Wednesday, January 25, 2012

ალბათ მაინც წერილი-ვინმესთვის სადმე

მეწევა რაღაც. მძიმე, ძლიერი, ჩაუწყვეტავი.
ჩამეხლართ-ჩამეზარდა გულში, გონებაში და ვეღარც ამოვგლეჯ- ზედმეტად ბევრ ჩემსას გაიყოლებს.
მეჩემები.
მეთბილები.
მემძიმები. თუმცა ჩემში არც არაფერია მსუბუქი და ჰაეროვანი.

ვფიქრობ და ვგრძნობ:
მოთმენა ძნელია.
ხანდახან სუნთქვაც.
მზის ამოსვლაც(ჩასვლა უფრო მიყვარს)
და წვიმა-გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომით_ჩემი სულია- ასე ამბობს საძნელო სათქმელს.
მეძნელები- არც არაფერი მიმიღია ძალიან ადვილად, ხელის გაუნძრევლად. დაიბადო ესეც ძნელია, მოკვდე- იქნებ უფრო ძნელიც.

მათ შორის შენ ხარ, შენი სულით ხორცით, სიძნელით,  ან, იქნებ, სიადვილითაც.
შენამდეც შენ იყავი.
თურმე.
შენს მერე-ჩვენც აღარ ვიქნებით.
ჩვენ ბედნიერებაა-ძნელი ბედნიერება.
ძნელად მოვედით აქამდე
მაგრამ მყარად ვდგავართ_ბედნიერები.
არაა ადვილი იპოვო "შენ" იმ მორევში რაშიც ვბრუნავთ- სახეებში, ხმებში, რაღაცის დამამტკიცებელ გონებამახვილობებში, ფულში, ზოგჯერ ომში(ჩვენთან თუ სხვაგან), ზოგჯერ(ბევრისთვის სულ) შიშში, უაზრობაში, ხშირად- ნაგავში.
მუდმივად- ტყუილში,
                  თვალთმაქცობაში,
                  სიჩქარეში,
                  სიჩქარეში,
                  თავდაცვის რეჟიმში,
                  თავდასხმისთვის მზად.
იშვიათად  ღმერთში.

მეძნელებოდი.
როგორც ავადმყოფთან ზიზღის,
მათხოვართან სიბრალულის,
საკუთარ თავთან სიცრუის,
სინამდვილის რეალურად შეფასების შიშის დაძლევა.
გიპოვე,
მხედავ.
ნელ-ნელა
ნაბიჯ-ნაბიჯ.
მძიმედ თუ ძნელად
მაინც ვდგამთ ნაბიჯებს,
ერთმანეთში მყარად გავდგებით-სიყვარულით.

No comments:

Post a Comment