Wednesday, July 13, 2011

ჩემი ნათელი სულები 2

მარო ბაბო.
ჩემი დიდი ბებო.
დღისით შუქს რომ ჩამაქრობინებდა ხოლმე_მზეს ეწყინებაო;
ჩემს ხველას ყვავს და ძერას რომ გაატანდა დიდი მონდომებით;
გრძელთითა, დანაოჭებული ხელებით თავშალს რომ შეიკეცავდა;
საჩეჩელასთან რომ არ მიშვებდა,
ძაფის დართვას, ჩხირების ჭერას, ჩავარდნილი თვლის ამოყვანას რომ მასწავლიდა უძირო მოთმინებით;
უამრავჯერ რომ მაყოლებდა "მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი"-ს და ყოველ ჯერზე რომ ტიროდა;

როგორ გავურბოდი ხოლმე რომ გავიზარდე ცოტათი და როგორ რჩებოდა ყველგან თავისი რბილი ბალიში;
როგორ უგლეჯდა ბაჭიებს ბალახს ყოველდღე, როცა თვითონ ძლივს დადიოდა;
როგორ მეშინოდა ხოლმე მის ბარძაყთან ჩატეხილი ძვლის ადგილას გამოწეულ რკინაზე ხელის დადების-ვერ წარმომედგინა ასეთი რამ და იმიტომ.
როგორი შიშითა და ინტერესით ველოდი, რას მომიყვებოდა თავისი წარსულიდან-ყოველთვის რამე ტკივილიანს, მძიმეს გიამბობდა, რაც იცოდა და გამოიარა, იმას.
მერე ვცდილობდი ხოლმე, აღარ მეფიქრა მაგ ამბებზე და არ გამომდიოდა-მეტირებოდა და მეშინოდა, ისე მშვიდად, ღიმილით ყვებოდა თავის ბავშვობას, ობლობას, ქვრივობას...
ახლაც მეშინია-მაგდენი სიმართლის, სიმძიმის და მაინც ამდენი სიყვარულის.
მე ალბათ ვერ შევძლებდი.


რომ გარდაიცვალა, თითქმის არ მიტირია.
რომ მეტირა გულზე მომეშვებოდა!

No comments:

Post a Comment