Friday, September 29, 2017

მდგმურზე - ან ახლა, ან აღარასდროს პოსტი


    
  ჩვენივე ქვეცნობიერი მიუღწეველი სივრცეებიდან მოდის, ზედაპირს ისე შეეხება, როგორც ბუმბული დავარდება დამდგარ წყალზე და უკან მიდის, ჩაიკარგება სათქმელის გაუმხელელად. ჩვენ კი ვიგებთ.
თან კიდევ, სრულიად მიწიერია, ლოგიკური, რაციონალური, გასაგები, ახსნადი. ყველაფერი ნათქვამიც აქვს და დაღეჭილიც. მაინც არ გვესმის.
წინააღმდეგობრივი და მთლიანი.
ასეთია ჯემალ ქარჩხაძის მდგმური.
მისი ჩემი გადმოსახედიდან გაჩხიბვის ოთხი მცდელობის არეულ ჯამს კი ქვევით იხილავთ.


-საქციელი და სასჯელი? ცოტათი.
-სულის ეშმაკისთვის მიყიდვა? ეშმაკის განმარტებაა დასაზუსტებელი და, ამ შემთხვევაში, სული ვერ გაიყიდება (ვიტყვი ქვემოთ).
-ემანსიპაცია? არაფერ შუაშია. 
შუაშიც, თავშიც და ბოლოშიც არის ერთი საცოდავი პოლარობა ზოგიერთი კაცისა. 

რას ვგულისხმობ? 


    ჯემალმა არა, ნაირამ აკითხინა მათეს ერთხელ, ყველაფერი ამაღლებული წაკუზვით რატომ მთავრდებაო. 
მაგაში არაა პრობლემა. 
იმაშია, რომ ამაღლებული რამეების ნაწილზე მდაბალი და ბინძურიაო, დაგვაჯერეს. მერე მექანიკამდე დაგვაყვანინეს, მერე მართლა წაკუზვად გადაგვიქციეს და მერე აღარც ჰქონდათ რამე გასაკეთებელი- იდეალი დაირღვა, გაიყო, გაჩნდა ერთში ორი ნახევარკაცი, ორი მოწინააღმდეგე.
ამ მოწინააღმდეგეებმა კი ერთმანეთის ენაზე ლაპარაკი ვეღარ მოახერხეს. ასეა. არ შეიძლება გაუყოფელის გაყოფა. მტრებად იქცევიან ერთის ნახევრები და დაღუპავენ ერთმანეთს. 
ვეღარცერთმა ნახევარმა ვეღარ გაიგო, რომ რბილად, მშვიდად და მოხდენილად მოსიარულე ეგვიპტურმხრებიან გოგოებს მხოლოდ საბანზე ხელებდაწყობილებს არ სძინავთ. რომ მათი სხივი არ ჩაქრება, თუ კი შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ ძილისას თმა მხრებზე არ ეფინებათ და ბალიშზეა გაშლილი, საბანი აქვთ გადაღეღილი და თხელ პერანგში ვერდამალული ძუძუები მშვიდად ნებივრობენ ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქზე. რომ ხანდახან მათაც ემღვრევათ თვალები, სვამენ კონიაკს, შეუძლიათ სითამამე, უხშირდებათ სუნთქვა, იქნებ სულაც კანი ეფოთლებათ ყელ-ყურთან...
     მაგრამ არა.

თვალებში ჩასული ოფლი მხოლოდ ნეფერტიტის პორტრეტს კი არ გაგაყიდინებს, შავ კეპსაც შეგაქმნევინებს, ირინეს ლოგინთანაც დაგაჩოქებს და მაკას, მაგ თვალებისთვისვე უმანკო და სრულყოფილ მაკასაც გაგაწირინებს. 
გაორებული კაცის ნახევრებიდან ვერც ერთს დავადანაშაულებთ. 
შესაბამისად, ამ ნახევრების საწყისი კაციც უბრალო იქნება.
მაშინაც, როცა ფულს აგროვებდა, მაშინაც, როცა მაკას დასდევდა, მაშინაც, როცა ირინეს ფეხებს დაშტერებოდა, მაშინაც, როცა პატრიარქად იქცა, მაშინაც, როცა თავისი მეორე ნახევარი მოკლა.
უბედურება ისაა, რომ ნახევრისმკვლელი ნახევარი ვერასდროს გამთელდება. 
ისე, რომც არ მოკლას, მაშინაც ვერ გამთელდება. 
ვეღარასდროს გაიგებს, რომ ერთადერთი ღერძი არსებობს და რომ ერთის ნახევრებია მაკაცა და ირინეც. რომ შეიძლება, ეგვიპტური მხრების პატრონს ეჭუტებოდეს თვალები სიცილისგან, იღებდეს ინიციატივას და გეხუმრებოდეთ მარიამის სიყრმის მეგობრის უდროო გარდაცვალებაზე.
ვეღარასდროს მიხვდება, რატომ არ ჩანდა წრიულ ბაღში ჩამდგარ სახლში მზე და ვერავინ დააჯერებს, რომ თვითონ უარყოფს დანახვას.
ვერ ჩაწვდება, რომ ეგვიპტეცა და აწყმოც ერთნაირადაა წარსულიცა და მომავალიც. ეს სამყაროც და სხვაც, ილუზიაც და რეალობაც, აბელიც და კოტეც, მთელიც და დანაწევრებულიც. 
ვერცერთი ნახევარი, მკვდარი თუ ცოცხლად დარჩენილი, ვერასდროს ჩახვდება იმ ბრიყვი და კომიკური კაცის სიმთელეს, რომელიც ფეხმძიმე ცოლს მკვდარი ცოლის საფლავზე მიიყვანს. 
კეპი არაფერია გარდა შიშისა და ტკივილისა.
საკუთარი სიმრთელის შიშისა.
საკუთარი მეორე ნახევრის მიუღებლობის შიშისა და 
ამავე ნახევრის დაკარგვის - დაუსრულებელი ძებნის ტკივილისა. 

წყავს მხოლოდ ერთი ნახევარი იპოვის, მეორე სულ ძებნაში იქნება. 
მანქანა მხოლოდ ერთ ნახევარს უნდა, მეორეს შავკეპიანი თავი სძაგს. 
ერთი ნახევარი მაკას სრულყოფილებას დასდევს, მეორე ირინეთი ებრძვის იმ დაკარგულ პირველს, აღარარსებულ მთლიანს კი ვერ დაუნახავს, რომ მაკაც და ირინეც არასრულყოფილი ნახევრები არიან ერთი მთლიანისა. 

მე რომ მკითხოთ, ნეფერტიტს ყველაზე დიდი ცოდვა აქვს ამ ამბავში. 
მე არასდროს გამოვაძერწინებდი მოქანდაკეს დედოფლის სახეს. 
მარიამი კი ყოველთვის უშნოდ დაბერებულ ეჭვიან დედაკაცად მომეჩვენებოდა. რადგან არ არსებობენ კუდიანები. 
არ არსებობენ პორტრეტის მყიდველები. მხოლოდ ჩვენივე მიუღებელი ნახევრების ჩრდილები მოდიან. 
ჩვენივე ნახევრებს ვყიდით, ვებრძვით და ვკარგავთ.
ხან ერთ ნახევართან - შავი კეპით და 
ხან მეორე ნახევართან - მზის სხივებად.
ერთანეთის ენა კი აღარ იციან. 
დანარჩენიც პოლარობაა. ჩვენ ხომ ყველაფერი უნდა დავყოთ - კარგად და ცუდად. 
ამაღლებულად და დამდაბლებულად. 

ნახევრები ვერასოდეს დაინახავენ მთლიანს. მხოლოდ დანაკლისს იგრძნობენ და ვერც გაიგებენ, რა სტკივათ. ხან დაავიწყდებათ, სახურავზე რისთვის ავიდნენ, ხან ვერაფრით გაამხელენ მეორე, "მდაბალი" ნახევრის ნაგროვები ფულის ამბავს, გაუჩნდებიან მარიამები, მაკები, ირები. გაყიდიან ნეფერტიტის. დაიხურავენ კეპს.

ნახევრები ვერავის მიყიდიან გახლეჩილ სულს. თუმცა ყველა სიტყვისას გადაიხდიან ორივე. ცალ-ცალკე.

მათი მუსიკალური დახასიათება ვერასდროს იქნება მთელი. 
მათი ღერძი იქნება ყოველთვის წარმოსახვითი.
მათი მაკა არასდროს იქნება სტუდენტების სიაში და მათ ყოველთვის ირინე ეგონებათ რაღაცაში დამნაშავე. ნაოჭებგაჩენილი, შესაცოდი, გამაღიზიანებელი. 

და ბოლოს(თუ არ გავჩერდი, ვერ მოვრჩები):
ქეთინოები არ ამოიყვანენ მზეებს დილით კარგ ხასიათზე გაღვიძებითა და ქეთინოობით.
ისინი თვითონ იქნებიან მზეები, თუ მოუნდებათ, არ დაირქმევენ ქეთინოებს და სახლის ყოველი არევისას, ყოველი სათამაშოს გატეხისას, კოტეს სრულყოფილი ქეთინოს მსხვრევისას - მაღაზიის დახლებიდან გაქრება თითო შავი კეპი, გადარჩება ერთი მაკა, ერთი ირინე, ერთი ნეფერტიტის პორტრეტი და ერთი დაბნეული სულგახლეჩილი კაციც იპოვის თავის უნეფერტიტო სიმშვიდეს, სადმე ნილოსის ნაპირას, ცხელ მზიან დღეს,
თავის არაწარმოსახვით ღერძთან ერთად, რომელსაც ექნება სწორი, საოცრად თხელი, ჰაეროვანი მხრები და ნუშის ფორმის შავი თვალები.

No comments:

Post a Comment