Thursday, February 16, 2012

Change ahead


გადაწყვეტილია, მოვდივარ.
ორთვიანი სიარულის, ხან ხალისის, ხან ნერვების წყვეტის, ხან ფრენის და ხან ღოღიალის მერე,
ასე, მარტივად-
მოვდივარ.
სტატუსი: `allmost employee`
იცვლება სტატუსით: `unemployed`

ამ ქვეყნად ერთერთი ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როცა თავს ზედმეტად გრძნობ.
როცა იცი, რომ არ აგიყვანენ, იმიტომ რომ სწავლობ და გაცდენა მოგიწევს.
ისიც რომ იცი,რომ ვერც თვითონ გაგიშვებენ.
ამ დროს უნდა ადგე და გასაკეთებელი გააკეთო.
ჰოდა, მეც ვსვამ წერტილს.

ასე მირჩევნია-საკუთარ თავთან მართლად ყოფნაც ერთერთი ყველაზე კარგი შეგრძნებაა.



P.S.  მისურვეთ კეთილი "მგზავრობა" დასვენებისაკენ

Sunday, February 12, 2012

კეისარს კეისრისა, ცუდ განწყობას-ცუდი განწყობისა

მუცელი ხელით მიჭირავს.
არა, სიცილისგან არა, ტკივილისგან.
გამაყუჩებელი? მივიღე დღეს უკვე მეორედ და თუ არ გამიყუჩებს, გამთიშავს და დამეძინება.

მეტირება
მეტირება
მეტირება

მარტო მუცლის გამო არა, ყველაფრის გამო.

ვკითხულობ
ვკითხულობ
ვკითხულობ

საგამოცდო საკითხებს არა რა თქმა უნდა.
ტოლკინს
ლონდონს
პუშკინს
გელაშვილს.

მშველის? სულ ცოტათი.

მენატრება
მენატრება
მენატრება

მანგლისი
სიმშვიდე
ის.



Tuesday, January 31, 2012

თავისუფლად ამოსუნთქვისა, წარსულისკენ და დაგვიანებით


როცა წერტილი დავსვი-მაშინ მივხვდი თავისუფლად ამოსუნთქვა რას ნიშნავდა და როგორ მომნატრებოდა მშვიდად ძილი.
სიგარეტის სუნი კი ძლივს გავანიავე ჩემი თავიდან.
სუნამოს სუნი უფრო ძნელად გამიშვებს.
ყველანაირად, ყველა გაგებით და ყველა კუთხიდან ყოველთვის რამე ჭუჭყიანთან და დაძაბულთან, ტყუილთან და გაუგებრობასთან ასოცირდები.
მრცხვენია ასეთი რამის გაფიქრება, იმიტომ რომ ზოგ რამეს ძალიან ვაფასებ შენსას, თან დამეხმარე რაღაცრაღაცებში (მეც იმედია).

მოდი გამოცდილებას დაგარქმევ_მადლობის გადახდით.

ბევრი ჩემგან არც შენ გინდა, ვიცი.
შენც იცი.
გაგებით კიდევ ბევრი ეცდება გაგიგოს, სიმყუდროვესაც შეგიქმნიან, დამიჯერე :)

მე მაგ მარაზმებს ვერ გავუძლებ, ვერც მაგ აკვიატებულ სიტყვა ჭუჭყს ჩამოვიბან, ვერც მოპყრობას გასწავლი და ვერც შენ თავში ჩაბეჭდილ "შეხედულებათა სისტემას" შევარყევ (რა უფლებით), რომ შენთან ურთიერთობა შევძლო (მინდოდეს მაინც).

მე ჩემი გზა მაქვს, შენ-შენი :)
შენ გზაზე უფრო მეტი ვინმე შეგხვდება, გარანტიას გაძლევ.


დიდ მადლობას გიხდი ამ ზაფხულისთვის და შენდაუნებური დახმარებისთვის.



ისე კიდევ, შენ თვითონაც კარგად იცი, რა უნდა ქნა. იცი, დამიჯერე :)

P.S. ხომ ხედავ, "მოქმდების თავისუფლება" აღარ გიხსენე.

გისურვებ, შენი აზროვნებისა გყოლოდეს გვერდში,
ჩემი თვალებით კი არასოდეს მოგიწიოს ქვეყნიერებისთვის შეხედვა.

Wednesday, January 25, 2012

ალბათ მაინც წერილი-ვინმესთვის სადმე

მეწევა რაღაც. მძიმე, ძლიერი, ჩაუწყვეტავი.
ჩამეხლართ-ჩამეზარდა გულში, გონებაში და ვეღარც ამოვგლეჯ- ზედმეტად ბევრ ჩემსას გაიყოლებს.
მეჩემები.
მეთბილები.
მემძიმები. თუმცა ჩემში არც არაფერია მსუბუქი და ჰაეროვანი.

ვფიქრობ და ვგრძნობ:
მოთმენა ძნელია.
ხანდახან სუნთქვაც.
მზის ამოსვლაც(ჩასვლა უფრო მიყვარს)
და წვიმა-გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომით_ჩემი სულია- ასე ამბობს საძნელო სათქმელს.
მეძნელები- არც არაფერი მიმიღია ძალიან ადვილად, ხელის გაუნძრევლად. დაიბადო ესეც ძნელია, მოკვდე- იქნებ უფრო ძნელიც.

Sunday, December 4, 2011

დასიზმრებისთვის

ნაშენსუნარი, ნაშენხორცალი
თავაწეული გავდივარ ხალხში:
-იცით? მე მიყვარს!

ავრბივარ კიბეს-გრძლესა და მძიმეს.
არ მიძნელდება-იქ, ზევით, შენ ხარ.
ხალხი მიყურებს- რა გიკვირთ?
                                             მიყვარს!

ფერების მარში, ალიაქოთი.
ვეძებ სიმშვიდეს-ლურჯი ისე კარგი ყოფილა...
კვლავ კიბეები, კვლავ ავრბივარ- "არ დაიღალო!"
ღმერთო მიშველე-ეგ სილურჯე სხეულად მტკივა.

ბაც! თვალებს ვახელ. სიზმარია, როგორც ყოველთვის.
მაინც გამომყვა-ნატკენი სითბო, თვალში სილურჯე.
დანასიზმრალით სავსე მოვდივარ-კიდევ ერთხელ დასიზმრებისთვის
და ეს სილურჯე ჩემ სახეზე ნუ გიკვირს-მიყვარს.

Saturday, October 22, 2011

ახალნაწვიმზე, ჩვენ

ცირკი-წრე (თურმე ნიშნავს წრეს)
არენა-სივრცეს (მე ასე მგონია)
გარშემო-ქვეყანა (ანუ ხალხის აზრი).

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში,
ჩვენს არენაზე, ჩვენვე რომ შემოვსაზღვრეთ.
გარშემო ხალხი- დიდი თვალებით, იუმორგადაცმული ირონიით_შიში აქვთ, რაღაცის.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში-ანუ არენაზე,
ვსუნთქავთ ჩვენს სივრცეს,
ვცხოვრობთ ჩვენ ცხოვრებას_თბილი დღეების ახალნაწვიმ მყუდრო საღამოებს.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ წრეში-ბედნიერების ცარცით რომ მოვხაზეთ,
ნახევარი შენ, ნახევარი-მე
და მჭიდროდ შევკარით_შეხების ჟრუანტელით.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ორი ცხოვრება ერთ ხაზად დავწანით-
ასე გვწამს სიცოცხლე.

ჩვენ (ანუ მე და შენ)
ვდგავართ არენაზე-ხელჩაკიდებულნი.
გვიყურონ
იცოდნენ
იფიქრონ-იუმორგადაცმული ირონიით_თითქოს შიში აქვთო, რაღაცის.  




Thursday, October 6, 2011

დაღლილზე

 როცა დილით გასული ბინდისას მიდიხარ სახლისკენ
მხრებით დაღლილობა რომ მიგაქვს,
ნერვებით -სხვისი ემოციების ანარეკლი.
ფეხით-ღმერთმა უწყის, სადაური მტვერი,
თმით- მობეზრებული ქარი.

მაშინ, როცა კანზე სხვისი სუნი შეგრჩა-სხვისი, კაცის(უინტერესოსი, ან, იქნებ, არც ისე უინტერესოსი), მისი სუნთქვის, თმის ან საპარსი ქაფის

როცა ხელისგულმა მისი ლოყის სითბო მოიპარა და ახლა ჩამობანას გეხვეწება(უკვე აღიზიანებს);
ცხვირი- შენეულ სურნელს ითხოვს;
გონება-გათიშვას;
გული კი, მგონი, ისევ იქ, ქალაქის მეორე ბოლოში დაგავიწყდა(ანუ სულ სხვაგან)-

სასიამოვნოა, მამის მანქანის ხმას რომ გაიგონებ ზურგიდან
და მერე ხელჩაკიდებულები რომ აივლით კიბეებს სახლამდე-
ისე როგორც ადრე,
პატარა რომ იყავი, მოპრანჭული და კულულა- მის დიდი თბილი ხელები კი ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო შენთვის, როგორც სუნთქვა;
როცა სინქრონში უწყობდი ფეხებს_მარჯვენა მარჯვენასთან, მარცხენა-მარცხენასთან, დაიღლებოდი და_ მამიკოს ხელებში!

ახლა ორივე (დაქანცულები) მშვიდი ნაბიჯებით ადიხართ 90 საფეხურს(ლიფტი-არა)
ხელჩაკიდებულები;
ფეხები სინქრონში-დაიხედება და თვითონ გახსენებს.
აღაც გაპრანჭული ხარ, აღარ კულულა, აღარც ადრინდელივით სუფთა და მხიარული.
მამას ისევ თბილი ხელები აქვს და ნაოჭები გაუღრმავდა თვალებთან.

ახლაც ახვედით.

კარგია დაღლილზე მამა, სიმშვიდე და სახლი.











Tuesday, August 16, 2011

სათაურდავიწყებული პოსტი :D


არც მეტი არც ნაკლები ჩემ ბლოგზე ახალი პოსტი უნდა გაჩნდეს და ის მკვდრებს არ ეხება :D
 ეს სასწაული ერთ-ერთი ფორუმის შეტყობინების მენეჯერში იქმნება, ისე ვერ ვწერ, ფონტები გაქრა, ეჭვი მაქვს-მემალებიან :D

სამიოდე დღეა რაც ჩამოვედი- ერთი თვით დასასვენებლად ვიყავი წასული.
დასასვენებლად წასვლა უინტერნეტობას ნიშნავს.
უტელევიზორობასაც(ამას დიდიად არ ვაპროტესტებ)

 პოსტი რაზე უნდა დამეწერა?
გულახდილად: არ ვიცი.

ერთი თვის განმავლობაში ასამდე პოსტის იდეა მომივიდა, ჩამოვედი და ორი სიტყვა ვერ გადავაბი ერთმანეთს.
ბლოგერობის დამახასიათებელია მგონი, ხშირად მემართება. გამოსავალი იმაში ვნახე, რომ დაწერა არ შემიძლია მეთქი, ვწერ :D
აი, ეს პოსტისმაგვარი კი რომელ კატეგორიაში უნდა გავუშვა, წარმოდგენა არ მაქვს.

სხვათაშორის სურათები არ გადამიღია. იკას ციფრულშია ცოტა და ჩემამდე მაინც არ მოაღწევს.
არც ამ უსურათობას ვაპროტესტებ.

იკა კი ორი იყო ამ ზაფხულს: ერთი რომელიც ეწეოდა და მეორე, რომელიც არ ეწეოდა.
კიდევ მარი იყო: იგივე შაგრატა, ჩემთვის გარფილდი-თბილი და საყვარელი.
კიდევ მმ.. ბევრნი იყვნენ კიდევ- მხიარულები და კარგები

კიდევ სიცივე იყო, "ბირჟაზე" რომ გვციოდა, ვიყინებოდით, არაფერს ვაკეთებდით და მაინც არ შევდიოდით  სახლებში :D
კიდევ თამაშები იყო: გარტყმა-კოცნა-კბენები, ამის პატრონმა რა ქნას-"ვაი ჩემს პატრონს ამათ ხელში" და საუკუნის კითხვა "რა დაჯენჯე?"
მოწონებაც(თუ ფლირტი თუ რაც ქვია) იყო ერთერთი იკასგან, აი, იმისგან, რომ ეწევა და ჩემი "ფილოსოფიური" პასუხები: იცი რა, შენ ახლა შენ ყოფილს ეძებ ჩემში და ცოდოები ვართ ორივე და ბლა ბლა ბლა :D იმას კიდევ უკვირდა, რატომ მეცინებოდა ხოლმე სერიოზული ლაპარაკის დროს :D

კიდევ ჩემი ჰამაკი იყო
ტყე ტყე ტყე ტყე ბეეევრი ტყე :D
წვიმიანი დღეები
ცივი, ლამაზი დილები..
თბილი ბებოს თბილი ჟაკეტი <3

იყო კიდევ ჩემზე და ბაყაყებზე სიცილი, ვისაც როდის ახსენდებოდა ჩემი შიში ამ "უწყინარი" არსებებისადმი :D

კიდევ მონატრება იყო: იმისი, მეგობრების და ინტერნეტის :)
ვიყავით: მოზარდი ბავშვები და თავი რომ ბავშვებად აღარ მიგვაჩნია ისეთი ბავშვებიც :D

ბევრს რომ კითხო, ასე ყოფნა მოსაწყენია: არაფერი აკეთო, არსად იარო...
მე რომ მკითხო.. ან მე რა უნდა მკითხო, ორ დღეში ალბათ ისევ იქ წავალ :D

P.S. უცნაური შეგრძნებაა, ფბ-ს რომ გახსნი და კედელზე იმ სიმღერას იპოვი, წუთების წინ რომ უსმენდი და იმ ადამიანზე ფიქრობდი, ვინც ატვირთა :)



Wednesday, July 13, 2011

ჩემი ნათელი სულები 2

მარო ბაბო.
ჩემი დიდი ბებო.
დღისით შუქს რომ ჩამაქრობინებდა ხოლმე_მზეს ეწყინებაო;
ჩემს ხველას ყვავს და ძერას რომ გაატანდა დიდი მონდომებით;
გრძელთითა, დანაოჭებული ხელებით თავშალს რომ შეიკეცავდა;
საჩეჩელასთან რომ არ მიშვებდა,
ძაფის დართვას, ჩხირების ჭერას, ჩავარდნილი თვლის ამოყვანას რომ მასწავლიდა უძირო მოთმინებით;
უამრავჯერ რომ მაყოლებდა "მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი"-ს და ყოველ ჯერზე რომ ტიროდა;

როგორ გავურბოდი ხოლმე რომ გავიზარდე ცოტათი და როგორ რჩებოდა ყველგან თავისი რბილი ბალიში;
როგორ უგლეჯდა ბაჭიებს ბალახს ყოველდღე, როცა თვითონ ძლივს დადიოდა;
როგორ მეშინოდა ხოლმე მის ბარძაყთან ჩატეხილი ძვლის ადგილას გამოწეულ რკინაზე ხელის დადების-ვერ წარმომედგინა ასეთი რამ და იმიტომ.
როგორი შიშითა და ინტერესით ველოდი, რას მომიყვებოდა თავისი წარსულიდან-ყოველთვის რამე ტკივილიანს, მძიმეს გიამბობდა, რაც იცოდა და გამოიარა, იმას.
მერე ვცდილობდი ხოლმე, აღარ მეფიქრა მაგ ამბებზე და არ გამომდიოდა-მეტირებოდა და მეშინოდა, ისე მშვიდად, ღიმილით ყვებოდა თავის ბავშვობას, ობლობას, ქვრივობას...
ახლაც მეშინია-მაგდენი სიმართლის, სიმძიმის და მაინც ამდენი სიყვარულის.
მე ალბათ ვერ შევძლებდი.


რომ გარდაიცვალა, თითქმის არ მიტირია.
რომ მეტირა გულზე მომეშვებოდა!

Monday, July 4, 2011

ჩემი ძვირფასი წუწუნი

მერე რა, რომ
სულ 4 საათი მეძინა წუხელ და 5 საათზე ავდექი.
მერე რა, რომ 9 საათზე უკვე მაღლივში ვიყავი გამოცდაზე.
მერე რა, რომ უნაკლოდ  არ დავწერე.
მერე რა, რომ თავი მისკდებოდა და მისკდება.
მერე რა, რომ მთელი დღე მეგობრის ზარები მეპარება.
რომ 3-საათიანმა დღის ძილმაც არ უშველა ჩემს თავს, არც ყავამ.
მერე რა, რომ არ მწერს("სად წავა მაინც "განწყობა_ოპტიმიზმის პიკი)
მერე რა, რომ დამაკმაყოფილებელი ვარ მხოლოდ_მთლად უბედურება ხომ არ ვარ.
მერე რა, რომ ჩემს ახალ პოსტს უაზრობის სუნი ასდის-ძლივს ერთხელ ახალი პოსტი დავწერე.

რადგანაც:

ისეთი დილა იყო, ისე კარგი და სასიამოვნო, შუქიანი, ჰაერიანი, ხასიათიანი.
მოვიშორე კიდევ ერთი გამოცდა,
შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იქნება.
არაა კატასტროფა, ტელეფონის ზარს თუ არ ვუპასუხებ ერთხელ.
თავის ტკივილს თავისი ხიბლი აქვს ბზუილა ფიქრებით, გარე სამყაროს გათიშვებით და  გადღაბნილხედებიანი მგზავრობებით_მზე რომ თვალებში გისახლდება და ტვინს გიდუნებს.
დაღლილი რომ მიწვები, ჩაგეძინება და წინასწარ იცი, შენი ძმა გაგაღვიძებს, კარის საკეტს სპეციალურად რომ ჩამოსწევს ხმაურით.
თვალებგახურებულზე ცივი წყლის შესხმაც სასიამოვნოა.
აივანზე სიგრილეში მუსიკის მოსმენა- მედიტაციის ტოლფასი.
თან იცი, რომ ამაღამ ალბათ იწვიმებს.
ცოტა ხანში მეგობარი მოგწერს და ისე გაგაღიმებს, მარტო მაგას რომ ეხერხება.
და სულაც არაა ცუდი, როცა  დამაკმაყოფილებლად მიგიჩნევენ_მართალია Coward-ობა შეეფერება, მაგრამ მაგის დამაკმაყოფილებელი ბევრის ანგელოზო-სიხარულო ტირადას ჯობია.

 სათაური რა შუაშია და სინამდვილეში წუწუნია ჩემი სტიქია.
დღეს მეზარება რატომღაც.