Showing posts with label დაღლა. Show all posts
Showing posts with label დაღლა. Show all posts

Sunday, March 3, 2019

მარტი მოვიდა და ჯერ თებერვალს რომ არ დამშვიდობებიხარ, ის პოსტი




ხანდახან ასეც ხდება.

ყველაფერი კარგადაა.
მუშაობ - სამსახურში, რომლის სამუშაო საათებისაც შურთ;
დოქტორანტურაში ჩააბარე,
დამაკმაყოფილებლად ჯანმრთელი ხარ,
არც ისე ფუმფულა, რომ ინერვიულო,
გაქვს ჰობი, რომელსაც სიამოვნებით მიყვები,
მეგობრები გამოგერია,
ცხოვრებაში პირველად  მოწესრიგებული და ბედნიერი პირადი ცხოვრება გაქვს,
საინტერესო ფანტასტიკა იპოვე,
არც ანგარიშზე გეჯახება მინუსი,
მოკლედ...

ისეთი შესავალია, ცუდი რომ თქვა, ჩაგაქვავებს ხალხი.
მაგრამ

ხანდახან ასეც ხდება -
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენ აცდენილი ხარ, შენს ადგილას არ ხარ, საშენოს არ აკეთებ.
და დაიღალე
ძალიან
ძალიან
ძალიან
დაიღალე.

ჩემი სიყვარული მინდა ჩემთან, ზურგიდან შემოხუტებული, სიჩუმე და დრო - უსასრულო რაოდენობის.

.
ჩამაქვავეთ.


Monday, July 17, 2017

დაღლილი, გაბრაზებული, სუბიექტური და მოპოლიტიკურო პოსტი



ძალიან დავიღალე. წამლეკა ამდენმა უაზრობამ.
გარდა იმისა, რომ საკუთარი საშრომ-საკეთებელი მაქვს საძებარი, საშენებელი, მოსავლელი, სასწავლი, ჩასაბარებელი და ნამდვილად იმაზე სამუშაო, რაც მეც წამადგება, ქვეყანასაც და მთელ კოსმოპოლიტ სამყაროსაც,  ამოვივსე, ცერცვი დამიგროვდა კედელს სახლელი- უნდა გამოვდგე საქვეყნოდ და მეც გამოვეხმაურო იმ საერთო მარაზმს, რაც ხდება. ისევ იგივე უნდა ვიმეორო, რაც წლების წინ ვთქვი, რანაირადაც თვითონ ვცდილობ ცხოვრებას, თუმცა, მეც მაქვს ნაკლი - გამოსვლა და ამოთქმა მომინდება ხოლმე ყველაფრის.
აქვე: ბოდიში, თუ დავარღვევ ზრდილ ტონსა და უხეში გამონათქვამებიც შეგხვდებათ.
სრულყოფილებაზე, მოგეხსენებათ, თავს არ ვდებ და ეს ადგილი ჩემი კუთვნილი ტერიტორიაა მთლიანად.
აქვე 2: ვისაც არ მოგეწონებათ, დროს ნუ დაკარგავთ, გვერდის გამორთვა უადვილესია, თქვენც გადარჩებით ნეგატივის ფრქვევას, მეც და ქვეყნიერებაც.  თუ მაინცდამაინც გეფრქვევინებათ და მიზეზთა გამო აგრესიისაგან დაცლა გესაჭიროებათ, მე ნამდვილად მესმის თქვენი და მოგისმენთ, გაგვიზიარეთ.

უსაქმური კაცი &*^*&%^&* მახათს იყრიდაო- ქართველებს ტვინი ტვინად აღარ გვაქვს და კარგი მახათიც მოგვაჩეჩეს -პოლიტიკის, ვაი-პატრიოტიზმის, დამოუკიდებლად ფიქრის უარყოფის ნარევის სახით.
ამ ყველაფერს კი საფუძვლად ჩვენი ეროვნული, უსაზღვრო და უმაღლეს ხარისხში აყვანილი სიზარმაცე უდევს.
ამიტომ - ღირსები ვართ.

Monday, November 23, 2015

აღარ მინდა-ს პოსტი

დავიღალე.

აღარ მინდა, დილა დაიწყოს მაღვიძარით შვიდ საათზე.
აღარ მინდა, რვამდე ვერ ვაიძულო თავს ადგომა.
აღარ მინდა, გამოცარიელებული ტომარასავით ვიდგე კარადასთან და ვფიქრობდე, რა ჩავიცვა.
გაჩერებაზე თავს ვებრძოდე, რომ ტაქსით არ წავიდე.
ან შუაღამისას გამეღვიძოს და ვიხსენებდე, წინა დღეს აი, იქ და იქ ok-ს დავაწექი თუ არა და თუ არ დავაწექი, რას გამოიწვევს მაგ ერთი კლიკის დაკლება.
აღარ მინდა, ფბ-ზე შევდიოდე და მარტო იმას ვამოწმებდე, ანთია თუ არა მწვანე ბურთულა იმ ადამიანის სახელთან, რომელთან ლაპარაკშიც ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
რომელსაც თითქმის ისევე ვგრძნობ და განვიცდი, როგორც საკუთარ თავს.
აღარ მინდა, გაუზიარებელი ამბებით ავსება.
აღარ მინდა, თან მყავდეს და თან არ მყავდეს ადამიანი.
აღარ მინდა, დაწოლის და სიჩუმის უსაშველო მოთხოვნილებას ვებრძოდე.
ყურებში ყრუ გუგუნად მედგეს მთელი დღის ხმაური.
ღამე მეღვიძებოდეს და ვითვლიდე, კიდევ რამდენი საათი დამრჩა ძილისთვის.
უმიზეზოდ დამაგდოს მაღალმა სიცხემ და 24 საათში კვალიც არ დარჩეს მისგან.
დღეებს დაღლილი ფიქრების ფონზე მივათრევდე.
მიწევდეს ჩანიშვნა და თვალში მოსახვედრ ადგილას გამოკიდება, რომ წიგნის მაღაზიაში ვარ გასავლელი, ჩემი საყვარელი წიგნის (!) თარგმანის საყიდლად.
სრულიად გადამავიწყდეს, რომ ჩავეწერე დანტისტთან.
ვერ ვნახო ნათლული.
აღარ მახსოვდეს, როდის ვუყურე ფილმს,
ჩემით დავძებნე ახალი ბენდი,
ბენდს ვინ ჩივის, სიმღერა მაინც.
ანდაც დავწერე რამე.
იყოს მომენტები, როცა არ მახსოვს, რაღაც მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე.
მაღიზიანებდეს ყველაფერი გარშემო.
ასე კარგად მქონდეს დამუღამებული კარგად ყოფნის რეჟიმი.
ასე ხარისხინად არ ვიმჩნევდე, რომ  თავს ვგრძნობ დაღლილად.
ვაღიარო, რომ ავად ვარ და ა. შ.



Saturday, April 13, 2013

შაბათის timha კიარადა კურიოზი


timha რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ კურიოზია, რომლის შედეგებმაც ჩემ კისერზე(უფრო კონკრეტულად, ზურგსა და ხელებზე) გადაიარა.

ისტორია დაიწყო იქიდან, რომ ერთ დღეს დეიდაჩემმა აჯიკის გაკეთება იდო თავს(კი გამოსდის ისე გემრიელი).
სამწუხაროდ, ამ პარტია როგორც-წესი-გემრიელ აჯიკას სხვა ბედი ელოდა. მას მომზადებისას ბებიაჩემის, დეიდაჩემისა და მზის შეუთანხმებლობისა და გაუგებრობის გამო, დადუღება თუ დამთავრება დააკლდა.  ბოთლებიდან ზოგი მაშინვე განაადგურეს, ზოგი კი "ვოლშებნიმ ობრაზომ" გადარჩა და ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩემს ხელში მოხვდა.
ჩემ ხელში რა, ჭურჭლის ნიჟარაში ჩადგა დეიდაჩემმა და ზარზეიმით გვამცნო, ეს იმ გაფუჭებული აჯიკისაა და ხელი არ ახლოთო.
სად ვიყავი და სად არა, გამოვჩნდი მე, გადავწყვიტე რამდენიმე ტონა დაგროვილი ჭურჭელი გამერეცხა და დედისთვის არ დამეტოვებინა.
რა ვქენი აბა თუ მიხვდებით?
რა თქმა უნდა! ცოტა წაეშმაკება გადავიწყვიტე, ბოთლს დავწვდი, ნელ-ნელა დავიწყე თავსახურის ახდა და ჰაერის გამოდევნა.
რამდენიმე წამში ჩემი გენიალური გეგმა ჩაიშალა :D სამზარეულო კი ტარანტინოს ფილმებიდან ამოღებულ სცენას დაემსგავსა.

timha იქ დამთავრდა, როცა მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ჩემი დასალაგებელი იყო და ხარხარი მოსხიპე :|


ახლა ვზივარ, ხელები, წელი, ზურგი მტკივა და თავს იმ სარგებლის ჩამოთვლით ვიმშვიდებ, რაც ამ ამბავს მოჰყვა(გაწკრიალდა სამზარეულო, გაზქურა, გაირეცხა ჭურჭელი)
და მიუხედავად იმისა, რომ გადასარევ განწყობაზე მომიყვანა ამ ამბავმა, ვხვდები, timha-ები გაცილებით უფრო უწყინარი რამეებიც შეიძლება აღმოჩნდეს და ჯობია სხვა დროს გენიალური იდეები განხორციელებამდე სარედაქციო განყოფილებაში გავუშვა გადასამოწმებლად .

P.S. მანამდე ჩემი Timha ორსაათიანი ნებივრობა იყო აბაზანაში, ახლა კი ისევ დასაბანი კი არა, გასარეცხი ვარ :|