Monday, September 1, 2014

განწყობის

წა-მოდი რა,
მერე რა, რომ ჩემთან ბნელა და ნესტია
მერე რა, რომ ხელები მაქვს სულ ცივი
მერე რა, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ

წა-მოდი რა,
თუნდაც მკერდი მქონდეს პატარა
თუნდაც არ ვიყო ცეცლხმომდები ქალი
თუნდაც ჩემზე 10-ჯერ უკეთესი გელოდეს-
მე მომხედე რა
მე ხომ ვერ გეძახი,
მე ხომ ვერ გიჭერ,
მე ხომ ვერ ვიბრძვი

Sunday, July 13, 2014

მჯერა-არ მჯერა (სუბიექტურ-დასიცხული პოსტი)


მჯერა ღმერთის.
აუჰ აუჰ აუჰ ეს რა თქვა დაიღუპა და ბლა ბლა ბლა გაფიქრებები რომ გადაგივლით
ან უი უი უი მორწმუნე ყოფილა და აბა მაშინ ასე მოკლე კაბით რას დასეირნობს(ცოდვაა "კ სტაწი" ეს ფიქრი)  და რომელ ეკლესიაში დადის ნეტა და ბლა ბლა გაფიქრებების მერე გეტყვით
რომ მე სხვა ღმერთის მჯერა.
იმის არა, რომელსაც ტიკინასავით დაარბენინებთ კაცობრიობა აქეთ-იქით და ხან მისი ლანძღვით და დაცინვით ცდილობთ მიზნების მიღწევას, ხან კი ქება-დიდებით მანიპულირებთ და ადამიანებს სათქვენოდ იყენებთ (ადამიანებით მანიპულირება კი ყველაზე მაგარი გასართობია, ყველაზე აზარტული და საინტერესო, გეთანხმებით)
არც იმის, რომ ჯოჯოხეთი მარტო ცეცხლია და სამოთხეში თავზე ოქროსრგოლდარჭობილები ქნარზე დავუკრავთ;
არ მჯერა, რომ ღმერთი წვეროსანი პაპაა, რომელმაც 6 კალენდარულ დღეში შექმნა სამყარო, მეექვსე დღეს საღამოს კი ფაცაფუცით დაიბანა ტალახიანი ხელები და თავის საბრძანებელში გაიქცა, არიქა, დასვენების დღეა ხვალ და ამაღამ ჩემ შოუებს ვუყურებ ლუდის ფონზეო(ისე საინტერესო იქნებოდა ასეთი ღმერთი)

Monday, May 12, 2014

პოსტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე თემაზე

სინდისი კი მქნეჯნის ცოტათი, ასეთი ტონით და სიტყვებით(საერთოდ ქართულ ენას ვუფრთხილდები ხოლმე) დაწერილი პოსტი რომ უნდა დავდო ბლოგზე. მაგრამ სადმე ხომ უნდა ვთქვა.

17 მაისი აქამდე რა უწყინარი დღე იყო ხოლმე. 21 მშვიდობიანი და შეუმჩნეველი 17 მაისი მქონდა აქამდე. გული მწყდება.
ამ ხალხის ძალიან მიკვირს. შეგრძნებით მაინც ვერ ხვდებიან, რომ ამ ქვეყანაზე ყველა დროს ერთი და იგივე იყო, არის და იქნება? რომ ეხლა არ გამოჩეკილან გეები, ტრანსგენდერები და ა. შ. ადრეც იყვნენ, ყველა დროში, ყველა ეპოქაში და ყოველთვის. ეს ფამუქი რომ გაქვთ ამოღებული მიზანში და გააღმერთოთ ლამის, იქიდან მაინც ვერ აკეთებთ დასკვნებს? რა ეხლა აგვიტყდა ყველა გამრუდების გასწორება?
შეეშვით პროპაგანდასაც, წინააღმდეგობასაც და საკუთარ საქმეს მიხედეთ ყველამ. ყველამ.

ისე ფიზიკაში გვასწავლეს ერთი კარგი კანონი: რაზეც არ უნდა იმოქმედო რაიმე სახის ძალით, ის ზუსტად ტოლი სიძლიერის წინააღმდეგობას დაგიბრუნებს(ნამეტანი ლამაზი სიტყვებით როგორ ითქმის არ მახსოვს)
ჰოდა ეგ და სხვა კანონებიც მარტო საცდელ ბურთულებზე და ბერკეტებზე და იმ ნივთებზე კი არ ვრცელდებოდა, ფიზიკის კაბინეტში რომ ეწყო და წიგნი რომ დახურეთ და საკონტროლოში სამიანი გააწიალეთ იქ კი არ დამთავრდა, მთელი ქვეყანა ეგრე მუშაობს.
ამიტომ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ, მით მეტი დაწოლა მოვა და მოგვიმრავლდება 17 მაისები და ამბები.("კ სტაწი" რამდენიმე ცოტა შნოიანი კი მოღუნავს ოხრად ფულს და ჩვენ ვაგინოთ ერთმანეთს რა პრობლემაა, მაგის მეტი რა გვიკეთებია)


Wednesday, April 9, 2014

რჩევა ჩემნაირებს ბიჭებსა ზედა (და არამარტო)

პოსტამდე: განწყობისთვის
პოსტი დავწერე დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ აღნავლებული კატასავით ვიქცეოდი. 
ვაქვეყნებ დღეს- ჩემი თავით კმაყოფილების აღსანიშნავად.

N1. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
N2. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
N3. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
მართლა.

Tuesday, April 1, 2014

დიდი ხნის წინ წასულს

მე მენატრები
რას ვიფიქრებდი თუ ასე ძალიან

როცა ვიკარგები, ვიბნევი და არ ვიცი რა ვქნა მაშინ მახსენდები.
დამლაპარაკებელი როცა მინდა შენნაირი სულის და სანდო.

მინდა რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.
მაგრამ აღარ ხარ.
სამაგიეროდ სააღდგომოდ ჩამოვლენ შენ საფლავზე ყველანი.

მე ის მაკლია, რომ შუბლში აღარ მკოცნი.
და აღარც არაფერია თავის ადგილზე.

არადა ეხლა როგორ მჭირდები.
როცა გავიზარდე და ჩემი წილი შეცდომების დაშვების მეშინია.

Friday, February 21, 2014

პარასკევი საღამოს პოსტი (ჩამონათვლებიანი)


ჩამონათვლამდე - მუსიკა ქარიანი საღამოს დასაამებლად 
  • სათაურიდანვე ჩანს- პარასკვი საღამოა.
  • ქარია გარეთ. გულისგამაწვრილებლად დაქრის აქეთ-იქით. მის ადგილას დავიღლებოდი და გავჩერდებოდი. მაგრამ ამას ან რა დაღლის, ან რა გააჩერებს.
  • ახალი ამბები? არაფერი სერიოზული. მაღლივი თითქმის ბოლოში გავიყვანე- აღარ მექნება სემინარები, ლექციები, გამოცდები. დარჩა მხოლოდ ერთი პროექტის დაწერა და მორჩა.
  • IT აკადემიაში ვსწავლობ ქსელებისა და სისტემების ფაკულტეტზე. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თვალები შუბლზე ასხდება ამის გაგებისას და ავტომატურად მეკითხებიან "შენ მანდ რა გინდა?" მინდა, ხალხო, მინდა.
  • ვეძებ სამსახურს- რომელშიც ადეკვატურად გადამიხდიან(ხოხ) და ადამიანის(და არა სპილოს ) ამტანობაზე გათვლილი საქმე მექნება.
  • დღეს აღმოვაჩინ,ე რომ ჩემი ჰემოგლობინის დონე სადღაც მარიანის ღრმულის ფსკერს უახლოვდება. ძლივს ვმგზავრობ, სულ მეძინება, დავსუსტდი- დღეიდან უცაბედი თავბრუსხვევები და მიბნედილი გამოხედვა ჩემი მომხიბლაობის ელემენტები აღარ იქნება (მივაწვეთ ჯანმრთელი ადამიანის ფერს).
  • ყავა ჩემი არსებობის ერთ-ერთი სიხარულია.
  • მელანქოლიურ ბუნებაზე ვეწყობი (მზე თევზებში გადაბრძანდა პრინციპში-ასტრო გადახვევა).
  • ლილიტი გავიდა კირჩხიბიდან -მეორე ასტრო გადახვევა, რომელიც მიხარია.
  • ჩემი ღიმილი უყვართ ^_^
  • ადამიანები ისევ არ იცვლებიან(ჩემ გარშემო ადამიანები ყოველ შემთხვევაში- ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არა.
  • ახალი რამის შესაქმნელ-შესაკერად მექავება ხელები ^^ (ჰო, ამ სიცილაკების და იეროგლიფების წერას მეტისმეტად მივეჩვიე).
  • პატარა ჩანართი ბედისწერაზე, რომელზეც ერთ საინტერესო ვინმეს ვესაუბრე-

Sunday, January 5, 2014

2013-ზე(მოკლე პოსტი)

კარგა ხანია, ვფიქრობ რომ უნდა დავწერო პოსტი 2013-ზე, ჯერ კიდევ შარშან(უკვე) დავიწყე ამაზე ფიქრი, და მხოლოდ ერთი რამ დავასკვენი: სრულიად მშვიდი წელი იყო (დიდ პოსტს არ დაელოდოთ). ცუდი? არა, არა, ისეთი, როგორიც მჭირდებოდა. აზრზე მოსასვლელად, რაღაცების მოსახარშად, გადასახარშადაც, დამესვენა და ტვინში ხარისხიანი დასუფთავება ჩამეტარებინა.
ასე რომ, დიდი მადლობა 2013-ო,  დასვენების და კომფორტის საშუალება რომ მომეცი, რამდენიმე შესანიშნავი გაკვეთილი ჩამიტარე, ახალი მეგობრები მაჩუქე და ამომასუნთქე( ანუ პრობლემებს ერთბაშად არ მაყრიდი, არჩიე, თანმიმდევრობით მოგეწოდებინა,  კარგი იყო^_^)
კიდევ ერთ მადლობა უნდა გითხრა. გარდა გაკვეთილებისა, მშვენიერი შესაძლებლობებიც გამიშალე და ბეევრი რამ დამანახე, ბევრ საინტერესო რამეს ჩაუყარე საფუძველი და იმედი მაქვს, რაღაცებს განვახორციელებ. ვეცდები, ყოველ შემთხვევაში.
საბოლოოდ, ჩემთვის შენ წარმოიდგინე და კარგი წელი იყავი.
მშვიდობით.


ჰო, მართლა, ყველას გილოცავთ ახალ წელს.

Friday, December 20, 2013

"ალბათსიყვარულის" ისტორია(უსურათო პოსტი)

მოთხრობა ყველაზე კარგი მაშინ გამოდის, როცა იმას წერ რაც სარკეში დაინახე, თუნდაც ხუთი წლის შემდეგ სარკე ყოფილიყო.


არ ვიცი, როგორ დავიწყო. ჩემნაირი კაცი რომ საერთოდ წერას დაიწყებს, იქ უნდა იფიქრო, წასულია ამის საქმეო. წასულია მგონი მართლა. აქამდეც მაგიტომ მოვედი. ვიზეც უნდა დავწერო, ის ჩხაპნიდა ხოლმე. გამახსენდა და გადავწყვიტე ვცადო. ჩემი რა მიდის -დრო და ნორმალურობის ბოლო ნაშთები. რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც ეშმაკად შემიჩნდა და მეც ვცდი.
გოგოზე უნდა დავწერო, რომელსაც ვუყვარდი. დიდი ხნის წინ, სტუდენტები რომ ვიყავით. ერთი ჩვეულებრივი ვინმე იყო, არც ლამაზი, არც რამე. გულდახურული იყო საკმაოდ და კომპლექსები ჰქონდა ოხრად. არ მიყვარდა. მოკლედ, რაღაც იყო თუ არც იყო, ყველაფერი ისე მინდოდა გამოსულიყო, რომ გული არ სტკენოდა და, მგონი, გამოვიდა კიდეც. მერეც მეკონტაქტებოდა ხოლმე, მეხმარებოდა, ხან სასწავლებელში, უფრო მეტად კი ყველაზე საჩოთირო კითხვებზე პასუხისთვის მჭირდებოდა, იქნებოდა ეს ქალური ამბები თუ პირადი პრობლემები. სხვა მხრივ, მეტისმეტად დამღლელი და ტვინის მბურღავი ადამიანი იყო, პასუხის პირდაპირ გაცემა არ იცოდა არასდროს.
ეხლა წლები გავიდა, რაღა წლები, ექვსი წელი, რაც ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. სასწავლებელი დავამთავრეთ და მორჩა იქ, იმაზე აღარაფერი გამიგია.
ეხლახანს შემახსენა თავი. შემახსენა რა, გამოჩნდა, თორემ მგონი არც იცის, მეზობელი რომ ვარ. ჰო, რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად ჩემსავე სადარბაზოში. მისი სახლი ისეა ჩემთან, რომ აივანი ხელისგულზე მაქვს და ხმაც მშვენივრად ისმის. თავიდან მეგონა, ვიღაც ბობოლები გადმოდიოდნენ- ახალაშენებული სახლი სულ გადააკეთეს, აივანი გააფართოვეს, შეზლონგები დადგეს, გაალამაზეს. როცა ბოლოს და ბოლოს, ეს სამეზობლოს სატანჯველი დამთავრდა, სამნი გადმოვიდნენ. ქალი, კაცი და ბავშვი. აბა, რას ვიფიქრებდი, ან წარმოვიდგენდი, ან რატომ უნდა მეფიქრა და წარმომედგინა, რომ ის იქნებოდა?
ვინ იყო, ერთ საღამოს აღმოვაჩინე, აივანზე რომ გამოვედი ცოტა ხნით დასაჯდომად. მაშინ დავინახე, რომ  შეზლონგზე ვიღაც  ქალი იწვა და კითხულობდა. თმა გვარიანად ჭაღარა ჰქონდა, სხეული კი ახალგაზრდასი. მაშინ გამახსენდა პირველად და გამეღიმა, როგორ ერეოდა თეთრი თმა, ის კი არ იღებავდა. უცნაურად შემიხტა გული, აი, საზიზღრად რომანტიკულად და უფრო კარგად დავაკვირდი. ან რა დაკვირვება უნდოდა, ის იყო. გასაკვირად კარგად მახსოვდა გარეგნობა, ფორმები. ის იყო რა. შეცვლილიც და იგივეც.
გამიხარდა დანახვა, შინაური მყუდროების გრძნობა გამიჩნდა. აი, რეებს ვწერ, გრძნობა გამიჩნდა მეთქი. ან რა არის შინაური მყუდროების გრძნობა? არ ვიცი. აი, ეგეთი რამე კი მომივიდა თავში. იმის გავლენაა, თავს დავდებ.

Friday, December 6, 2013

სათაურმოუფიქრებელი ამბავი შუშანიკაზე(ნამთვრალევი პოსტი)


შუშანიკა კაცია.  შუშანიკა კი ჰქვია, მაგრამ მაინც კაცია. თან ქართველია, გვარი ძე-ზე უმთავრდება და, მერწმუნეთ, ასე ძალიან ქართველობით მის გარდა ვერავინ იამაყებს. შუშანიკა რომ დაარქვეს, რა ქნას ახლა, ამის ბრალი ხომ არაა. სცადა კაცმა, რაც შეეძლო და პირველი დღეები გამწარებული ტიროდა, არ დამარქვათ ეგ სახელიო. აბა, პატარას ვის რა გასვლია თავისი, ამ საწყალს ხომ სულ ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და ატირებდა.
ასე თუ ისე (და, სხვათაშორის, არც თუ ცუდად), გაიზარდა ჩვენი შუშანიკა, დაკაცდა, ცხოვრებას მოეწია.  ცოლიც ჰყავს, შვილებიც. აბა, რა გეგონათ? კაცია, შნო აქვს და შეიფერა კიდეც ცხოვრება.  სახლი იყიდა ისეთი, დილით აივანზე რომ გამომზეურდება საცვლების ამარა და ღიპს გამოანიავებს(რა გვჭირს ახლა საიმისო, ორმოცს გადაცილებულ კაცს პატარა ღიპი ვერ ვაპატიოთ) ორი-სამი მეზობლის შურიან მზერას მაინც დაიჭერს. კმაყოფილი ჩაიღიმებს, ხელებს გულზე დაიტყაპუნებს, დილის სუფთა ჰაერზე მოწეულ სიგარეტს რა ჯობიაო-არც გაბოლება გამორჩება და, ცოლის უჩუმრად “ბიჩოკს”(ფუი, ამ ბარბარიზმებისა რა ვთქვი, ნამწვს, კაცო ნამწვს) კუთხეში მიდგმული კოხტა კალათის მაგივრად აივნიდან რომ გადააგდებს, დილისრიტუალშესრულებული შებრუნდება სახლში.

 ოჰ, რომ იცოდეთ ცოლიც როგორი ჰყავს ჩვენ შუშანიკას! ქალი და როგორი! მაღალი, სავსე კი არა, მწიფე შემოდგომასავით მოსული ჯიქნით, გადათქვირული გულითა და ჯიშიანი ფეხებით. და პირისკანი? თეთრყირმიზა და დიდშუბლა ქალია, ჯანმრთელი და ფერხორციანი.
-  აბა, იმ ხორცგაღლეტილ გოგუშკებივით ხომ არ ვიქნებიო,-ამაყად იტყვის ხოლმე თვითონაც და მადიანად გადაისვამს სავსე ტუჩებზე წითელ პომადას.
შუშანიკამაც იცის ცოლის ფასი:
- გემივით ქალია ჩემი რუსუდანიო, ჩემი ოჯახის ქალიო, ოქროს დედა და, ბიჭებო, რა დიასახლისიო_ გაიჯგიმება ხოლმე, მეც მაგარი ვარ, ეგეთი ცოლი რომ მყავსო.
ახლა შვილებს არ იკითხავთ? ოჯახის სიამაყეები, დედ-მამის იმედები. ქეთევანი, დედის კვალზე წასული, მაღალი და თამთამა ქალი, მეორე კურსს ამთავრებს უნივერსიტეტში და, როგორც შუშანიკა წაიწუწუნებს ხოლმე, მაგის თაყვანისმცემლების ალაგმვას ვერ აუდის ამხელა კაცი.
ბიჭი, დავითი, დამათავრებელი კლასის მოსწავლე, დასავით ბრწყინვალედ ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა, სიმართლე ვთქვათ და ხელი უფრო ხშირად მამის მანქანისკენ გაურბის, გული და გონება კი- მეგობრებში გასართობად და მუშტის(ქხმ, კრივში ნავარჯიშევი დიდი ტორის) საქნევად.
-აბაო, კაციაო, ისე გაზარდეთ მე და დედამისმა რო, თავს არავის დააჩაგვრინებსო,- იტყვის ხოლმე შემდგარი მამა და ხელს მუხლზე დაირტყამს, თავის ნათქვამს ბეჭედს დაუსვამს თითქოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერად ცხოვრობს შუშანიკა –ძე, ჰყავს, ოჯახი, მეგობრები, სამსახურიც "მაგარი" კაცის სახელთან ერთად სახრავსაც კარგად აძლევს(როგორც პირდაპირ, ისე –ირიბად) და გაჰყავს დრო ხან ძმაკაცებთან, ხან სამსახურში, ხან ცოლთან და ხანაც არაცოლებთან ერთად.

მაგრამ როდის ყოფილა კაცის ცხოვრება მთლად სრულყოფილი და აუმღვრეველი? იქნებ ვინმესი არის კიდევაც, მაგრამ შუშანიკასი არ გამოდგა. მისი თავის ტკივილი კი ერთ მართლა თავისტკივილიან დილას გამოეცხადა. გამოეცხადა რა, მეზობლად გადმოვიდა აივნის მხრიდან.

Tuesday, November 26, 2013

ჩხაპნა-ჩხაკუნი, ანუ არც ისე კარგი ინსტრუქცია ორისათვის

დღე 
გამთენიისას ჩამოვფრინდი. ერთადერთი შეგრძნებით-დაღლილობით და ერთადერთი სურვილით- წყლის გადავლების. არადა, მეგონა, ემოციები გადამავსებდა, ვიტირებდი ან ვიცინებდი, ან სულაც ვიყვირებდი. სამწუხაროდ, აეროპორტები, მრავალსაათიანი ფრენები და ბარგის მოლოდინი სენტიმენტალიზმს კლავს. ასე რომ,  სრული ორი წლის, ხუთი თვისა და ორი დღის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ქალაქს_ჩემოდნით, ჩანთით, საკმად გასუქებული საბანკო ანგარიშითა და აწყობილი კარიერით, ცხოვრებანანახი ახალგაზრდა ქალი.