Monday, November 23, 2015

აღარ მინდა-ს პოსტი

დავიღალე.

აღარ მინდა, დილა დაიწყოს მაღვიძარით შვიდ საათზე.
აღარ მინდა, რვამდე ვერ ვაიძულო თავს ადგომა.
აღარ მინდა, გამოცარიელებული ტომარასავით ვიდგე კარადასთან და ვფიქრობდე, რა ჩავიცვა.
გაჩერებაზე თავს ვებრძოდე, რომ ტაქსით არ წავიდე.
ან შუაღამისას გამეღვიძოს და ვიხსენებდე, წინა დღეს აი, იქ და იქ ok-ს დავაწექი თუ არა და თუ არ დავაწექი, რას გამოიწვევს მაგ ერთი კლიკის დაკლება.
აღარ მინდა, ფბ-ზე შევდიოდე და მარტო იმას ვამოწმებდე, ანთია თუ არა მწვანე ბურთულა იმ ადამიანის სახელთან, რომელთან ლაპარაკშიც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
რომელსაც თითქმის ისევე ვგრძნობ და განვიცდი, როგორც საკუთარ თავს.
აღარ მინდა, გაუზიარებელი ამბებით ავსება.
აღარ მინდა, თან მყავდეს და თან არ მყავდეს ადამიანი.
აღარ მინდა, დაწოლის და სიჩუმის უსაშველო მოთხოვნილებას ვებრძოდე.
ყურებში ყრუ გუგუნად მედგეს მთელი დღის ხმაური.
ღამე მეღვიძებოდეს და ვითვლიდე, კიდევ რამდენი საათი დამრჩა ძილისთვის.
უმიზეზოდ დამაგდოს მაღალმა სიცხემ და 24 საათში კვალიც არ დარჩეს მისგან.
დღეებს დაღლილი ფიქრების ფონზე მივათრევდე.
მიწევდეს ჩანიშვნა და თვალში მოსახვედრ ადგილას გამოკიდება, რომ წიგნის მაღაზიაში ვარ გასავლელი, ჩემი საყვარელი წიგნის (!) თარგმანის საყიდლად.
სრულიად გადამავიწყდეს, რომ ჩავეწერე დანტისტთან.
ვერ ვნახო ნათლული.
აღარ მახსოვდეს, როდის ვუყურე ფილმს,
ჩემით დავძებნე ახალი ბენდი,
ბენდს ვინ ჩივის, სიმღერა მაინც.
ანდაც დავწერე რამე.
იყოს მომენტები, როცა არ მახსოვს, რაღაც მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე.
მაღიზიანებდეს ყველაფერი გარშემო.
ასე კარგად მქონდეს დამუღამებული კარგად ყოფნის რეჟიმი.
ასე ხარისხინად არ ვიმჩნევდე, რომ  თავს ვგრძნობ დაღლილად.
ვაღიარო, რომ ავად ვარ და ა. შ.