Friday, September 7, 2012

ანგარიში ბოლო პოსტის შემდეგ

ვმუშაობ  და მიხდიან(ძალიან ცოტასაც არა);
მაგისტრატურაში ვაბარებ და იქნებ ჩავაბარო კიდეც;
ამ ბოლოს ვეღარ ვწერ;
წიგნებს ვყიდულობ, მაგრამ ნაკლებად ვკითხულობ;
ტყე მენატრება კი არა, მჭირდება ჰაერივით;
ზაფხული უჩემოდ გავიდა, უმანგლისოდ, უტყეოდ, უბავშვებოდ, უსუნოდ, უწვიმოდ, უმზეოდ .
სამაგიეროდ, იყო: სამსახური, სამსახური, სამსახური, არასასამსახურე ნერვების წყვეტა და ცოტა ტკივილიც გარნირად;
უი, სასმელიც იყო, გართობებიც;
სიგარეტის სუნიც იყო, ზოგჯერ კარგის, ზოგჯერ  ცუდის გამო;
გამოცდილება;
ტაქსის მძღოლები და ფიქრი-ბევრზე და ბევრი.

ჰო,
მთავარი საფიქრალი აღარ მყავს და მაინც მეფიქრება;
როცა "მყავდა", მაშინაც არ მყავდა და მაინც მეფიქრებოდა და
ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვიქნები ესე.
ეგ არაფერი, ძნელი იმის ატანაა, რომ მარტო ვიყავი მაშინაც, როცა მყავდა, მანამდეც და მერეც ეგრე ვარ.
ალბათ, ადამიანებს მარტოობა გვაქვს დანათლული.
უფრო ადვილი იქნებოდა, სხვასთან ყოფნის მოთხოვნილება რომ არ გვქონდეს.

ისე,
შემოდგომა მოდის. დრო, რომელსაც მთელი წელი ველოდები ხოლმე.



Saturday, July 7, 2012

მთვარედალეულზე


-მარგო, სიყვარული რა ფერისაა?
- ვინ და რაც გიყვარს, იმ ფერიs. როგორ გიყვარს, იმფერიც.
-მთვარე შემიყვარდა, მარგო.
-მთვარისფერი ყოფილა მაშინ შენი სიყვარული.
-გაუგებარია ჩემი სიყვარული, მარგო.
-მთვარე ცვალებადია, ხან სავსეა, ხან-ნამგალა. მთვარე ღამისაა, სიზმრისეულია. გაგება ძნელია მთვარის.
-ცივია მთვარე, მარგო.
-მთვარე? არც ისე. რომც იყოს, მზეზე ახლოსაა მთვარე, ახლობლის სითბო აქვს მაგ სიცივეს.
-მარგო, იცნობ მთვარეს?
-რავიცი აბა.
-არაა საჭირო.
..
-მარგო! მარგო, მთვარე შემიყვარდა.
-მთვარისფერი ყოფილა შენი სიყვარული, ღამეული, სიზმარეული.
-მთვარე შორსაა, მარგო.
-მთვარე სხვებზე ახლოსაა, სულ თან დაგდევს თუ დააკვირდები და შენ, შენ გიცნობს. მთვარე მთვარეა და შენეული.
-მაშ, მთვარისფერი ყოფილა ჩემი სიყვარული, მარგო.
-მთვარისფერია, ნუც.

Thursday, July 5, 2012

წიგნებზე

მე დავწერ პოსტებს წიგნებზე.
კარგ წიგნებზე.
დავწერ.
აუცილებლად.



Sunday, July 1, 2012

დაუპატიჟებლად და ისევ

  • ჩემი მთავარი საფიქრალი; 
  • სამაგისტრო ტესტები;
  • თსუს ფინალური გამოცდები;
  • ბუზთა ბატონი(დიდად ვერ მოვიხიბლე);
  • ჩემი ლამის მუდმივი საფიქრალი;
  • ექიმებთან საბოდიალო;
  • დილით სირბილის დიიდი სურვილი;
  • იმ სამსახურში წასვლის აუცილებლობა, რომელშიც არ მინდა(რა ძალიან!)- ბოლო თავისუფალ 20 დღესაც მიშხამებს;
  • ჩემი "ძვირფასი" სიზმრები;
  • სხვა ყოველდღიური მოთხოვნილებები-საათები რომ მიაქვს;
  • შერლოკი და კიდევ სხვები;
  • ძილის, ძილის და კიდევ ძილის მოთხოვნილება(სიზმრების მიუხედავად);
ჩემი ტვინი კი კიდევ უფრო მეტ დაძაბვას მთხოვს
ეჭვგარეშეა-დეპრესია მოიპარება
ისევ.

p.s. წვიმიანი და ჩემ მთავარსაფიქრალიანი დღეები მინდა. ბევრი.

Saturday, June 23, 2012

რომ არ მეგონა თუ დავწერდი, ის პოსტი


მე ვეწირები, ჩუმად, უსიტყვოდ

როცა გრძნობებზე ვიწყებ ლაპარაკს არც გეცინებათ,-გეღიმებათ_
ისევ სარკაზმი.

მე ვეწირები, ჩუმად, უსიტყვოდ
და არც იცვლება არაფერი.

რატომაა, რომ სიტყვები, ხმები, მზერები და ამოსუნთქვები, ჩემი თუ სხვისი, ასე მტკივა, ასე მიკლავს ნელა შიგნეულს.
თქვენ კი ვერც ამჩნევთ, ვერ ხედავთ, არ იცით-რას უყუროთ, რას დააკვირდეთ.
აქეთ კი მასწავლით, რაა და როგორ.
მეც თავს გიხრით, მართლები ხართ, უკეთესები(ასე მგონია სულ ყოველთვის, დედას ვფიცავარ, გვიან "ვფიხზლდები")

რატომაა, რომ ეს მხოლოდ მე ვეგუები, მე ვეჩვევი, მე ვითმენ, ვცდილობ, გავიგო ყველასი და ყველაფრის.

რატომაა, რომ უმცირესი განსხვავებაც მესმის, უფრო სწორად ვგრძნობ, სიტყვებშიც,  საქციელშიც.
თქვენ კი, ყველაფრის მცოდნენი, სიტუაციაში გარკვეულნი და სულ მართალნი-მხოლოდ თქვენი, მოსახერხებელი კუთხიდან რომ შეჰყურებთ გარესამყაროს-მე მამტყუნებთ, როგორც ყოველთვის.

რატომაა, რომ როგორც კი ვიტყვი რამე საჩემოს, ჩემ აზრს, ჩემ ნაფიქრს, მიჯანყდებით, თითქოს მეღალატოს;

რატომაა, რომ საკუთარ თავზე ფიქრისას გადადგმული ყველა ნაბიჯის გამო მსჯით-უმოწყალოდ, დაუნანებლად.

რატომაა, რომ არასოდეს გინდათ, ჩემი გაიგოთ_ ანგარიში გამიწიოთ.

რატომაა, რომ  ურემი რომ გადაბრუნდება მერე მოდიხართ, თურმე არ შემშლია, თურმე მართალი ვიყავი, თურმე ღირდა ჩემი მოსმენა, მეორე წამს კი....

რატომაა, რომ სანამ არ გატკენთ, დაგამცირებთ,  და სახეში არ მოგახლით სიმართლეს, აი იმას, რომ არ გინდოდათ გაგონება, მერე მიჯერებთ?

 რატომღაც მხოლოდ მაშინ რატომ აფასებთ ჩემ ხასიათსაც, ნებასაც და აზროვნებასაც, როცა სისხლს დაგადენთ, ბოლომდე გატკენთ, სამუდამოდ გაგიძახებთ ჩემი ცხოვრებიდან ან მე წამოვალ?

რაში გჭირდებათ ჩემი ბოლო წერტილამდე მიყვანა?
მერე  შემიყვარეთ და მიმიღეთ სერიოზულად, როგორც გენებოთ- ეტყობა ამ გრძნობებზე ტკივილის გარნირი ჩემი ცრემლების სოუსში მადისაღმძვრელია.
მე კი მოვდივარ.

მე როცა ვცდები(არც ისე იშვიათად), ბოდიშს გიხდით, არ მრცხვენია, არც მერიდება.
თუ მართალები ხართ, გაღიარებთ, დამენანება და თავს დაგიხრით.

მაგრამ სიმართლეს, რომელსაც ვგრძნობ, ვერა საბუთით და რაციონალური აზროვნების ვერანაირი გაბრწყინებით ვერ გადამაჯერებთ ვერაკაცი.
ვგძნობ და იმიტომ. და მართალიც გამოვდივარ, თითქმის ყოველთვის.
ცოტა უნდა მოიცადოთ ხოლმე, ურემი გადაბრუნდება და დაინახავთ.

.
თუმცაღა,  მე მშიშარა ვარ და უთქმელობას მიჩვეული, სულ გეთანხმებით და მე თვითონ გემალებით სადღაც, უცნაური, ოდნავ აგრესიული  ნუცას უკან, ისე მარტივ ადამიანად რომ გეჩვენებათ, ყურადღებასაც არ იპყრობს თქვენსას.

თქვენ კი, სწორხაზოვანი აზროვნების მამამთავრები, სიმართლეს ერთი კუთხიდან რომ შეშტერებიხართ მხოლოდ, არაა ეგრე.
პაწაწკინტელა დეტალები სურათს ცვლის ხოლმე, თქვენ კი გვერდზე გრჩებათ.

უბრალოდ, ნუ გამაკრიტიკებთ და გამისწორებთ, იმას, რაც თქვენზე კარგად მეხერხება.
ასე აჯობებს.

<< ყველა ნუ მიიღებთ,  ეს ამოთქმა განკუთვნილია:
  • წარსულის ყველაზე დიდი სისულელისთვის;
  • მეზობლისთვის, რომელიც თვლის, რომ ბავშვობა არ მქონია;
  • ყველაზე ახლოსთვის  ჩემი გაჩენის(პრინციპში გაჩენამდეც) დღიდან;
  • ერთი დიდისთვის
  • ერთი არც ისე დიდისთვის
  • და ორიოდე ჭკუისკოლოფისთვის, თავიანთს რომ არ აღიარებენ და ჩემზე ზრუნვა აუჩემებიათ.

ისე კი :
კარგი დღეები მაქვს,
ფოფო ჩამოვიდა <3
სასწავლებელი დავამთავრე(ანანურში კი არ წავედი- არ დამძრახოთ, სხეული ამიჯანყდა)
გამოცდებს მოვრჩები და სამსახურიც მელის, ავად თუ შავად, სამსახურია.

ერთი ეგაა, ტყე მომენატრა.
და ჰო, მარაზმობანას ვთამაშობ კიდევ.






















Tuesday, June 19, 2012

ნაფიქრის შეჯამება-გადმოლაგება


  1. სიშტერე და ბედნიერება პირდაპირპროპორციული სიდიდეებია, აზროვნება და ბედნიერება-უკუპროპორციული(ცოტა მათემატიკურად ჟღერს);
  2. როცა მუშაობ, საკუთარ სახლში შუადღის საათებს აღარ ატარებ-არადა სხვანაირია შინ ყოფნა მაგ დროს;
  3. დღეს ჩემი ძმა წავიდა ყაზბეგში და მე მუცელში ისევ დამიტრიალდა ერთი წლის წინანდელი გრძნობა- დარიალის კლდეები რომ მტკიოდა, ის(იმწუთას ვერავის გავუზიარე(( );
  4. თუ ძალიან არ გავბრაზდი, სათქმელს მოკლედ და კონკრეტულად ვერ ვამბობ, თუ გავბრაზდი, მერე ვიტყვი, თუმცა ვაი იმ თქმას და ვუი ჩემ სიმართლეს;
  5. დამყოლი ვჩანვარ;
  6. დილაობით გარეთ გავლა კარგია;
  7. მანგლისი მენატრება. ტყეც;
  8. ჩემი ინტუიცია(ან რაც გინდათ დაარქვით) ყველაზე ირონიული რამეა ამ ქვეყნად;
  9. ატანა არ მაქვს, როცა მარიგებენ(აი, ის ირონიული ინტუიციაა დამნაშავე, ეგერევე თავი უნდა წამოყოს- მე ამაზე ფიქრი გაიძულე და შენ მაინც არ მომისმინეო);
  10. სასწავლებელს ვამთავრებ, რამენაირი შეგრძნება-ნული;
  11. მეგობარი ხარ ჩემიო-ვერ ვათქმევინე ამდენ ხანს;
  12. სიტყვებს შორის, სინონიმებს შორისაც კი, უმცირესი განსხვავებებიც მნიშვნელოვანია;
  13. ჩემი საქციელი საგრძნობლად ჩამორჩება ჩემ აზროვნებას- არ ვიცი, როგორ დავაწიო.
13-იანისადმი ნდობის გამოცხადების მიზნით აქ გავჩერდები-ჩემი აზრით, სხვებივით მშვენიერი, არაფრით გამორჩეული რიცხვია.



Tuesday, June 5, 2012

What if-სავსე მთვარეზე კირჩხიბის დაწერილი პოსტი


მე რომ
ამდენი და ასე არეულად რომ არ მეკითხა წიგნები;
არ მცოდნოდა მათემატიკა;
არ მესწავლა კარგად;
მთელი დღეები გარეთ გამეტარებინა;
მეშვიდე კლასში თმით მეთრია ერთი-ორი, მეცხრეშიც რომ მექნა იგივე თუღა იქნებოდა საჭიროება;
არ დამეკიდებინა ადამიანების მოდგმა(კაი ხნით);
არ მიმეტოვებინა კბილების გასწორება;
ისევ მცმოდა ბიჭის ველვეტის შარვლები და დიდი ჯემპრები;
სოფელში გაქცევის მაგივრად მეგინებინა და "სიამაყე" მიმენგრია ზოგზოგიერთიებისათვის;
მიმეღო და მომეგროვებინა საჩუქრები ბიჭებისგან;
არ მეწვალებინა ჩემი პირველი ბიჭი(შევჩვეოდი მის სქელ მაჯებს, სიგარეტს და სიარულის მანერას);
შევხვედროდი ყოველ დილით სკოლაში წასვლისას;
გავპარულიყავით სკოლის დამთავრებისთანავე;
გამეჩინა შავტუხა და ჩამდნარმწვანეთვალა თოჯინა;
მეფიქრა მაკიაჟზე, კაბებზე, გამეჭორა მეზობლები, დამელია ნალექიანი ყავა,
იქნებ ქუთაისშიც მეცხოვრა;
ვერც მივმხვდარიყავი, რომ არ მიყვარს(ეგ კი "პაჩწი" სიყვარულია);
ან იქნებ დავშორებოდი კიდეც, ვინ იცის;
სწავლით სადღაც ჭყ სასწავლებელში სემესტრიდან სემესტრამდე ძლივს გავწიალებულიყავი;
ერთხელ მაინც წესიერად მეჩხუბა დედაჩემთან


მაშინ
ალბათ მარტივად შევხედავდი ამბებს და ამდენი ტვინსაჭყლეტი კითხვა აღარ შემჭამდა;
არ გამიჩნდებოდა ამბიციები სწავლაზე, სამსახურზე;
მეყოლებოდა ქვეყნის ნაცნობ-მეგობარი;
არ დავიკიდებდი ხალხს და არც ბევრ ცუდს მასწავლიდნენ "ყოვლისმცოდნე და კარგისმსურველი ფსიქოლოგი" მასწავლებლები;
მექნებოდა კარგი კბილები(:დ)
ცოტა უფრო მეტად თავდაჯერებული ვიქნებოდი;
შავტუხა და ჩამდნარმწვანეთავალა თოჯინა შემრჩებოდა(და მენდომებოდა, რაც მთავარია);
იქნებ ქმარიც მყოლოდა "მაგარი ტიპი" და მეც ისევ "მაგარ ტიპად" მომჩვენებოდა;
იქნებ იმ ჭყ სასწავლებლითაც მეამაყა;
დედაჩემთანაც მარტივად ყოფილიყო საქმე;
არასოდეს მომწონებოდა ცისფერი თვალები, 
ბრიტანული აქცენტი
 the white stripes


ან იქნებ ისევ აქ ვყოფილიყავი სადაც ახლა ვარ, თოჯინით და მეტი გამოცდილებით, უფრო ღია, საინტერესო და მარტივად გასაგები;
იქნებ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვარ.

მაგრამ
მე მომწონს ცისფერი თვალებიც
ბრიტანული აქცენტიც
the white stipes-იც
რთულიც ვარ, კომპლექსებიც გროვაც და დახურულიც,
შეიძლება უარესიც, ვიდრე ვიქნებოდი.

მაინც ასე მირჩევნია.

p.s. თუ ასტროლოგიის არ გჯერათ, გეტყვით, რომ ეს პოსტი გადაღლილობის და დაწყვეტილი ნერვების შედეგია ადრეული ნაფიქრალების ამოთქმით.











Friday, May 18, 2012

წვიმაზე

მე მიყვარს წვიმა.

                                                                      ასეც

 

                                                                   ასეც

 
ასეც 


ყველანაირად.
http://www.rainymood.com/watch?v=4up4VP8zjyc

Wednesday, May 16, 2012

ამბავი, რომელსაც შემთხვევით "გადავეყარე"

ლამის დაცლილ მაღლივში ბოდიალობდა თურმე(ბოდიალობდა კი არა, ყველა აუდიტორიაში ყოფდა ცხვირს)
მეორე სართულზე ფანჯარასთან მგომი დამინახა ალბათ-რა იცოდა, რომ ჩასაფრებული ვიყავი.
იქნებ სანდომიანადაც კი მოვეჩვენე, არ ვიცი.
მოვიდა და რომელკურსელი ხარო, მკითხა. 
პასუხი არ დავუგვიანე და გულიც დავწყვიტე- პირველკურსელი სჭირდებოდა.
გოგოს ვეძებო, შემომღიმილა, ვინ ეძებს ის იპოვისო, თავიც  თვითონვე დაიიმედა და გატრიალდა, წავიდა.
ჩემმა ჩასაფრებამ შედეგი გამოიღო, ჩემი საქმე მოვითავე და რადგანაც ოციოდე წუთი თავისუფალი დამრჩა, წყნარი მაღლივით დატკბობა გადავწყვიტე და მეორე სართულზე ბიბლიოთეკასთან ჩამოვჯექი.
მალე ისევ გამოჩნდა. ჩამოჯდა, დავილაპარაკეთ.
მიმდევრობით რომ გადმოვალაგო:
ნახალოვკელი, უბრალო ბიჭი, თბილი ღიმილითა და მგონი წინა დღის ნასვამი.
24 წლის. რომელიღაცა კომპანიაში რაღაც კაბელების როგორღაც გამკეთებელი.
არამაღლიველი. ამოსული იყო იმ გოგოს საძებრად,რომელიც ჯერ კიდევ 15 წლისა გაიცნო და შეუყვარდა, ალბათ.
რომელმაც აწვალა, აწამა, მიატოვა, უარი უთხრა, სხვას ხვდება, იმ სხვას აჩხუბა, გაარტყა,დაამცირა.
და მაინც იმის საძებრად ამოვიდა.
მოვუსმინე
და ვურჩიე(ხო, მე ვურჩიე!) აიძულე, დაინახოს, რომ მასზე ჭკვიანი და ძლიერი ხარ მეთქი.
რამე ხომ უნდა მეთქვა.
თავი რომ უნდა დაენებებინა, უჩემოდაც იცოდა.
რომ ვხედავ, ყველა სხვა პრობლემა მავიწყდება და შიგნით რაღაც მიცოცხლდებაო.

პირველად მნახა და ყველაფერი გადმომილაგა. გუღღიად, ბოლომდე, ემოციებით, ხელებით.

მომინდა მივხმარებოდი.
მაგრამ:
გოგოები არ შევიცვლებით.
ბიჭები შეიცვალნენ, ისიც მეეჭვება.
არჩევანს კი ყველა ჩვენთვის ვაკეთებთ-
როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გადაწყვეტ, ნუ გაგიკვირდება, დინებასთან ბრძოლა რომ მოგიწევს.
თუმცა, იმას  არ უკვირდა მგონი. იბრძოდა.


თავს ვიმშვიდებ, რომ მოსმენაც დახმარებაა. არ ვიცი.



Tuesday, May 15, 2012

რომანტიკაზე თუ რაზე, ღმერთმა უწყის

ვფიქრობ, რომ რომანტიკულიც ვარ, სენტიმენტალურიც, მეოცნებეც;
მიყვარს ხელი ჩაკიდებებიც, თავის ჩამოდებებიც და უფრო მეტად გულისცემის მოსმენა;
კისერში ცხვირის ჩაყოფა და ისე სუნთქვა;
მიყვარს ზრუნვა;
საჩურების ჩუქება;
მოსმენა;
კითხვების დასმა.

მიყვარს, როცა მენდობიან და ამას ვხვდები.


"პა ხოდუ":
თვეები მჭირდება, სანამ იქამდე მივალ, ადამიანს ვუთხრა, რომ მომენატრა, მიყვარს, მეგობარია, შევეჩვიე და საერთოდ რაიმე თბილი(ჩემი მეგობრის "სტატისტიკურ დაკვირვებას" თუ მოვიყვანთ, სამ წელიწადში სიტყვა "მიყვარხარ" 8-ჯერ თუ "წამომცდა" მხოლოდ :დ თუმცა, როცა ვეჩვევი, "ამინდი" იცვლება )

რთულად ვუახლოვდები ადამიანებს_ ჩემი მეგობრების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც ბევრი მომივა.

უთქვამთ, რომ უკარება(ორიგინალში "მიუკარება" :დ) ცივი და გულჩათხრობილი ვარ.

ძნელიც,
მძიმე ხასიათისაც.


საჩუქრებს მე იშვიათად ვჩუქნი-ბევრი ფიქრობს, რომ სამაგიეროს ველოდები.
უფრო იშვიათად ვიღებ-არ მიყვარს, როცა ჩემგან ელოდებიან სამაგიეროს.
რომ არ ვიღებ ან ვერიდები სიტუაციებს, სადაც საჩუქრის მიღების მაღალი "რისკია", სწყინთ.
ცუდია.


ხანდახან ჩემივე დაწერილ რამეში, ისეთ სუფთა მხატვრულ-რომატიკულ სისულელეს გადავეყრები ხოლმე, თვითონ მრცხვენია და ვბრაზდები. არადა, როცა ვწერდი, მაშინ ხომ ეგრე მეფიქრებოდა.
მაინც მრცხვენია.


ჰო, ჩემნაირებს  ინტროვერტები ჰქვიათ.
სადღაც რაღაც კითხვებს ვუპასუხე და გამომითვალეს უცებ, ინტროვერტი ხარ მთელი
93%-თო.

არამგონია, მე ვინმემ რომანტიკოსობა და მგრძნობიარობა დამაბრალოს.

არც მე ვიბრალებ ხოლმე.
მთელი ჩემი შეგრძნება-ემოცია-ხუშტურობები ფურცელზე მიმაქვს , ზოგჯერ აქაც, ანუ ბლოგზე, რომელსაც  მაინც არავის ვაკითხებ.
ზოგჯერ არც არსად.

პოსტი ჩემზე გამოვიდა.
იყოს.