Friday, December 6, 2013

სათაურმოუფიქრებელი ამბავი შუშანიკაზე(ნამთვრალევი პოსტი)


შუშანიკა კაცია.  შუშანიკა კი ჰქვია, მაგრამ მაინც კაცია. თან ქართველია, გვარი ძე-ზე უმთავრდება და, მერწმუნეთ, ასე ძალიან ქართველობით მის გარდა ვერავინ იამაყებს. შუშანიკა რომ დაარქვეს, რა ქნას ახლა, ამის ბრალი ხომ არაა. სცადა კაცმა, რაც შეეძლო და პირველი დღეები გამწარებული ტიროდა, არ დამარქვათ ეგ სახელიო. აბა, პატარას ვის რა გასვლია თავისი, ამ საწყალს ხომ სულ ვერ გაუგეს, რა აწუხებდა და ატირებდა.
ასე თუ ისე (და, სხვათაშორის, არც თუ ცუდად), გაიზარდა ჩვენი შუშანიკა, დაკაცდა, ცხოვრებას მოეწია.  ცოლიც ჰყავს, შვილებიც. აბა, რა გეგონათ? კაცია, შნო აქვს და შეიფერა კიდეც ცხოვრება.  სახლი იყიდა ისეთი, დილით აივანზე რომ გამომზეურდება საცვლების ამარა და ღიპს გამოანიავებს(რა გვჭირს ახლა საიმისო, ორმოცს გადაცილებულ კაცს პატარა ღიპი ვერ ვაპატიოთ) ორი-სამი მეზობლის შურიან მზერას მაინც დაიჭერს. კმაყოფილი ჩაიღიმებს, ხელებს გულზე დაიტყაპუნებს, დილის სუფთა ჰაერზე მოწეულ სიგარეტს რა ჯობიაო-არც გაბოლება გამორჩება და, ცოლის უჩუმრად “ბიჩოკს”(ფუი, ამ ბარბარიზმებისა რა ვთქვი, ნამწვს, კაცო ნამწვს) კუთხეში მიდგმული კოხტა კალათის მაგივრად აივნიდან რომ გადააგდებს, დილისრიტუალშესრულებული შებრუნდება სახლში.

 ოჰ, რომ იცოდეთ ცოლიც როგორი ჰყავს ჩვენ შუშანიკას! ქალი და როგორი! მაღალი, სავსე კი არა, მწიფე შემოდგომასავით მოსული ჯიქნით, გადათქვირული გულითა და ჯიშიანი ფეხებით. და პირისკანი? თეთრყირმიზა და დიდშუბლა ქალია, ჯანმრთელი და ფერხორციანი.
-  აბა, იმ ხორცგაღლეტილ გოგუშკებივით ხომ არ ვიქნებიო,-ამაყად იტყვის ხოლმე თვითონაც და მადიანად გადაისვამს სავსე ტუჩებზე წითელ პომადას.
შუშანიკამაც იცის ცოლის ფასი:
- გემივით ქალია ჩემი რუსუდანიო, ჩემი ოჯახის ქალიო, ოქროს დედა და, ბიჭებო, რა დიასახლისიო_ გაიჯგიმება ხოლმე, მეც მაგარი ვარ, ეგეთი ცოლი რომ მყავსო.
ახლა შვილებს არ იკითხავთ? ოჯახის სიამაყეები, დედ-მამის იმედები. ქეთევანი, დედის კვალზე წასული, მაღალი და თამთამა ქალი, მეორე კურსს ამთავრებს უნივერსიტეტში და, როგორც შუშანიკა წაიწუწუნებს ხოლმე, მაგის თაყვანისმცემლების ალაგმვას ვერ აუდის ამხელა კაცი.
ბიჭი, დავითი, დამათავრებელი კლასის მოსწავლე, დასავით ბრწყინვალედ ჩასაბარებლად ემზადება, თუმცა, სიმართლე ვთქვათ და ხელი უფრო ხშირად მამის მანქანისკენ გაურბის, გული და გონება კი- მეგობრებში გასართობად და მუშტის(ქხმ, კრივში ნავარჯიშევი დიდი ტორის) საქნევად.
-აბაო, კაციაო, ისე გაზარდეთ მე და დედამისმა რო, თავს არავის დააჩაგვრინებსო,- იტყვის ხოლმე შემდგარი მამა და ხელს მუხლზე დაირტყამს, თავის ნათქვამს ბეჭედს დაუსვამს თითქოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერად ცხოვრობს შუშანიკა –ძე, ჰყავს, ოჯახი, მეგობრები, სამსახურიც "მაგარი" კაცის სახელთან ერთად სახრავსაც კარგად აძლევს(როგორც პირდაპირ, ისე –ირიბად) და გაჰყავს დრო ხან ძმაკაცებთან, ხან სამსახურში, ხან ცოლთან და ხანაც არაცოლებთან ერთად.

მაგრამ როდის ყოფილა კაცის ცხოვრება მთლად სრულყოფილი და აუმღვრეველი? იქნებ ვინმესი არის კიდევაც, მაგრამ შუშანიკასი არ გამოდგა. მისი თავის ტკივილი კი ერთ მართლა თავისტკივილიან დილას გამოეცხადა. გამოეცხადა რა, მეზობლად გადმოვიდა აივნის მხრიდან.

მოკლედ, უიღბლო დღე გაუთენდაშუშანიკას- პახმელიიანი (ე, ე! ნაბახუსევი,  ნა ბა ხუ სე ვი!) თვალების გახელამდე მოასწრო გუშინდელი ღრეობის მიზეზის, ახალგაჩენილი ბიძაშვილის შვილის “დალოცვა”-შენ კი გიტირე ლოთი მამაშენი, ღვინო მაინც მოეტანა წესიერიო და თვალების ძლივს რომ დააბლიტა, იქვე მიხვდა, სამსახური მკვდარი ამბავი იყო იმ დღეს. ერთი ამოიღნავლა-რუსიკო, ქალო, სადა ხარო, და უტკბილესი რუსიკოდან წიწაკა-პილპილად ქცეულმა რუსუდანმა ისეთი ქოქოლა დააყარა, მიხვდა წვეთი ნაბეღლავისა და შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონოდა ცოლისგან. მაშინვე, ქეთოო, შვილს უხმო. ქეთევანმა ერთი შემოინარნარა ოთახში, მამას გაბუტულ-გაბრაზებული მზერა ესროლა, დედის სუნამო მიიპკურა და ესევე უბრად გავიდა ოთახიდან.
-ე, რაღაც ნამეტანი დამიშავებია გუშინო,- გაიფიქრა შუშანიკამ. აი, რა დააშავა, მაგის გახსენებას აზრზე მოსვლა უნდოდა და ჩამშრალ ყელს ბოლო იმედის სახელიც ამოათქმევინა როგორც იყო:
- დათო, დათო! დათუნა!
- წაეთრა შენი ნაშიერი და შენი მანქანაც წეიყვანა თან! ჩაგდევით კუბოში ორივე! გვამივით დევხარ მაინც შე, შე, შე!.. - ვერაფერი აწამა გაცეცხლებულმა რუსუდანმა და მთელი ძალით შეტენა მანქანაში სარეცხი.- ურეცხე და ულაგე ამის გასაწყვეტ ჯიშს! ჩაგდევით კუბოში და დაგიტირეთ ყველანი ერთ დღეს!
აქ კი მიხვდა შუშანიკა, არ იყო დღეს მაგის საშველი, თვითონ უნდა ეპატრონა საკუთარი თავისთვის და როგორღაც მილასლასდა მაცივრამდე.
ხსნა მაინც არ გამოჩენილა. გაძეძგილ მაცივარში თითქოს ჯინაზე ანტი-ნაბახუსევი საშუალება ვერ ნახა, წვეთი და გრამი არ ჩანდა არსად არც ნაბეღლავის, არც ლუდის, არც მჟავის, მოკლედ, აძმარებულ ღვინოსაც კი ვერ იპოვიდა სახლში კაცი, არათუ რამე გამოსადეგს.  გულში შეიკურთხა შუშანიკამ, მკლავენ ეს უნამუსოებიო, ცივ წყალს დასჯერდა და ფრატუნით დაუბრუნდა საწოლს.  ის იყო თავი დადო ბალიშზე და გადაწყვიტა, თუნდაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე ასე გაუნძრევლად გაეტარებინა, რომ ზუსტად მისი საწოლის თავთან ისე დააბრაგუნეს, ქვეყანა თავზე დაექცეოდა, ეგონა.
- დღეს გადმოდიან ეს უღმერთოები?_ ამოიგმინა მოთმინებიდან გამოსულმა და ისევ ცოლს მიადგა,_ რუსიკო, მიშველე ქალო, ვკვდები, ვკვდები!
რუსუდანმა კარი შემოაფრიალა და წყევლა-კრულვის ახალი ტალღა დაატეხა თავს:
- უარესის ღირსი ხარ, შე დასამიწებელო! ცეცხლი და ნავთი დალია შენმა პირმა, სარგებელი არაფერი ჩევიდა შენ მუცელში!  რატო არ გოუწყალდი დედაშენს, შენ რომ გაჩენდა და მე მაქცევდა! მოკვდი ბარეღამ, გავაკეთებიებ შენგან ტიკს და ჩავასხამ შიგნით ძმარს და ბალღამს, ღვინოს არ ჩეიყენებს მაინც, შენსავით იქნება ამყრალებული!
იწვა შუშანიკა და აკვირდებოდა, როცა ცოლი გაჩუმდებოდა(ჩასასუნთქად, რა თქმა უნდა), ზუსტად მაშინ ისმოდა კედელს იქიდან ბრახუნი და მართლა ეგონა საწყალს, რომ აწ უკვე დამიწებულსა და მოუსავლეთში გამწესებულს მიასვენებდნენ საფლავში ჩასადებად და ამოსალპობად.
       პროცესია ქეთომ გააჩერა. ოთახში შემოფრიალდა და აივანზე გავარდა:
- დე, დე, მოვიდა ჩვენი ახალი მეზობელი! ააუ, დე, ნახე, როგორი გოგოა!
რუსუდანის ცნობისმოყვარეობამ გაბრაზებას გადასძლია, ერთიც დაუბრიალა თვალები ქმარს და აივანზე გაენთო. “მიეცათ საჭორაო”- შვებით ამოისუნთქა შუშანიკამ და ცოლისგან თავდახსნილმა თვალები მილულა.
ბბრახ!
- არ გაგახარებენ! მე ამათი!..… მე ამისი!.. მაგათ რაღა დავუშავე, ჯერ არ მოსულან და უკვე მამწარებენ! მე მაგათი! –გასავალი რომ მიგეცათ, შუშანიკას ბრაზი კლდეს ჩამოაქცევდა.
- ეს უნდა იყოს ჩვენი მეზობელი? ესაა დათომ რომ აგვიკლო, ვნახე და ძაან მაგარი გოგოაო?! მმაგარი კი არა, სტრანნია(!) და რანაირად აცვია!- ქეთოს ხმაში, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუება იგრძნობოდა.
- დედა, სად უნდა წეიღოს ამდენი წიგნი?- გაუკვირდა რუსუდანს.
- ჩემ თავზე რომ აჭედებენ, იმ თაროებზე, მე მაგ წიგნის ჭიის... –ხმას რა ამოაღებინებდა და გულში შეიკურთხა შუშანიკამ.
- აუ, ნახე, პიანინო! დდე, დე!
-რა სამზარეულო მეიტანა! რათ უნდა მაგ გაფსლიკულს! მე კიდო, ერთ ჭურჭლის სარეცხს ვერ ვეღირსე ამდენი წელი ამის ხელში!- რუსიკო ისევ ქმარს მისწვდა.
- ეგეც ამოაქვთ... –ქეთომ გულდაწყვეტილმა ამოიოხრა,- რა სახლი ექნება! თან მარტო იცხოვრებს! ზოგს როგორ გაუმართლებს ხოლმე ცხოვრებაში.
- უმადური! ორი კვირის წინ არ ვუყიდე ის ტაბლეტია თუ პადი თუ ვალერიანი?! იმდენი ფული მივაბრინჯე და უკვე მოიმწვანილა!- ისევ გულში გაბრაზდა ოჯახის მამა.
მთელი დღის განმავლობაში იწვა შუშანიკა, უსმენდა ცოლის და ქალიშვილის ჭორავს, ხან დამცინავს, ხან შურიანს, ხანაც კი დაუფარავი აღტაცების რეაქციებს. ებრძოდა ნაბახუსსევს, თავის ტკივილს, შიმშილს, განუწყვეტელ რახუნს, ბრახუნს თუ ხრიალს კედლის იქიდან და რაც უნდა ეცადა, ახალი მეზობელი კარგ ვინმედ წარმოედგინა, წინ მარტო თავისი კლასელი სკილეტა მარიკასნაირი გამხდარი, აბეზარი და ენაჭარტალა გოგო დაუდგებოდა, წიგნებით გამოტენილ სახლში.
ბბრახ!
უცებ ჩაჰკრა თავში შუშანიკას თავისმა გუშინდელმა გმირობამ. გაახსენდა, როგორ გააღო (ანუ შეგლიჯა) კარი, როგორ შევარდა ღრიალით სახლში-რუსიკო, ჩემო მურაბავ, ერთი შვილიც უნდა გავაკეთოთ სასწრაფოდ, ლევანა ნათლია უნდა იყოსო, როგორ დაეჯახა ტუმბოს, ააყირავა მაგიდა და როგორ დაიმსხვრა ყვავილების ლარნაკი ჩინური ორნამენტებით (რუსუდანის სიამაყე და მზითევი!) -მე მაგისი... –სულ მთლად გააცია საწყალს რამე და უარესი არ გამახსენდეს კიდევო, ფიქრი სულ შეწყვიტა.


კიდევ კარგი, დრო რომ არ ჩერდება არასდროს. დღე ნელ-ნელა გადაგორდა, მოსაღამოვდა და ჩვენმა გმირმაც გამოიხედა თვალებიდან.  რუსუდანი აღარ ჩხუბობდა, ქეთო წავიდა, კედლის იქითაც ჩაჩუმდნენ. მოკლედ, შუშანიკამ ცოტა იფიქრა თუ ბევრი იფიქრა, გადაწყვიტა, მგონი უკვე შეიძლებაო, გადაწყვიტა, ასწია გამოფიტულ-დაბუჟებული სხეული, თან გაიფიქრა, “პერეგაროდკა” უნდა ავამაღლო ყოველდღე “მაგის” სიფათს რა აიტანსო და აივანზე გალასლასდა. დადგა, ჩაისუნთქა, ამოისუნთქა, ჯერ წინ იყურა კარგა ხანს და მხოლოდ მერე გააპარა თვალი მარჯვნივ- არადა გამოსვლისთანავე იგრძნო, “ის” იქ იდგა. გააპარა და  თავი თვითონ მიუტრიალდა. აივანზე ორი მოზრდილი ქოთნით დადგმულ რაღაც მცენარეებში ჩაფლულ ხის სკამზე დამჯდარს ფეხები პირდაპირ მოაჯირზე შემოელაგებინა და ნაუშნიკებგაყრილი(არა და არა! ყურსასმენებწამოცმული) მუსიკას უსმენდა, ალბათ.
“ეს მართლა გაფსლიკული”- გაიფიქრა შუშანიკამ და გოგო აათვალ-ჩაათვალიერა. მაღალი არ ჩანდა, გამხდარი იყო, ხორბლისფერი კანით, წვრილი, წვრილი მაჯებით. “ბარემ ტრუსიკით დამჯდარიყო”-უცებ გაბრაზდა თავი რომ გამოიჭირა, როგორ უყურებდა მოკლე შარვალში ვერ დამალულ ფეხებს. “თავისუფალი ახალგაზრდობა!” ჩაიფშვიტინა ირონიით.
გოგომ ამოხედა. მზერა იგრძნო ალბათ. უცებ მიხვდა ჩვენი შუშანიკა, რატომ იყო ეს ბავშვი დათოსთვის მაგარი და თვითონაც დაეთანხმა. ორმა დიდმა, შავმა და შუქიანმა, სქელი წამწამებით დაცულმა თვალმა ინტერესით შემოანათა, მერე, ცოტა არ იყოს თავხედურად დაათვალიერა. საცვლით ვდგავარო, გაახსენდა შუშანიკას და უფრო გაბრაზდა, დაიკოხა და შეუბღვირა. ორი თვალი ახლა მის სახეს აკვირდებოდა. უცებ გოგომ გაიღიმა, წამოდგა და სახლში შევიდა.
“აი შერიკინებული”-გაიფიქრა მარტო დარჩენილმა,- “რა თვალი ჰქონია ჩემ ბიჭს!” მშობლურ-კაცურად გაუხარდა და იქვე შეეშინდა, არ დამიღუპოს ამ უღმერთომ შვილიო.
“ის” აივანზე დაბრუნდა, შუშანიკას რაღაც გაუწოდა და მიესალმა:
- გამარჯობა, მგონი ეს გესიამოვნებათ.
შუშანიკას ჯერ გაუკვირდა, მერე შერცხვა, მერე გაბრაზდა, მერე დაიხედა და- ლუდი!
- უხ ამისი!- დაოსებულმა ყელმა უკვე იგრძნო გამოწვდილი სითხის ნეტარება, ხელმა კი თავისით გაიწია ბოთლისკენ,- ეშმაკის გაგდებული! – მოიყუდა. სული რომ მოითქვა, ისევ იმ ორ თვალს გადააწყდა:
-    ბრუდერშაფტ?- ეკითხებოდა ქალის ოდნავ დაბალი ხმა.
“ეშმაკის გაგდებული”-გაეღიმა კაცს და ბოთლი მიუჭახუნა.

იმ ღამით შუშანიკამ ცოლს ბოდიში მოუხადა.
-    რუსიკო, ქალო, მაპატიებ იმ ლარნაკს?
-    ცხოვრება შემოგალიე და ეგ გაპატიე, ის ლარნაკი რაღა გამიხდება,- რუსუდანი უკვე მომლბალიყო(თანაც ეძინებოდა), -დეიძინე ახლა და მომასვენე მეც.
შუშანიკამ შვებით ამოისუნთქა.
- რუსიკო!
- რა გინდა!
- შენ ხო კარგი მყევხარ, მაგრამ ზოგ გაფსლიკულ გოგოსაც არაუშავს, იცი?
- არ მიხსენო მაგი! მთელი დღე ეხმარებოდა შენი ვირგლა! გაგიგია მასეთი? არ შემოვათრევიებ მაგ ხორცგაღლეტილს სახლში!
- თუ გვიკადრა და შემოეთრა, კი!
- დოუყენებ თვალებს!-ბალიშს უთაქა რუსუდანმა, გადაბრუნდა და საბანი მოიჭუჭკა.


უკვე ძილ-ბურანში წასულ შუშანიკას რაღაცის გახრიალების ხმა ჩაესმა კედლის იქიდან, გადაწყვიტა, “პერეგაროდკა” აღარ აემაღლებინა და ჩაიძინა. 

1 comment:

  1. კარგად წერ ადამიანო და ხშირად წერე <3

    ReplyDelete