Monday, January 28, 2013

უსაქმურობის სარგებლიანობაზე

კიდევ კარგი  სიყვარულოვნა რომ არსებობს, ის რომ არა, ჩემ ბლოგს მტვერი შეჭამდა.
                                                                                                                                    მე.



პრინციპში, მარტო უსაქმურობასაც ვერ დავაბრალებთ.
პირველი -  გენების ბრალია - მაკრატლის და ნემსის ჭერა რომ ვიცი და არც საქსოვ ჩხირებთან ვარ მწყრალად;
მეორე - საშინლად არ მიყვარს საყიდლებზე სიარული, ათასი რამის მოზომება და ბოლოს მაინც ხელცარიელი და უკმაყოფილო წამოსვლა, ვერაფერი რომ ვერ დამაკმაყოფილებს;
უფულობა - ისიც დაამატეთ, რომ ერთი თვეა უმუშევრის სტატუსს დავატარებ(კაცმა რომ თქვას, სულაც არ მემძიმება);
მესამე - ტანსაცმელს ვეჩვევი უაზროდ;
მეოთხე - წვეტიანი აზრები მაწუხებს ხოლმე :დ


ასეა თუ ისე, მაკრატელთან, ნემსთან, ჩხირებთან თუ ყაისნაღთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
თუ გადაბმულად უსაქმური დღეები დამემღხვა და სახლში ნაჭრები ან ძაფები მომეპოვება, ბედნიერი "გადავიკარგები" ხოლმე იქ, ჩემთან და უკან რაიმე ახლით ამოვყივნთავ.

Monday, January 21, 2013

ცოტა შემთვრალზე და ცოტა კარგ ხასიათზე დაწერილი

ზღვიდან ქალაქში ყოველთვის მატარებლით ვბრუნდებით. ვიღებთ ბილეთებს ფანჯრისკენ. პირისპირ. თითქმის არ ვლაპარაკობთ. ზღვა საგზლად დუმილს გვაყოლებს ხოლმე. ხან ერთმანეთს ვუყურებთ, ხან ფანჯრიდან ვიხედებით. მე ზოგჯერ ვკითხულობ, იშვიათად ვწერ.
დღესაც ასეა, ზღვიდან მოვდივართ.
კუპე.
ვხსდებით პირისპირ. წვენი, შოკოლადი-მაგიდაზე.
ისე ჯდება, როგორც იცის ხოლმე, ტორსით ფანჯრისკენ, არც ძალიან- ჩემს დასანახად თავის მობრუნება რომ არ დასჭირდეს.
მეც ვეწყობი, ჩანთიდან წიგნს და ფლეერს ვიღებ. გზადაგზა მოვუსმენთ.
მეზობლები გვეყოლება- ორი ქალი გვიახლოვდება, ორივე თეთრი, გათქვირული და ენერგიით სავსე. ალბათ დედა-შვილი. შვილი დაახლოებით ჩემი ასაკის.
ქალი კიდევ ერთხელ ამოწმებს კუპის ნომერს და აქოშინებული მის გვერდით ჯდება. გოგონა ჩემთან თავსდება.
-დედა, რაფერ ცხელა, ნეტა მალე გავალთ?- კითხულობს ქალი და შარფს იხსნის. დრო არ დაუკარგავს, ჩვენი შეთვალიერება მოასწრო. ახლა იმას უყურებს, მოეწონა. რა თქმა უნდა.
შვილს წვენის საყიდლად აგზავნის და ისევ გვათვალიერებს. ნამდვილად მოეწონა. მის ადგილზე არც მე დავრჩებოდი გულგრილი.
ვხვდები, მშვიდად ვეღარ ვიმგზავრებთ, ამ ქალის ენერგიით კუპე გაივსო. ვერ მოისვენებს,
დავიძარით.
-ძლივს არ დეიძრა? რომელი საათია ვერ მეტყვი, დედი?გვიან გევედით ხომ?_მიუბრუნდა და მზრუნველი ხმით ჰკითხა მას.
მან ზანტად დახედა საათს.
-დროზე გავედით ქალბატონო, 5 საათია ზუსტად,- მერე მზერა გოგოზე გადაიტანა, ბოლოს კი მე შემომხედა. ვიცი რატომაც, ძნელია ვერ შეამჩნიო თეთრი, პრიალატყავიანი და სქელსამაჯურიანი საათი გოგოს ხელზე.
"არ შეიმჩნიო, რომ მიცნობ, მიხვდები"- სწრაფად ვკრეფ sms-ს და ვგზავნი.
იღებს ტელეფონს. შეკითხვიანი თვალები.
თვალებითვე ვპასუხობ- "ამყევი"
"ეავი"
-უკაცრავად, ფანჯარას ვერ შეაღებთ ცოტა ხნით?_ თხოვნა რა თქმა უნდა მას.
აღებს.
-გეიხარე, შვილო. სად მიდიხარ, დედი, შენ?_ალბთ ჩათვალა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
-თბილისში.
_თქვენ, გოგონი?-მეც მომიბრუნდა.
-თბილისში.
-სტუდენტები ხართ, ალბათ ხო? სადაურები ხართ ისე?
-თბილისში ვცხოვრობ ქალბატონო, იქაური ვარ, დავამთავრე შარშან-ვუმარტავ.
-მეც,-მოკლედ პასუხობს ის.
-დედა, რა კარგია! მუშაობ, შვილი?-დაუბრუნდა "ინტერესის ობიექტს"
-კი.
წიგნს ვშლი, ხელის შეშლა არ მინდა, უკვე ვიცი, თავს არ დაანებებს.
-რა დაამთავრე შვილი? სად მუშაობ? გაგიჭირდა სამუშაოს შოვნა ძალიან?
-ეკონომიური. ვმუშაობ ბარში. შოვნა არ გამჭირვებია.
-ოფიციანტი ხარ შვილო?- ქალს შთაბეჭდილება შეერყა ალბათ.
-არა, ჯგუფთან ერთად ვუკრავ.
ეჰ, იფუშება წარმოდგენები. თუმცა, გოგო ახლა ინტერესდება.
-დამკვრელი ხარ, დედი?-შეეცოდა კიდეც.
-ბლუზს და როკს ვუკრავ.
-პროფესიით არ მუშაობ, დედი? მაგ დაკვრით თავის სარჩენ ფულს შოულობ? დიდი ხარ დედი, აგერ მე უკვე ვამუშავებ ჩემ სალომეს, აქედანვე ვაჩვევ, არადა პატარაა, მეორე კურსზეა ჯერ.
 ვატყობ უკვე ღიზიანდება.
-ნუ ღელავთ ქალბატონო, საკმარის ფულს ვშოულობ მე, მეწილეც ვარ მაგ ბარის. თქვენი ქალიშვილი კი მოესწრება მუშაობას კიდევ.
ქალი კმაყოფილია ვატყობ, მთავარ თემაზე გადასვლის შანსი მიეცა.
-ესა გვყავს, შვილო, მე და მამამისს, ამაზე ვართ გადაგებული, თბილისში ვასწავლით და ვამუშავებთ, აწი იცის თვითონ და კაი ბედი უნდა კიდე ამას...
"მალე გვერდით მოგისვამს"-მივწერე ისევ.
კითხვებიანი მზერა.
-მართალი ბრძანდებით ქალბატონო, ქალს თუ კარგი ბედი არ შეხვდა, არ გამოვა ისე არაფერი. ქმარი სჭირდება ქალს ძლიერი და ხელისშემწყობი-ვურთავ სიტყვას და მზია დეიდას რომ გაუხარდება, იქით  მიმყავს საქმე.
-კი, შვილო,-სასწრაფოდ დამეთანხმა და  ისევ შემათვალიერა. კმაყოფილი ჩანს, მისშვილს ვერ ვჯობნი, გამხდარი ვარ ძალიან.-გათხოვილი ხარ, დედი, შენ?
-დანიშნული ქალბატონო,-ვამშვიდებ საბოლოოდ.
-მუშაობ დედი? ბეჭედს არ ატარებ?
-ვმუშაობ კი, ფინანსური მენეჯერი ვარ. ჯერ არ ვატარებ ქალბატონო.-ატარე შვილო, უნდა გეკეთოს და ამაყობდე მაგით. სალომე, გოგო, ადექი და ამოალაგე "პერაშკები", მივირთვათ, ცოდოები ვართ ჩვენც და ესენიც. გადმოვალ მე მანდეთ, არ შეგიშლი ჩანთასთან. ცოცხლად, გოგო.
საუბარი აეწყო, მზია გვერდით მომიჯდა, სალომემ თავისი პუტკუნა თეთრი ხელებით ღვეზელები ამოალაგა და ისიც მსუყე გამოხედვით დაასაჩუქრა_ მუსიკოსია, თან რა სიმპატიური!
ამასობაში მზიამ გაიგო ჩვენი სახელები, მისი სამუშაო დღეები, ერთი სასწავლებელი, რომ დავამთავრეთ,ერთად რომ ვმუშაობთ, სად, რატომ, როგორ, რამდენი ხნით იყო გურიაში, რომ ბევრ მის მოგვარეს იცნობს და რომ სალომეს აუცილებლად მოაძებნინებს მის თავს "ფაცებუკზე", რომ სალომეც მღერის და ის იყო შვილის ტელეფონის ნომერიც უნდა გაეხმაურებინა, რომ  ტელეფონმა დარეკა.
აუჩქარებლად უპასუხა:
-ჰო, დედა.
მალე მე შემომხედა, დალაპარაკება უნდაო, თავი დავუქნიე, გადმომაწოდა.
-დიახ...
-ორი-სამი დღით აგარაკზე დარჩებიან, მთხოვა, ბაბუს და ბებოს შეუარეთ და სთხოვეთ სახლს გახედონ ხოლმეო, და, ჰო, შემეხვეწა, იებს მოუარეო. ბაბუსთან საღამოს გავიდეთ, კარგი?
-კარგი, ჯერ სახლში ავიდეთ-დამეთანხმა.
ტელეფონი დავუბრუნე.
კუპეში სიჩუმე. ქალბატონი მზიას სახეზე შოკი. სალომესაზე-შეკავებული სიცილი.
მერე დაუსმელ კითხვას ვცემ პასუხს:
-კი, მზია დეიდა.
სალომეს სიცილი მზიას გამწყრალმა სახემ მოაშთო.
-მეც არ გამიკვირდა, ერთად მუშაობენ, აჭარაში ერთად რა უნდოდათ მეთქი?გეიხარეთ, შვილო.
დედა, რაფერ მევიჯაყე ამხელა ქალი, რავა ვერ მივხვდი...
-ასე გვემართება სულ, მზია დეიდა, ნუ გეწყინებათ, ვერ წარმოუდგენიატ ხოლმე ერთად რომ ვართ, ჩვენი ბრალია ალბათ ეს...
-არა, შვილო, რაფერ ამბობ მაგას დედი? კარგები ხართ, ღმერთმა გამრავლოთ შვილო...-ისევ გამწყრალმა გადახედა სალომეს და ღვეზელს წაეტანა.
საუბარი აღარ გაგრძელებულა.
ოციოდე წუთში აიბარგნენ,  მათი დანიშნულების ადგილზე.


საზიზღარო,-დამაჯილდოვა და ფლეერი ამწაპნა.
სიცილი დავიწყე,-არ აწყენს.

გვერდით მივუჯექი.
რომ დავიძვრებით, ქარი მზიას სუნამოს სუნს გაიტანს.

თავი მკერდზე მაქვს მიდებული და მის მშვიდ გულისცემას ვუსმენ.
წაძინებაც შეიძლება.

Wednesday, January 2, 2013

2012-ზე (გრძელი პოსტი)

2012 წელი
ცუდი იყო? არა.
კარგი? ვერც მაგას ვიტყვი. ერთი ჩვეულებრივი წელი იყო, დღეებით, თვეებით, კვარტლებით, თოვლით, წვიმით, ქარით. წელი, რომელმაც სხვა წლებივით ვიღაცები და რაღაცები წაიღო, და სხვა ვიღაცები და რაღაცები მოიტანა.
ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო. ალბათ ისეთი ამბები, როგორიცაა-გავხდი ბაკალავრი; ჩავაბარე მაგისტრატურაში; ორჯერ მქონდა და ორჯერ აღარ მქონდა სამსახური;მივიღე მონაწილეობა ამა და ამ კონკურსში; ვიყავი აქა და აქ; ესა და ეს ივენთი, ფართი და ბლა ბლა იყო მაგარი და ა. შ. სამწუხაროდ და საბედნიეროდ(ან როგორცაა) ივენთებზე, ქართულად წვეულებებზე, საღამოებზე, შეხვედრებზე, თითქმის არასდროს დავდივარ ორი მიზეზის გამო: 1. მიჭირს ადამიანთა ჯგუფთან ურთიერთობაში შესვლა და მერე შენარჩუნება(ჩემი თავისა ამ ჯგუფში); 2.  მოსაწყენია და უაზროც. ჰოდა დავწერ იმას, რაც და  როგორც გამახსენდება.


2012 დაიწყო დაღლილობით. ზამთარში არეული გამოცდების, ყელში ამოსული სტაჟირების, უაზროდ აკვიატებული ფიქრებისა და ჩემი დეპრესიული ბუნების თავისებურად გემრიელი ნაზავით. შესაბამისად 13 თებერვლის ცრემლნაყლაპი საღამოსა და მშობლებთან "ღია" (ჩემ შემთხვევაში მშობლებთან ბოლომდე ნათქვამი არაფერი არსებობს, ამიტომ სიტყვა გულწრფელობას ვერ დავწერ) საუბრის შემდეგ თებერვალი სახლში გავატარე-უსამსახუროდ და არდადეგებზე.


წელი გაგრძელდა გაზაფხულით, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე და რომლის მოსვლაც, სიმართლე გითხრათ, არ მდომებია. სტანდარტული გაზაფხული იყო, ბოლო სემესტრით თსუ-ში, კონკურსით მარკეტინგში, და ძილის, დაუძლეველი ძილის სურვილით.
 

მაისში იყო ბიჭი. ბიჭი, რომელიც მომწონდა და, როგორზე უარს ახლაც არ ვიტყოდი. სამწუხაროდ(იქნებ საბედნიეროდაც) ამ ურთიერთობას მისი კუთხიდან მადლობისა და თავმობეზრებულობის(არ იყოთ კარგი და კეთილი მეგობრები :დ ), ჩემი კუთხიდან კი ჩაკეტილობის, უაზრობისა და "ნეტა სადამდე მივა"-ს სუნი ასდიოდა ორივეს კომპლექსების ნაერთი არომატით.
მიხვდებოდით, რაც გამოვიდოდა:
მე ვითვალე დღეები, საათები, მწვანე ბურთულის ხანგრძლივობის სიხშირე, ემოციები, მოთხოვნილებები, მისი საქციელები, ჩემი საქციელები.
იმან ითვალა(ალბათ) ჩემი საყვედურები, ბუზღუნი, მოთხოვნები, უარები, ჩაკეტილობა და 14 თუ 15 ივლისი ჩემთვის დამთავრდა მისი შეკითხვით  "ვინ მოგამზადა ამისთვის?"
_რეაქცია იყო იმაზე, რომ "ვშორდებოდი" და მოთმინებით ავიტანე მისი დამამცირებელი აზრები
 მომზადებით კი "მომამზადა" მე-მ და არაპირდაპირ თვითონ.
მანამდე  მახსოვს ჩემი დაბადების დღე (ზოგადად აუტანელი დღეა) როცა მთელი დღე ვიტირე, რადგან მთავარს გადავუხვიე_ ადამიანებისგან არასდროს ელოდო ბევრს, ბევრს კი არა, რამეს, თუნდაც ეს ადამიანი იმ დროს ყველაზე ახლოს იდგეს შენთან.

მერე იყო ზაფხული. ზაფხული თბილისში. ბანკეტი(მოოოოოოსაწყენი), კიდევ ერთი ბიჭი(ჰა, ჰა, ორი კვირით) და ფრენბურთი. საღამოობით, დღისით, ყველა თავისუფალ წუთს. სამსახური ბურთი, შო, ბურთი, ძილი, ძილი, სამსახური, ბურთი, ბურთი და ასე.

სექტემბრისკენ გამოიდარა. ჩემი შემოდგომა მოახლოვდა უმანგლისო, უადამიანო ზაფხულის მერე. ბურთის რაოდენობამ მოიკლო, მეგობრების, კარგი დღეების,  და "გამეგობრებული" სულ სულ ძველი ყოფილის რაოდენობამ იმატა,
მოვიდა მაგისტრატურაც. გადარბენები, მონატრებული ბავშვები, "უცნობი ადამიანები", სიზარმაცე, წვიმები, ცხოვრება.
ჰო, მართლა, აპოკალიფსი, არ მომხდარა, სამსახურიც კი ადგილზე დამხვდა იმ დღეს. უბრალოდ, გამოიდარა.


2012 ბოლოსკენ_ გამოიყურებოდა დაღლილად, სიცხიანად, გამხდრად(კიდევ უფრო), ფერდაკარგულად, სასწავლებელში პრობლემებით, სულ სულ ძველი ყოფილის სქელი ფეხების, სიგარეტის სუნისა და მანერების გამო დაბრუნებული შეგრძნებით, რომელიც კინაღამ და აიძულებს ხოლმე, ადგილს მოწყდეს და რაც შეიძლება შორს გაიქცეს.



2012 დამთავრდა მშვენივრად: 28 დეკემბერს წამოვედი სამსახურიდან, აღარ დამსიზმრებიან აწ უკვე ყოფილი კლიენტები, გამიარა სიცხემ, ამივიდა კაკლის, ვანილისა და გემრიელობების სუნი_კარგად ვარ.




ისე ამდენ წერას და მოსედ გახდომას(როგორც დედაჩემმა მითხრა ამწუთას) ჯობდა ჩამომეწერა:
1. წამოვედი სამსახურიდან;
2. გავხდი ბაკალავრი;
3. ჩაფლავდა ჩემი ე. წ. ურთიერთობები;
4. ჩავაბარე მაგისტრატურაში;
5. ისევ წამოვედი სამსახურიდან;
6. არ დამიდგამს ნაძვის ხე.

ან უფრო მოკლედ:
მოკვდა 2012, გაუმარჯოს 2013-ს.

ჰოდა, გილოცავთ თქვენც, გისურვებთ, მართლა მოსალოცი წელი გქონოდეთ.




Sunday, November 11, 2012

სიცხიანზე

შუბლი-ცხელი, ცხელი
თვალები- ქუთუთოებშეწითლებული.
მისუსტებულია, მაღალი სიცხე აქვს.
თავი ბალიშზე მიუდია და არეულად იყურება.
პატარა ბიჭს ჰგავს. უმწეოდ სუსტს. სადღაც ძალიან შიგნით სევდიანად გეტკინება, ისე მოგინდება, მიხვიდე, გულში ჩაიკრა და აღარ გაუშვა არაფრის გულისთვის, აღარასდროს.
ცხელია. ხურვებას ასხივებს, ხელებზეც კი ეტყობა. მშვიდად, გაუნძრევლად დაუსვენებია ორივე ხელი საბანზე. მოშვებულად, დუნედ. ასე ახლობელი ხელები, დახვეწილი, ძლიერი. თბილი და ნოტიო ხელისგულით.
წევს და ხან გაბუტული ბავშვივით იყურება, ხან კი ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაც ეშმაკობა ჩაუფიქრებიაო. ლოყები სიცხისგან ოდნავ შეფერილი აქვს, პირი- ნახევრად ღია. წვერი, ალბათ ორი დღის გაუპარსავი. ნისლივით მაწვება უნიათობანარევი სურვილი, ახლოს მივიდე, დავუკოცნო გახურებული საფეთქლები, თვალები, შუბლი. ტუჩები უკვე გრძნობენ ცხელ შეხებას, აჩქარებულ პულსს, ცხვირი- მის სუნს, სიცხენარევს, მათრობელას.
ცხელია, იწვის.
ცოტა თავბრუ ეხვევა, სუსტადაა, თავიც სტკივა- დროდადრო შუბლს იჭმუხნის- პატარა გაბრაზებული ბიჭივით, თან კაცურად, გაძლებით_ არ წუწუნებს.

ცხელია, რა ძალიან ცხელი...


.....
ჯანმრთელადაა, რა თქმა უნდა.
ამას მე ვხედავდი ხოლმე როცა მე ვიწექი სიცხიანი და მონატრება დავიწყების ყუთიდან რომ  ამომეპარა.
მინდოდა, დამერეკა და მეთქვა, გაფრთხილებულიყო, მაგრამ ვიცოდი, გაეცინებოდა და ვერ დავრეკე.
ერთ კვირაში(ან დაახლოებით) ავად გახდა.

მე კი, უბრალოდ გამოვკეთდი და მონატრება სკივრში დავაბრუნე.



Sunday, November 4, 2012

გაზრდისა

ვიზრდებით.
სისულელეა დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თავისუფლება.
ის, რომ დიდი გოგოები და ბიჭები ვხდებით, რომ საფიქრალები გართულდა,
რომ შეგვიძლია რამე გადავწყვიტოთ, არ გადავწყვიტოთ, გადავიფიქროთ, გადმოვიფიქროთ, გავაკეთოთ, არ გავაკეთოთ.

უბრალოდ, დრო გადის.
აღარ გვრჩება ადგილი, ვიფიქროთ ბავშვებივით.
სუფთებად დავრჩეთ.

აღარ გვრჩება ადგილი ბუნებისთვის, ზაფხულისთვის, შემოდგომისთვის, გაღიმებისთვის, მშობლისთვის, გულისთვის.

ახლა საათებია გათვლილი.
ახლა აღარ ვაძლევთ თავს უფლებას "ვერ" გავიღვიძოთ დილით,
"აგვიტკივდეს" მუცელი;
ვერ მოვწყდეთ წიგნს;
დავსველდეთ წვიმაში;
გავატაროთ საათები შემოდგომის მზეზე ფისოებივით მიფიცხებულებმა;

გამოვტოვებთ, როგორ გასცვივდება ფოთლები "ჩვენ" ხეს;
დაგვავიწყდება, როგორი შუქია სოფელში შუშაბანდში დილაობით;
ვეღარ გავიხსენებთ, როგორი სუნი ასდის თივას;
როგორი გემო აქვს მოჭდეულის წყაროს წყალს;
ვეღარ გავიგებთ, რას გვეჩურჩულება ტყე;

აღარ ვიბოდიალებთ ძველ თბილისში;
აღარც ნეკერჩხლის ფოთლებს გავფანტავთ პატარა პარკთან;
აღარ დავალაგებთ წიგნებს საათობით;

ვეღარ მოვისმენთ ბებოს ისტორიებს;
დაღმეჭილი ანტონოვკის გემოც დაგვავიწყდება;

გაგვეპარება პირველი თოვლი;
ვერ გავიგებთ, რომელი ხე აყვავდა ეზოში პირველად;

ჩაგვიჩუმდება პიანინო;
ჩაიფუშება ბურთი;
შემთხვევით შევხვდებით საუკეთესო მეგობარს და გამამართლებელი მიზეზების ძებნას დავიწყებთ;


მაშინ ვკარგავთ ბავშვობას. მაშინ ვიზრდებით და
ვხდებით "დიდები", "დატვირთულები", "საქმიანები".


..
თქვენი არ ვიცი, მე კი ჯერ ისევ ბავშვი ვარ, ცოტათი შეშინებული ბავშვი.
 ყველაზე ძალიან კი მჭირდება, რომ ვინმე პაპაჩემისნაირი მშვიდი და ნამდვილი მოვიდეს, ჩამეხუტოს, თავზე გადამისვას ხელი. ნელა მაკოცოს შუბლში და მითხრას, რომ მე კარგი და ჭკვიანი გოგო ვარ და რომ ყველაფერი, ყვეელაფერი კარგად იქნება.
მე კი გულში ჩავეკრა და ღრმად ჩავისუნთქო- ყველაფერი თავის ადგილზეა.








Sunday, October 14, 2012

შემოდგომის ქვეშ

მახსოვს:
შარშან ახალი წლის დღეს როგორ ვყლაპავდი ცრემლებს ავტობუსში და ვიღაცის ხელებს ვუყურებდი. ისეთი ხელები ჰქონდა, აი, ჩემეული. ჩე-მე-უ-ლი. დიდი სიტყვაა.
ამ ზაფხულს როგორ მეძინა ხოლმე საბნის პირში ცხვირჩარგულს- სუნი ჰქონდა იგივე სარეცხი საშუალების, რაც სამოსს. მონატრებული სუნი. მო-ნა-ტრე-ბუ-ლი.
ამ ბოლოს მარშრუტში რომ ვიჯექი ისევ კინაღამ აცრემლებული, ამჯერად შამპუნის სუნის გამო.  ბევრჯერ რომ ჩამისუნთქავს, იმ თმის  სუნი იყო. ახლობელი. ახ-ლო-ბე-ლი.
კანის სუნიც მახსოვს, მათრობელი. მა-თრო-ბე-ლი.
 მერე ხან ნაწვიმარი დღეების, ხან გაზაფხულის, ხანაც ადუღებული ასფალტის სუნში გარეული.
სახლიც-ცოტა უმზეო, მაგრამ მყუდრო. მყუ-დრო.
სიზმრებიც-ჩემი, ფერადი, ფერადი, საშინელი. სა-ში-ნე-ლი.

დამავიწყდა:
დინებას გავყვე. ძნელია.   ძნე-ლი.


ვეჩვევი:
მუშაობას
სწავლას
დაბალანსებას.


ვიზრდები.



Friday, September 7, 2012

ანგარიში ბოლო პოსტის შემდეგ

ვმუშაობ  და მიხდიან(ძალიან ცოტასაც არა);
მაგისტრატურაში ვაბარებ და იქნებ ჩავაბარო კიდეც;
ამ ბოლოს ვეღარ ვწერ;
წიგნებს ვყიდულობ, მაგრამ ნაკლებად ვკითხულობ;
ტყე მენატრება კი არა, მჭირდება ჰაერივით;
ზაფხული უჩემოდ გავიდა, უმანგლისოდ, უტყეოდ, უბავშვებოდ, უსუნოდ, უწვიმოდ, უმზეოდ .
სამაგიეროდ, იყო: სამსახური, სამსახური, სამსახური, არასასამსახურე ნერვების წყვეტა და ცოტა ტკივილიც გარნირად;
უი, სასმელიც იყო, გართობებიც;
სიგარეტის სუნიც იყო, ზოგჯერ კარგის, ზოგჯერ  ცუდის გამო;
გამოცდილება;
ტაქსის მძღოლები და ფიქრი-ბევრზე და ბევრი.

ჰო,
მთავარი საფიქრალი აღარ მყავს და მაინც მეფიქრება;
როცა "მყავდა", მაშინაც არ მყავდა და მაინც მეფიქრებოდა და
ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვიქნები ესე.
ეგ არაფერი, ძნელი იმის ატანაა, რომ მარტო ვიყავი მაშინაც, როცა მყავდა, მანამდეც და მერეც ეგრე ვარ.
ალბათ, ადამიანებს მარტოობა გვაქვს დანათლული.
უფრო ადვილი იქნებოდა, სხვასთან ყოფნის მოთხოვნილება რომ არ გვქონდეს.

ისე,
შემოდგომა მოდის. დრო, რომელსაც მთელი წელი ველოდები ხოლმე.



Saturday, July 7, 2012

მთვარედალეულზე


-მარგო, სიყვარული რა ფერისაა?
- ვინ და რაც გიყვარს, იმ ფერიs. როგორ გიყვარს, იმფერიც.
-მთვარე შემიყვარდა, მარგო.
-მთვარისფერი ყოფილა მაშინ შენი სიყვარული.
-გაუგებარია ჩემი სიყვარული, მარგო.
-მთვარე ცვალებადია, ხან სავსეა, ხან-ნამგალა. მთვარე ღამისაა, სიზმრისეულია. გაგება ძნელია მთვარის.
-ცივია მთვარე, მარგო.
-მთვარე? არც ისე. რომც იყოს, მზეზე ახლოსაა მთვარე, ახლობლის სითბო აქვს მაგ სიცივეს.
-მარგო, იცნობ მთვარეს?
-რავიცი აბა.
-არაა საჭირო.
..
-მარგო! მარგო, მთვარე შემიყვარდა.
-მთვარისფერი ყოფილა შენი სიყვარული, ღამეული, სიზმარეული.
-მთვარე შორსაა, მარგო.
-მთვარე სხვებზე ახლოსაა, სულ თან დაგდევს თუ დააკვირდები და შენ, შენ გიცნობს. მთვარე მთვარეა და შენეული.
-მაშ, მთვარისფერი ყოფილა ჩემი სიყვარული, მარგო.
-მთვარისფერია, ნუც.

Thursday, July 5, 2012

წიგნებზე

მე დავწერ პოსტებს წიგნებზე.
კარგ წიგნებზე.
დავწერ.
აუცილებლად.



Sunday, July 1, 2012

დაუპატიჟებლად და ისევ

  • ჩემი მთავარი საფიქრალი; 
  • სამაგისტრო ტესტები;
  • თსუს ფინალური გამოცდები;
  • ბუზთა ბატონი(დიდად ვერ მოვიხიბლე);
  • ჩემი ლამის მუდმივი საფიქრალი;
  • ექიმებთან საბოდიალო;
  • დილით სირბილის დიიდი სურვილი;
  • იმ სამსახურში წასვლის აუცილებლობა, რომელშიც არ მინდა(რა ძალიან!)- ბოლო თავისუფალ 20 დღესაც მიშხამებს;
  • ჩემი "ძვირფასი" სიზმრები;
  • სხვა ყოველდღიური მოთხოვნილებები-საათები რომ მიაქვს;
  • შერლოკი და კიდევ სხვები;
  • ძილის, ძილის და კიდევ ძილის მოთხოვნილება(სიზმრების მიუხედავად);
ჩემი ტვინი კი კიდევ უფრო მეტ დაძაბვას მთხოვს
ეჭვგარეშეა-დეპრესია მოიპარება
ისევ.

p.s. წვიმიანი და ჩემ მთავარსაფიქრალიანი დღეები მინდა. ბევრი.