ეს)- მაშინ როცა მაჰმადიანური სამყარო ბობოქრობდა და ამიერკავკასიას ჯლეტდა.  
ახლა? ახლა აფრიკა შიმშილით და ავადმყოფობით წყდება, ახლა ინდოეთში 8-9 წლის გოგოებს ათხოვებენ, ავღანეთში ქალებს ცხვირებს, კიდურებს, თითებს აჭრიან, ცეცხლს უკიდებენ, ჩვენ კი ნავთობის გამო ომს ვიწყებთ. ხო კარგი კარგი, სადამ ჰუსეინი და კეთილშობილი მისია და ბლა ბლა ბლა, ოღონდ მაგას და ჯვაროსნულ ომებს შორის რა სხვაობაა? ან რატომ არაფერი შეიცვალა, გარდა ძალაუფლების და გავლენის მასშტაბების ცვლილებისა? 
აი ამიტომაა კარგი, მზე თავის ჭკუაზე რომ ამოდის და ჩადის. ჩვენ ომს დავიწყებდით, სანამ გადავწყვეტდით დასავლეთისთვის დასავლეთი დაგვერქმია თუ სხვა რამ. 

მესამე სიყვარულია.
ამაზე კი არ ვიცი, რა ვთქვა. მარტო ის მომდის თავში, რომ ბერი უილიამი და მისი აზრები შემიყვარდა. 
ალბათ სწორედ ეგეთ ადამიანებს დააქვთ სიყვარულის ყველაზე დიდი წილი და მათი დამსახურებაა, ჯერ კიდევ რომ ვართ და ღმერთმა არასწორი სკრიპტივით არ წაგვშალა. 


პოსტი არ ვიცი, რამდენადაა წიგნზე. უფრო იმ საფიქრალებზეა, რომლებიც გამახსენა და იმ სიამოვნებაზე, რასაც კითხვის დროს განვიცდიდი.
იმედი მაქვს (დიიდი იმედი) რომ ხართ ისეთები,  ვისაც უილიამი გიყვართ,  ვინც ხორხე სიზმარში ნახეთ, ვინც ბიბლიოთეკა დახაზეთ, ვისაც ბერნარ გუი შეგეცოდათ, ვინც ადსოს სიყვარული გამოიარეთ და სიცილის ფასი იცით.
ან ისეთები, ვინც დაინტერესდით და ახლა ცოტათი მშურს კიდევაც თქვენი, პირველად წაკითხვის ბედნიერება რომ წინ გაქვთ. 
მე კი ეკოს მივყვები და პრაღის სასაფლაოზე მივდივარ.

პ.ს. ეს ის წიგნია, რომლის ავტორისეული გარჩევა წავიკითხე(გარჩევებს თითქმის არასდროს ვკითხულობ), რომ გამეგო, რატომ ერქვა ასეთი სახელი.









No comments:

Post a Comment