Showing posts with label იმედი. Show all posts
Showing posts with label იმედი. Show all posts

Thursday, February 2, 2017

$%^&**& ფუნქცია (ცოტა ირონიული პოსტი ზარმაც კაცებს)

ჰო, ზარმაც კაცებს
აი, იმ კაცებს,განძრევა რომ ეზარებათ, ზრუნვა რომ ეზარებათ, "დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალი" რომ უნდათ,მყარად რომ დგას, თავსაც რომ მიხედავს, საჭიროების შემთხვევაში, კაცსაც რომ უპატრონებს და თან  მათი გამღმერთებელი, ჩუმად მჯდომი, მომლოდინე, მისი უპირობოდ მიმღები რომ იქნება.
ჰმ
იდეალია. ზარმაცი უკვე ვარ, კაცი რომ ვიყო, ალბათ მეც ეგრე მომინდებოდა.

მაგრამ
(გადასარევი სიტყვაა ეს "მაგრამ". მწარე სკოლისეული გამოცდილებით ვიცი, რამდენს ნიშნავს) --
მაგრამ
გასაჩხიბი ამბავია.
ყველა ქალისას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემნაირების ამბავს მოგახსენებთ.
მაშ ასე, ზარმაცო და კომფორტის ზონაში გამოკეტილო კაცებო, ჩემნაირი გოგოებისგან თქვენი იდეალური გოგოები ვერ გამოვლენ.
რათა?
უფ, ახლავე:

Sunday, January 11, 2015

შემაჯამებელი პოსტი

გადმომითერთმეტიანვარდა. არამგონია გასაკვირი იყოს, ჩემზე ზარმაცი ბლოგერი ადვილი მოსაძებნი არ იქნება.
წლის შემაჯამებელი და ახლის პროგნოზების პოსტი უნდა გამოვაცხო ახლა, კვირა დილით, ყავით, ხალიჩაზე მოკალათებულმა. გადავეჩვიე ამ პროცესს, წარმატებები მისურვეთ.

წინა წლის "საუნდრეკად" შეიძლება ეს  სიმღერა ჩავთვალოთ - ერთ სხვაობით, სინამდვილეში დაკარგული და ორჯერ მეტი ვიყავი, ინერციით მივდიოდი და ეგ იყო.

კარგი ამბებიც მოხდა, რა თქმა უნდა.
თავიდან კარგი და მერე ცუდი და საბოლოოდ კარგი ამბებიც.
მაგისტრი გავხდი ივლისში.
IT კოლეჯი დავამთავრე აგვისტოში.
ცოტა "დავისვენე" და დაიწყო cv-ების გზავნის, გასაუბრებებზე სიარულის და ტესტების წერის გაუთავებელი პროცესი. აქვე უნდა ვთქვა, რა საოცარი ვაკანსიები დევს, რამდენად ადეკვატურები და ინფორმაციულები არიან ვაკანსიის დადებისას და რა საოცრად მოწესრიგებულია ეგ ამბები ჩვენ ქვეყანაში.

Monday, September 1, 2014

განწყობის

წა-მოდი რა,
მერე რა, რომ ჩემთან ბნელა და ნესტია
მერე რა, რომ ხელები მაქვს სულ ცივი
მერე რა, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ

წა-მოდი რა,
თუნდაც მკერდი მქონდეს პატარა
თუნდაც არ ვიყო ცეცლხმომდები ქალი
თუნდაც ჩემზე 10-ჯერ უკეთესი გელოდეს-
მე მომხედე რა
მე ხომ ვერ გეძახი,
მე ხომ ვერ გიჭერ,
მე ხომ ვერ ვიბრძვი

Friday, December 6, 2013

სათაურმოუფიქრებელი ამბავი შუშანიკაზე(ნამთვრალევი პოსტი)


შუშანიკა კაცია.  შუშანიკა კი ჰქვია, მაგრამ მაინც კაცია. თან ქართველია, გვარი ძე-ზე უმთავრდება და, მერწმუნეთ, ასე ძალიან ქართველობით მის გარდა ვერავინ იამაყებს. შუშანიკა რომ დაარქვეს, რა ქნას ახლა, ამის ბრალი ხომ არაა. სცადა კაცმა, რაც შეეძლო და პირველი დღეები გამწარებული ტიროდა, არ დამარქვათ ეგ სახელიო. აბა, პატარას ვის რა გასვლია თავისი, ამ საწყალს ხომ სულ ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და ატირებდა.
ასე თუ ისე (და, სხვათაშორის, არც თუ ცუდად), გაიზარდა ჩვენი შუშანიკა, დაკაცდა, ცხოვრებას მოეწია.  ცოლიც ჰყავს, შვილებიც. აბა, რა გეგონათ? კაცია, შნო აქვს და შეიფერა კიდეც ცხოვრება.  სახლი იყიდა ისეთი, დილით აივანზე რომ გამომზეურდება საცვლების ამარა და ღიპს გამოანიავებს(რა გვჭირს ახლა საიმისო, ორმოცს გადაცილებულ კაცს პატარა ღიპი ვერ ვაპატიოთ) ორი-სამი მეზობლის შურიან მზერას მაინც დაიჭერს. კმაყოფილი ჩაიღიმებს, ხელებს გულზე დაიტყაპუნებს, დილის სუფთა ჰაერზე მოწეულ სიგარეტს რა ჯობიაო-არც გაბოლება გამორჩება და, ცოლის უჩუმრად “ბიჩოკს”(ფუი, ამ ბარბარიზმებისა რა ვთქვი, ნამწვს, კაცო ნამწვს) კუთხეში მიდგმული კოხტა კალათის მაგივრად აივნიდან რომ გადააგდებს, დილისრიტუალშესრულებული შებრუნდება სახლში.

 ოჰ, რომ იცოდეთ ცოლიც როგორი ჰყავს ჩვენ შუშანიკას! ქალი და როგორი! მაღალი, სავსე კი არა, მწიფე შემოდგომასავით მოსული ჯიქნით, გადათქვირული გულითა და ჯიშიანი ფეხებით. და პირისკანი? თეთრყირმიზა და დიდშუბლა ქალია, ჯანმრთელი და ფერხორციანი.
-  აბა, იმ ხორცგაღლეტილ გოგუშკებივით ხომ არ ვიქნებიო,-ამაყად იტყვის ხოლმე თვითონაც და მადიანად გადაისვამს სავსე ტუჩებზე წითელ პომადას.
შუშანიკამაც იცის ცოლის ფასი:
- გემივით ქალია ჩემი რუსუდანიო, ჩემი ოჯახის ქალიო, ოქროს დედა და, ბიჭებო, რა დიასახლისიო_ გაიჯგიმება ხოლმე, მეც მაგარი ვარ, ეგეთი ცოლი რომ მყავსო.
ახლა შვილებს არ იკითხავთ? ოჯახის სიამაყეები, დედ-მამის იმედები. ქეთევანი, დედის კვალზე წასული, მაღალი და თამთამა ქალი, მეორე კურსს ამთავრებს უნივერსიტეტში და, როგორც შუშანიკა წაიწუწუნებს ხოლმე, მაგის თაყვანისმცემლების ალაგმვას ვერ აუდის ამხელა კაცი.
ბიჭი, დავითი, დამათავრებელი კლასის მოსწავლე, დასავით ბრწყინვალედ ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა, სიმართლე ვთქვათ და ხელი უფრო ხშირად მამის მანქანისკენ გაურბის, გული და გონება კი- მეგობრებში გასართობად და მუშტის(ქხმ, კრივში ნავარჯიშევი დიდი ტორის) საქნევად.
-აბაო, კაციაო, ისე გაზარდეთ მე და დედამისმა რო, თავს არავის დააჩაგვრინებსო,- იტყვის ხოლმე შემდგარი მამა და ხელს მუხლზე დაირტყამს, თავის ნათქვამს ბეჭედს დაუსვამს თითქოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერად ცხოვრობს შუშანიკა –ძე, ჰყავს, ოჯახი, მეგობრები, სამსახურიც "მაგარი" კაცის სახელთან ერთად სახრავსაც კარგად აძლევს(როგორც პირდაპირ, ისე –ირიბად) და გაჰყავს დრო ხან ძმაკაცებთან, ხან სამსახურში, ხან ცოლთან და ხანაც არაცოლებთან ერთად.

მაგრამ როდის ყოფილა კაცის ცხოვრება მთლად სრულყოფილი და აუმღვრეველი? იქნებ ვინმესი არის კიდევაც, მაგრამ შუშანიკასი არ გამოდგა. მისი თავის ტკივილი კი ერთ მართლა თავისტკივილიან დილას გამოეცხადა. გამოეცხადა რა, მეზობლად გადმოვიდა აივნის მხრიდან.

Wednesday, April 10, 2013

იმედებზე და ახალ მოფიქრებაზე ანუ welcome


იმედებზე:

იმედი იმის მაქვს, რომ ბლოგს გამოვაცოცხლებ. არა, გამოვაცოცხლებ კი არა, გამოვამზეურებ.

კიდევ იმის, რომ ეს გამომზეურება გამომივა.

იმისაც, რომ მოგეწონებათ.
სულ სულ გულის სიღრმეში იმისა, რომ ძალიან მოგეწონებათ და წაკითხვა მოგინდებათ ხოლმე :დ


ახალ მოფიქრებაზე:
ახალი მოფიქრება კი არა სიყვარულოვნას იდეაა, დღეს მივადექი დაჩაგრული ბავშვივით და რჩევა ვთხოვე. ჰოდა TIMHA მირჩია. სახელი ცოტა მოჩინუროდ კი ჟღერს, მაგრამ საინტერესო რამეა და ასე იშიფრება: things I'm happy about მოკლედ, უნდა ავდგე და ყოველდღე ჩემ ცხოვრებაში რაღაც პოზიტივი ვიპოვო, რაც გამახარებს, გუნებას გამომიკეთებს და, რა თქმა უნდა, ამაზე პოსტი უნდა დავწერო.



სიმართლე ვთქვა, ცოტა უჩვეულოა ასე პირდაპირ წერა, ჩემი წერის მანერის და "ჩახლართულობების" გარეშე და გამომივა იმედია.


ჰოდა, მკითხველებო(თუ ასეთები აღმოჩნდებით), ან შემთხვევითი წკაპით შემოხეტიალებულებო, კეთილი იყოს თქვენი მოხვედრა ჩემ ბლოგზე :)


ჰო მართლა, ჩემი დღევანდელი დღის მთავარი TIMHA ისაა, რომ სიყვარულოვნას ვიცნობ. ისე გამიხარდა, რომ გამახსენდა დღეს ეს გოგო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ- დაგმუხტავთ დადებითად, მოგქოქავთ, იდეასაც შემოგაშველებთ და მეტი რაღა უნდა იყოს საჭირო, ადამიანი რომ გაგიხარდეს კაცს <3