Saturday, February 11, 2017

დასაქმებაზე, ბრალეულობასა და ცოტა პესიმიზმზე


ავიღე ლეპტოპი,ჩამოვისხი ნახევარი ჭიქა "მამას ღვინო",გამოვყავი საათნახევარი, დავჯექი მოხერხებულად და დაგეგმილი პოსტის დაწერას ვაპირებდი.
კინაღამ გადავიფიქრე.
იმიტომ, რომ ჩემი სიმართლე (სუბიექტური, როგორც ყველასი ყველაფერი ამ ქვეყანაზე) ვის მოეწონება?
მე ხომ გამოვალ და ვიტყვი, იცით, ხალხო? ასეთი პირობები რომაა, ჩვენი, დასაქმებულების ბრალიაო.
რაც გვაქვს, ზუსტად იმას ვიმსახურებთ.
რა სასიამოვნო მოსასმენია, არა?
ვიცი.
კომპანიების, დამსაქმებლების ლანძღვა ადვილია.
არადა:

კომპანიის სათავეში უმეტესად შემგუებელი, გარემოზე მომრგები ადამიანები დგანან. აი, ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, არსებული მოცემულობა თავიანთთვის სახეიროდ გამოიყენონ და, ცოტა არ იყოს მორალთან არიან ჩემნაირი ადამიანებისგან განსხვავებულად. ოტია ეძახდა ასეთ ხალხს მურთხებს და რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, ან არ ერგებოდეს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს- კარგი კუთხით მაინც გამოავლენს დღევანდელ საქართველოში რამის მიმღწევი ადამიანი მურთხობას.
ამიტომ ვამბობ- დასაქმებულების ბრალია.
ჩვენი ბრალია. ყველასი ერთად.
ჩვენ შევქმენით, ის, რაც გვაქვს.
იმიტომ, რომ გვაქვს ფრაზები:
"უსამსახურობას ყველაფერი ჯობია";
"მე გამიშვებს და 10 მოვა ჩემ ადგილას"
"დავრჩები გვიანობამდე და დაინახავს"
"მე პატარა კაცი ვარ, რასაც მეუბნებიან, ვაკეთებ"
და ა. შ. და ა. შ.

ჩვე ნი ბრა ლი ა.
არ უნდა იყოს ის 10. ერთიც არ უნდა იყოს, ნახევარიც. და ავტომატურად გაქრება შიში- ჩემზე დაბალ ხელფასზე სხვას აიყვანსო. ავტომატურად ირეაგირებს დამსაქმებელი არსებულ გარემოზე (სხვა გზა არ ექნება) და შეიცვლება მოცემულობა.

თან კიდევ, მარტო დამსაქმებლები კი არ ავლენენ მურთხობას (დაილოცოს ოტია და ქართული ენა!). დასაქმებულებიც - კარგად, ცუდად თუ როგორც- ყველა საკუთარ ტყავს იცავს და, რა ვქნათ საბოლოოდ დასაცავი რომ არ რჩება აღარაფერი, "მაგის ბრალი ხომ არაა! გააკეთა ადამიანმა "ყველაფერი""!

კიდევ ერთია- უფროსები(ყოველ შემთხვევაში ჩემს რეალობაში არესებული უფროსების 99%) ხედავს და იაზრებს მხოლოდ შემოსავალს, მოგების მომტან ქმედებებს და ხარჯების გამზრდელ ქმედებებს.
მეტ-ნაკლები ვარიაციებით, რა თქმა უნდა. ცოტა განვითარებული უფროსი ლამაზად საუბრობს, შემარბილებელ პირობებს გიხატავს (გიყიდის რამე ვითომ ღირებული პირობით)
ზოგი ნაკლებად მურთხი და შედარებით ადამიანი- შეიძლება დარჩეს, დაგეხმაროს, გასწავლოს- მაგრამ პირობებს არ შეგიმსუბუქებს, დაიღალე სახლში წადი, საქმე მოიცდისო, არასდროს დასცდება(არც უნდა დასცდეს)- დააკვირდით, მე პირადად ეგეთი ჯერ არ მინახავს.
ეგეც ჩვენი ბრალია. იმიტომ, რომ ისინი, უფროსები, ცალკე კასტა კი არაა, ან სხვანაირი გენი კი არ აქვს, სხვა ჯურის არსება კი არა, ადამიანია, ჩემნაირი, შენნაირი, ტრიფონასნაირი და მოერგო იმ გარემოს, რა გარემოც შეიქმნა.
გარემოს კი მასა აყალიბებს.

მე რომ დავთანხმდი ჩემთვის შეუფერებელ ადგილას ჯდომას,
მე რომ მივეცი საშუალება, გვიანობამდე დავეტოვებინე,
მე რომ შევარჩინე სამსახურის დაწყებისას მოცემული პირობების დარღვევა,
მე რომ არ გავუპროტესტე დამატებითი დროის აუნაზღაურებლობა
და შენც რომ იგივეს აკეთებ ჩემნაირის გამო -ჩემს ადგილას მოვა, ჩემზე გული არ
დასწყდებათ და მე ვრჩები ულუკმაპუროდო- შევქმენით წრე, დავიღუპეთ თავები და
დავაჩინეთ ფრესკოები, ნიკორები, ორი ნაბიჯები, ბიბლუსები, ლიბერთი ბანკები,
კვირაში 6დღიანი სამსახურები, 10-ზე სახლში წასვლები, ბიულეტენის ვერ აღებები...
მარტო არ დავაჩინეთ, თან ვზრუნავთ და ვკვებავთ - ჩვენი პირმშოა.

ახლაც სხვისი ამბები რომ გვესმის, სხვის გაჭირვებას რომ ვხედავთ, რამდენი ვიღებთ ხმას?
ოფ, კარგით, რა, გავლანძღავთ უფროსობას, მთავრობას, ქვეყანას, ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა. მერე ცოტა შემოგვაწვება- ჩვენც ეგრე ვიყავითო, აბა მე რა გავიარეო, აბა მა როგორ გინდათო- ვიღაცა დაგვამუნათებს და საკუთარი სიმართლის ხმას ჯაჭვებს შეუსწორებს გონების სარდაფში, ხომ კარგადაა დაბმული და ხომ არ ამომეპარებაო.
იმიტომ, რომ ის თუ გაფაჩუნდება, და, ღმერთმა დაიფაროს, ხმას ამოიღებს, ეს "ნორმალურსამსახურიანი" მასა ვეღარ დახუჭავს თვალს საკუთარ მდგომარეობაზე. ვეღარ ილაპაკებს ფრესკოზე და ბიბლუსზე- "ჩემს შემცვლელს უპრობლემოდ იპოვიან, ერთ ადგილზე 10 მოდის უფრო დაბალ ანაზღაურებაზე თანახმაო" და კი ავდივართ ზევით რომ დავწერე ისევ იმ წრესთან.
ჰოდა, თვალები დახუჭონ, არ ჯობია?
ჯობია.

იცით რა არის ყველაზე უარესი?
გამოსავალს ვერ ვხედავ.
ზოგადად, მასის გამოსწორების არ მჯერა. არ მჯერა, რომ მოსახლეობის 95% რამის შანსი აქვს.
იმიტომ, რომ არ ვიცით აზროვნება, არ ვიცით ფიქრი, არ ვიცით ანალიზი. არ ვფიქრობთ სიმართლით ყოფნას.
იმიტომ, რომ მასას მართავს ინსტინქტი და შიში.
ამიტომ მასა და ჩვენ- ვისაც მანდედან გამოყოფის ერთი ადგილი არ გვაქვს, ვიმსახურებთ იმას, რაც ხდება. მგელი უნდა იყო და მგელზე მგელიო და მგელზე მგლებს ფრესკოები აქვთ- ჩვენ სამწვადე(საჩაქაფულე, სანეკნე, საუიაბსესე, ან რაც გიყვართ, იმის) მასალა ვართ- ერთი სიტყვით, იდილია.

მოკლედ, გრძლად თუ როგორცააა, ჩემი სუბიექტური აზრი ესაა.
არც სახალისოა, არც ოპტიმისტური, არც მიუკერძოებელი და ობიექტური. ისაა, რასაც ვხედავ.

ჩემნაირებს, ჩემზე უკეთესებს და ცოტათი მაინც ჩემნაირებს ფიქრსა და ბრძოლის ენერგიას გისურვებთ.
დანარჩენებს გვირაბის ბოლოს სინათლის იმედს.


No comments:

Post a Comment