Friday, December 20, 2013

"ალბათსიყვარულის" ისტორია(უსურათო პოსტი)

მოთხრობა ყველაზე კარგი მაშინ გამოდის, როცა იმას წერ რაც სარკეში დაინახე, თუნდაც ხუთი წლის შემდეგ სარკე ყოფილიყო.


არ ვიცი, როგორ დავიწყო. ჩემნაირი კაცი რომ საერთოდ წერას დაიწყებს, იქ უნდა იფიქრო, წასულია ამის საქმეო. წასულია მგონი მართლა. აქამდეც მაგიტომ მოვედი. ვიზეც უნდა დავწერო, ის ჩხაპნიდა ხოლმე. გამახსენდა და გადავწყვიტე ვცადო. ჩემი რა მიდის -დრო და ნორმალურობის ბოლო ნაშთები. რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც ეშმაკად შემიჩნდა და მეც ვცდი.
გოგოზე უნდა დავწერო, რომელსაც ვუყვარდი. დიდი ხნის წინ, სტუდენტები რომ ვიყავით. ერთი ჩვეულებრივი ვინმე იყო, არც ლამაზი, არც რამე. გულდახურული იყო საკმაოდ და კომპლექსები ჰქონდა ოხრად. არ მიყვარდა. მოკლედ, რაღაც იყო თუ არც იყო, ყველაფერი ისე მინდოდა გამოსულიყო, რომ გული არ სტკენოდა და, მგონი, გამოვიდა კიდეც. მერეც მეკონტაქტებოდა ხოლმე, მეხმარებოდა, ხან სასწავლებელში, უფრო მეტად კი ყველაზე საჩოთირო კითხვებზე პასუხისთვის მჭირდებოდა, იქნებოდა ეს ქალური ამბები თუ პირადი პრობლემები. სხვა მხრივ, მეტისმეტად დამღლელი და ტვინის მბურღავი ადამიანი იყო, პასუხის პირდაპირ გაცემა არ იცოდა არასდროს.
ეხლა წლები გავიდა, რაღა წლები, ექვსი წელი, რაც ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. სასწავლებელი დავამთავრეთ და მორჩა იქ, იმაზე აღარაფერი გამიგია.
ეხლახანს შემახსენა თავი. შემახსენა რა, გამოჩნდა, თორემ მგონი არც იცის, მეზობელი რომ ვარ. ჰო, რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად ჩემსავე სადარბაზოში. მისი სახლი ისეა ჩემთან, რომ აივანი ხელისგულზე მაქვს და ხმაც მშვენივრად ისმის. თავიდან მეგონა, ვიღაც ბობოლები გადმოდიოდნენ- ახალაშენებული სახლი სულ გადააკეთეს, აივანი გააფართოვეს, შეზლონგები დადგეს, გაალამაზეს. როცა ბოლოს და ბოლოს, ეს სამეზობლოს სატანჯველი დამთავრდა, სამნი გადმოვიდნენ. ქალი, კაცი და ბავშვი. აბა, რას ვიფიქრებდი, ან წარმოვიდგენდი, ან რატომ უნდა მეფიქრა და წარმომედგინა, რომ ის იქნებოდა?
ვინ იყო, ერთ საღამოს აღმოვაჩინე, აივანზე რომ გამოვედი ცოტა ხნით დასაჯდომად. მაშინ დავინახე, რომ  შეზლონგზე ვიღაც  ქალი იწვა და კითხულობდა. თმა გვარიანად ჭაღარა ჰქონდა, სხეული კი ახალგაზრდასი. მაშინ გამახსენდა პირველად და გამეღიმა, როგორ ერეოდა თეთრი თმა, ის კი არ იღებავდა. უცნაურად შემიხტა გული, აი, საზიზღრად რომანტიკულად და უფრო კარგად დავაკვირდი. ან რა დაკვირვება უნდოდა, ის იყო. გასაკვირად კარგად მახსოვდა გარეგნობა, ფორმები. ის იყო რა. შეცვლილიც და იგივეც.
გამიხარდა დანახვა, შინაური მყუდროების გრძნობა გამიჩნდა. აი, რეებს ვწერ, გრძნობა გამიჩნდა მეთქი. ან რა არის შინაური მყუდროების გრძნობა? არ ვიცი. აი, ეგეთი რამე კი მომივიდა თავში. იმის გავლენაა, თავს დავდებ.
რას ვამბობდი, გადმოვიდნენ მეთქი. შვილი ჰყოლია. ქმარიც. ბედნიერიც ჩანს. გალამაზებულა. არა, არ შეცვლილა, ისევ ისეთია, ისევ გაჭაღარავებული თმით, ისევ ისეთი ღიმილით. ოღონდ ეხლა რომ ვხედავ, მიხარია ხოლმე, შიგნით, რაღაცა.
ეხლა, რაც დათბა, აივანზე მოიწყო სამუშაო. არ ვიცი, რას საქმიანობს, წერს, მგონი, რაღაცებს. მოკლედ ისე დადგა მაგიდა, რომ აივანზე გამოდის ნაწილი და როცა წერს, იმის ფეხები ჩანს ხოლმე მაგიდის ქვევიდან გამოყოფილი. მოუსვენარი ფეხები აქვს, ისევ ბავშვური და პატარა, ოღონდ ეხლა სულ ლაქი უსვია ხოლმე და ტატუ აქვს მგონი. რას წარმოვიდგენდი, ამას თუ როდისმე ტატუ ექნებოდა!  ინტერესი მკლავს- ვერ გავიგე, რა არის. აი, ფეხების ყურებით კი ვერთობი ხოლმე. მოუსვენარი, პატარა, გალაქულ-ჩახატული ფეხებით, მზით გამთბარ იატაკზე რომ დააწყობს ხოლმე, ხან ატყაპუნებს, ხან კი ბალერინასავით(ალბათ, თორე მე ბალეტი არასდროს მინახავს, რა წამიყვანდა) დაჭიმული უწყვია. გავგიჟდი ამხელა კაცი, ხომ ვამბობ! მთელი დღე რომ ქალის, რომ არ გინდოდა და გაბეზრებდა იმ ქალის ფეხებს მიშტერებიხარ ცოლიანი კაცი და მთლიანად როდის გამოჩნდება, იმ მომენტს დარაჯობ, გიჟი ხარ, აბა რა ხარ.

....
ეს შვებულება ჭირად მექცა. ქალაქიდან ვერ გავდივარ ჩემი ცოლის გადამკიდე, მუშაობს და არც მე მიშვებს მარტოს არსად. ვატარებ მთელ დროს აივანზე და თვალთვალში, უკვე ინსტიქტურად გამიჯდა თვალის მარჯვნივ გაპარება.
არა, იმდღეს რა იყო!
დილით გამოვედი აივანზე, ათის ნახევარი იქნებოდა, გავაპარე თვალი, არ იყო იქ და დავდექი მშვიდად, სძინავს ალბათ მეთქი. იმის ქმარი გამოვიდა სადარბაზოდან, მანქანისკენ გაალაჯა(მაინც რამსიმაღლეა ეს ოხერი!), რომ ამის ხმა გავიგონე:
 -დოდ, დოდ, დამელოდე, დაგავიწყდაო-აივანზე გამომდგარიყო სიფრიფანა პიჟამოს ამარა და და ეძახოდა. აუ, ბიჭო! რა დამემართა! გრძელ თმაზე მზე გადასდიოდა, არეული კულულები მხრებზე ეყრებოდა და სულ ცოტა ახლოსაც რომ ვყოფილიყავი, გარკვევით დავინახავდი მაგის კერტებს ფრიალა მაისურში.
რა ჭირი მეტაკა! თვალწინ დამიტრიალდა მაგის მკერდი, პატარა ძუძუები, ერთი ოდნავ დიდი, ჩემ წინ რომ გაშიშვლდებოდნენ ხოლმე და დაბნეულ სახესთან შეუსაბამოდ ურცხვად მეძახდნენ. სისხლი წამივიდა თავში, რას გადმოიდოდა აქ ეს არანორმალური! აღარ ვარ კაცი!
ამასობაში ამ ეშმაკის ნაშიერმა ის თავისი აყლაყუდა დოდი მოახედა და სახლში შევარდა. დაველოდე. სამ წუთში ქვევით გაჩნდა, შარვალი ამოეცვა, სპორტული ჯაკეტიც მოეგდო. ჩავიდა და ტაბლეტი მიართვა იმ თავის ტროლს. რა ვქნა, გავცოფდი! აბა რა იყო, მთელი სამეზობლოს წინ, რომ დაუწყო იმ ზედის გასწორება და ტუჩებშიც რომ მისწვდა! იმ ჟირაფმა კიდე! აიღო და უკანალზე არ დააწყო ხელები?! ძლივს გასცილდნენ ერთმანეთს. ერთი სიკვდილი გავათავე. იმან, იმან, აღარ ვიტყვი ვინ, ამის უკანალს, პატარა, მკვრივ დუნდულებს ხელი დააკარა! ხელებმა უცებ გაიხსენეს, როგორ.. და ტუჩები? ქვედა ტუჩი ცოტა სქელი რომ ჰქონდა! წესივრად კოცნა რომ არ გამოსდიოდა ხოლმე... ნეტა ენა ისევ ასაჭრელი აქვს? გამახსენდა, როგორი დაძაბული იყო ხოლმე და ჩამწყდა რაღაც... ამ მთის საფრთხობელასთან სულ არ ეტყობოდა მორიდება და უხერხულობა.  საქმე ცუდად მაქვს.
სახლში შევბრუნდი. ჩემი ცოლი თითქმის მზადაა სამსახურში წასასვლელად. ლამაზია. თითქმის ჩემსიმაღლეა, გრძელფეხა, თეთრი, მარმარილოსავით კანით. გრძელი თითები აქვს და ულამაზესი კისერი. სწორი თმა აქვს, უნაკლო მაკიაჟი გაუკეთებია, ახლა კოსას დაიხვევს და გამიღიმებს- ხომ ლამაზი ვარო. ლამაზია, მართლა. ვეტყვი კიდევაც.  ოღონდ ეს საკოცნელად არ მოვა, ხელი თუ წავავლე, მომიშორებს, დამაგვიანდება, გამწეწავ, პომადას გამიფუჭებ ან რამე მიზეზით, არც წეღანდელივით სისხლი მომაწვება საფეთქლებში, არც სუნთქვა გამიხშირდება,  არც გაწეწილი და კულულებიანი ჭინკა მაკოცებს ქვეყნიერების დასანახად.
...
ჩემი ცოლი არასდროს აგვიანებს არსად- ის ქაჯი სულ წკიპზე გარბის და სანამ მანქანაში ჩაჯდება, შუშაში იხედება ხოლმე, როგორ გამოიყურება, სულ წამით, მაგრამ მაინც იხედება.
ჩემი ცოლი არასდროს გადის უმაკიაჟოდ და მოუწერიგებლად- ის მშვენივრად თამაშობს ხოლმე სპორტულებით და თმაგაწეწილი თავის გოგოსთან ერთად ეზოში ბურთს, დააქროლებს ველოსიპედს და დარბის ბავშვივით. მთელი ეზო მაგათ უყურებს. იმას-ბალი ათი შაური, ცალ ფეხზე ჰკიდია.
ჩვენ სახლში ყოველთვის წესრიგია- ისინი გიჟებივით თამაშობენ ხოლმე- ერთხელ გასაცოდავებული ბალიში აივნიდან გადმოუვარდათ და ის ოყლაყი გაგზავნეს ამოსატანად. მერე სამივემ ხალიჩა გამოათრია- ეს ჭრიჭინებდა, ნანასი მრცხვენია, ასეთი როგორ დავახვედრო, ჩვენით უნდა გავბერტყოთო...
ჩვენ უკვე კარგა ხანია მხოლოდ ლოგინში ვკავდებით სექსით-ისინი... მაშინ იყო, იმ თავის აივანზე ნახევრად  გამოდგმულ მაგიდაზე რომ შემოსვა იმ თავისმა დაწელილმა ქმარმა.. მაშინ  გატეხა ის თავისი  პასტების ჩასაყრელი(სიმახინჯე სხვათაშორის) და მაშინ ვნახე რამხელა ტატუ ჰქონია სინამდვილეში...
მერე გამახსენდა, ჩემთან როგორ გადაწვა სასტუმრო ოთახის მაგიდაზე პირველად წელზევით შიშველი და გაცეცხლებული შევვარდი სახლში. თან ბოლოსდაბოლოს, იმათ თუ არ სცხვენიათ ქვეყნიერების დასანახად სიყვარულობა, მე მაქვს კაცობა.
არადა, წამიც არ მძინებია იმ ღამეს. დილით ცოლი გავაღვიძე და იმისმა სუნმა მიშველა ცოტა...  კიდევ კარგი, უარი არ მითხრა.

...
ყოველთვის ასე ძნელადაც არაა საქმე, ხანდახან სულ არ ჩანან, მაგათ არსებობას ამისი ფეხები და მაგიდაზე გამოდგმული ყავის ჭიქა მახსენებს ხოლმე. ისე, ამას უკვე მივეჩვიე. მოდის ხოლმე, ბავშვსაც მოიყოლებს სახლში,  ცოტა ხანში მაგიდასთან ორი წყვილი ფეხი და ორი ორთქლადენილი ჭიქა ჩნდება, მეცადინეობენ, ჭიკჭიკებენ. ამ დროისთვის ჩემი ცოლიც მოვა, ვვახშმობთ და მე, უკვე ჩვეულებისამებრ, აივანზე ვიპარები ათიოდე წუთით. მერე იმის აყლაყუდაც მოეთრევა, სისხლი მიდუღდება და სასწრაფოდ სახლში შემოვდივარ.
არ ვიცი, რამეს თუ მიშველის, მაგრამ ცოლთან რაც შეიძლება დიდ დროს ვატარებ, თუ არ ჩავთვლით იმ ორ შემთხვევას, როცა გამწარებული თავს ვერ მოვერიე და ვიყვირე, ცოლთან საუკეთესო ურთიერთბა მაქვს. მიყვარს, ვზრუნავ, ვუსმენ.
იმასაც ვუთვალთვალებ ხოლმე. და კიდევ, მესიზმრება. მოდის სიზმარში, შილიფად ჩაცმული, გრძელ თმას მოარხევს, დამიდგება ხელის გაწვდენაზე და მიღიმის. შევეხო მინდა, ვკვდები, ისე მინდა, სისხლი მაწვება, მიდგება, ვეღარ ვითმენ, მაგრამ ვერ ვინძრევი. თითსაც კი ვერ ვატოკებ. ის კიდევ მელოდება თითქოს, მერე ამ ღიმილ-ღიმილში ცრემლები ჩამოეღვრება, მეტყვის რაღაცას და მიდის. ვიღვიძებ. სიზმარში ვიცი, რასაც მეუბნება, მღვიძარი კი ვერ ვიხსენებ და სანამ ანს არ ჩავეხუტები, ვეღარ მოვდივარ აზრზე.
სულ მთლად ჭკუიდან გადამიყვანა კაცი. მაშინაც ეგეთი იყო,  მომშლიდა, მომთხრიდა, მდგომარეობიდან გამომიყვანდა და შეიმალებოდა თავის ნაჭუჭში. გაგარეკინებდა ადამიანს და გამაგიჟა კიდევაც.

...
შვილი არ ჰგავს. საერთოდ. გულიც კი დამწყდა ისე არ ჰგავს. ქერაა, თეთრყირმიზა და, აი, ამ ტყის კაცთან კი არა, ჩემთან რომ შეიძლება ჰყოლოდა, ისეთი. ამ ფიქრს გავექეცი, სადღაც ჯანდაბაში შევთხარე და დავივიწყე. საშინელებაა, მრევს.
ისე, ბავშვი საეჭვოდ დიდი ჩანს, 8 წლის მაინც იქნება, მე კიდევ ეს ექვსი წელია არ მინახავს... მანამდე ვერ მოასწრებდა, ან როგორ დამალავდა ბავშვს, შვილს, გათხოვებას? არამგონია.
მერე გამახსენდა, რომ ძმა ჰყავდა თეთრი და ვიფიქრე, რომ მე მეშლება მეთქი.
გული კი მართლა მწყდება, დედამისის ფეხები მაინც გამოჰყოლოდა.


 ...
იმდღეს შევხვდი. სადარბაზოში დავინახე კიბეებზე ადიოდა და დედას ვფიცავარ, არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, დავუძახე, გავაჩერე, გამოვეცნაურე.
რომ დამინახა, უნდა გენახათ, განათდა, გაშუქდა, გაიღიმა, ჩამეხუტა, ჩამკოცნა, მიყურა, მიყურა თავისი უსაშველო თვალებით, მერე გაიცინა, ენა გამომიყო და მომიკითხა, ცოლიანად, თბილად, გემრიელად.
მეც მოვიკითხე, ქმარ-შვილი როგორ გყავს მეთქი.
გამიღიმა ისევ. არააო დოდი ჩემი ქმარიო, არც ელეაო ჩემი შვილი.
გავშრი ადგილზე, ოჯახად გიცნობს ყველა მეთქი.
არააო, გამიმეორა. დოდი ქვრივიაო, ელე ობოლიო.
ქმრად გყავს გოგო მეთქი, გავბრაზდი, გავცოფდი ამისი უცვლელი ლოგიკით და დარეხვილობით.
დოდის ჩემი კაცი ჰქვიაო, კაცი რომელსაც ვუყვარვარო, ელეს იმ კაცის შვილი ჰქვია, რომელთანაც ვცხოვრობო.
მაინც ოჯახი ხართ უკვე მეთქი.
დოდის ეგ არასდროს უთქვამსო. ოჯახი რომ ვიყოთ, სიტყვითაც უნდა ითქვასო, შენ ეგ იყო, არასდროს რომ არ გესმოდა, სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა მოსდევდეს და ავსებდეს, მარტო სიტყვა და მარტო საქმე არ შეიძლებაო - პატარა მუშტი მომარტყა ხუმრობით და მერე გამიცინა, მე ეგ სიტყვები არ მჭირდება,  და არც არაფრის შეცვლა მინდაო.
ვერაფერიც ვერ გავიგე.
იმის სართულზე ავედით და გადაწყვეტილი ნახვამდის და ერთხელ ამოგვიარე-ს მაგივრად, რა ტატუ გაქვს და როდის გაიკეთე მეთქი, ვკითხე.
გაიღიმა სევდიანად, ძველად რომ იყო, ისეთს ემსგავსა უცებ, ჩუმს, სხვანაირს სევდისგემოიანს.
დიდი ხნის წინ ტკივილის და მარტოობის დასამარცხებლად და ბედნიერების და სიყვარულის დასაბრუნებლადო, მითხრა.
მერე ამოისუნთქა, თმა გადაიყარა, დამემშვიდობა და ერთ საღამოს გვესტუმრეთო, დაგვპატიჟა.
თან გავიგე, თან ვერა.


...
ერთი თვე გავიდა ალბათ მას მერე. გავურბოდი, როგორც ჭირიანს, საკუთარი აივნიდანაც კი ამოვიძირკვე ფეხი.  ბოლოს ისევ თვითონ მიშველა.
 სიზმარში მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა, შუბლზე მაკოცა, რაღაც ჩამჩურჩულა და წავიდა. 
რომ გავიღვიძე, მახსოვდა.
-პაპაჩემივით კარგი ხარ, ძალიან მიყვარხარო, მითხრა, მაგრად დადექიო.
ტიროდა.
...
მიყვარდა.  მგონი.

...
რომ გაიღვიძებს, ანს უნდა ვუთხრა, კულულებიანი გოგო გამიჩინოს აუცილებლად, დიდი, მთვარიანი თვალებით.


გადავიდნენ.
 მართლა ვუყვარდი. მგონი.

No comments:

Post a Comment