Saturday, April 18, 2015

ნაბიჯია წინ, ჯივზ!

ძნელია გულწრფელად წერა.
კიდევ უფრო ძნელია, როცა შეგიძლია კარგად წერა, როცა იცი, გრძნობ, და ყნოსავ, როგორ უნდა დაწერო ესა თუ ის ფრაზა, რომ ადამიანს გულახდილობა დააჯერო.
ჩემი ძირითადი პრობლემა ეგაა. პოსტის წერა ბრძოლაა- ვიყო ბოლომდე გულწრფელი.
ოღონდ ისე, რომ "ჩემგულწრფელობაშეხებული" პირები ამას ვერ მიხვდნენ, ან ძალიანაც არ გამოჩნდეს სინამდვილეში რაზე ვლაპარაკობ, უბრალოდ დაიჭირონ ემოცია, დაიჭირონ, რასაც განვიცდი და ვფიქრობ.
შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, გამომდის.

შეზღუდვები მაქვს. ხანდახან შემოვალ ხოლმე და ნახევრად ჩამღერებულ პოსტს წავშლი:

-ნუც, ბიჭებზე არ დაწერო, რას დაემსგავსება შენი ბლოგი, სხვების თვალში როგორ გამოჩნდება;
-ეგ არ დაწერო, ზედმეტად რომანტიკულია;
-ეგ არ დაწერო, ეგოისტურია;
-ეგეც არა, შენ სტატუსს და რეპუტაციას არ შეეფერება;
-პოლიტიკასთან შეხება არ ღირს;
-აგრესია არა;
-წუწუნი არა;
-მკვდრებზეც აღარ;
-ამაზე არ, იმაზე აღარ
და მოკლედ

ვინ დამიწესა ნორმები? ვინ დამიწესა შეზღუდვები? ვინ მითხრა, რა შეიძლება და რა არა?
ჩემი ბლოგია, ჩემი ტერიტორიაა, მე ვარ აქ ბატონ-პატრონი და ამ როიალს სადაც მინდა იქ წავიღებ და სულაც გადავაგდებ, თუ გამიხარდება.

დღეს დავფიქრდი და ჩემ თავზე გავბრაზდი. რატომ უნდა დავუქვემდებარო ჩემი თავი სხვის აზრს ასეთ დონეზე(ბოლომდე ვერავინ გავთავისულდებით ამისგან და არცაა საჭირო) ? ზედმეტი მომდის მგონი.
მით უმეტეს აქ, ჩემ საკუთარ ტერიტორიაზე, მიწაზე ან 0-ების და 1-ების ნაკრებში.
რატომ უნდა ვითვალიწინებდე, მაგალითად, იმდენად დახურულ-ჩაკეტილი ადამიანის აზრს, რომელიც არ იცვამს  ღია ფეხსაცმელს არასდროს(ალბათ რაციონალურად ახსნის, რომ ვკითხო, ოღონდ მე მაინც მგონია, რომ კომპლექსის გამო), და არც ტონალურის გარეშე მინახავს?
ან ადამიანის, რომელსაც თავი ყოველთვის მართალი ჰგონია და რატომღაც ნორმალურად თვლის, გიკარნახოს როგორ მოიქცე, ან თვლის, რომ აქვს შენი გასამართლების და დასჯის უფლება?
ან ადამიანის, რომელიც იმდენად, იმდენად კატეგორიული, თავის თავში დარწმუნებული და მართალია, რომ საკუთარ დას აწამებს და სტრესავს?
ან, აი, იმ "ხალხის აზრი" ადამიანების, გოგლას ციციკორეს რომ შეშურდება? იმათი, საკუთარი ინდივიდუალობა და ემოციები იმდენად რომ ჩაახშეს, მკვდრებივით დაცივდნენ და ახლა შენი სითბო აწუხებთ? შენი გრძნობები, მოთხოვნები, ბრძოლა, თავისუფლება?
რომელთა სიტყვებიც, აზრებიც, გნებავთ ფეისბუქები, ინსტაგრამები და მსგავნი, უმარილო სადილებივით მშრალი და "ნორმალურია"- არც ერთი გადახრით, არც ერთი გადაცდენით ეთიკიდან, უაზრო ნორმებიდან და საზოგადოებრივი აზრიდან.

ვერ ვარ ეგეთი, ვერც ვიქნები და არც.

ღმერთო, მე ზუსტადაც რომ არასრუყოფილებები მიყვარს! ნაკლოვანებები მაგრძნობინებს ადამიანობას, ინდივიდუალობას, რაღაც საინტერესოს, დასაფიქრებელს, დასაფასებელს, მოკლედ, აზრს და შესაყვარებელს.

ჩემი თავიც მიყვარს.

ასე რომ, აქ, ჩემ პირად სივრცეში, უფროსიც მე ვარ, უმცროსიც, ღმერთიც და შესაბამისად, მენიუსაც მე ვადგენ.

დავწერ იმაზე, რაზეც მეწერინება, ისე, როგორც მეწერინება და როდისაც მეწერინება.

მართალია ჯივზ,  მე კიდევ ცოტათი გავიზარდე.




No comments:

Post a Comment