Sunday, January 11, 2015

შემაჯამებელი პოსტი

გადმომითერთმეტიანვარდა. არამგონია გასაკვირი იყოს, ჩემზე ზარმაცი ბლოგერი ადვილი მოსაძებნი არ იქნება.
წლის შემაჯამებელი და ახლის პროგნოზების პოსტი უნდა გამოვაცხო ახლა, კვირა დილით, ყავით, ხალიჩაზე მოკალათებულმა. გადავეჩვიე ამ პროცესს, წარმატებები მისურვეთ.

წინა წლის "საუნდრეკად" შეიძლება ეს  სიმღერა ჩავთვალოთ - ერთ სხვაობით, სინამდვილეში დაკარგული და ორჯერ მეტი ვიყავი, ინერციით მივდიოდი და ეგ იყო.

კარგი ამბებიც მოხდა, რა თქმა უნდა.
თავიდან კარგი და მერე ცუდი და საბოლოოდ კარგი ამბებიც.
მაგისტრი გავხდი ივლისში.
IT კოლეჯი დავამთავრე აგვისტოში.
ცოტა "დავისვენე" და დაიწყო cv-ების გზავნის, გასაუბრებებზე სიარულის და ტესტების წერის გაუთავებელი პროცესი. აქვე უნდა ვთქვა, რა საოცარი ვაკანსიები დევს, რამდენად ადეკვატურები და ინფორმაციულები არიან ვაკანსიის დადებისას და რა საოცრად მოწესრიგებულია ეგ ამბები ჩვენ ქვეყანაში.

უი მართლა, ცხოვრებაში პირველად ვუყვირე ლექტორს, მასწავლებელს და საერთოდ, ჩემზე ბევრად უფროს ადამიანს. პირველად გამოვედი ასე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა არ ვარ ფრთიანი ანგელოზი და მძიმე ხასიათი მაქვს,  მაგრამ, მოდი დავფიქრდეთ, სამაგისტრო ნაშრომის პირველი წლის ბოლოს დაცულ(ფრიადზე) ნაწილში დაშვებულ ე. წ. "შეცდომას"(ქვეთავების განაწილებასთან დაკავშირებით), მეორე წლის ბოლოს, სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო დაცვამდე ორი კვირით ადრე რომ გისწორებს ადამიანი და მაშინ ხედავს პირველად მაგას( აანუ თავის დროზე არ წაუკითხავს);  ყველა მისვლაზე იმ შენიშვნის შესრულების გამო რომ გეჩხუბება, რაც წინაზე თვითონ მოგცა, შენ რომ წინა დღეს მისი მითითებით შესრულებული პრეზენტაცია უკვე გამოტირებული გაქვს და არ გესმის "დაიტანე რაც შეიძლება მეტი თეორია რაც გაქვს გაკეთებული" როგორ შეიძლება PPT-ს მოარგო და მეორე დღეს საათნახევარი გლანძღავს უპატივცემულობისთვის, მგონი გაქვს ადამიანს უფლება, რამენაირად გაჩერება აიძულო. ისე კი, კინაღამ დაცვა გადავიტანე მთელი წლით, ისე იმოქმედა ამ ამბებმა, მაყლაპეს წამლები :დ
აქვე: როცა ჩემ ჭკუაზე  გაკეთებული PPT გავუგზავნე, ბავშვებისთვის უთქვამს, არ მეშინია, ეგ დაიცავსო. თვითონ რეცენზიაში ჩემი გვარი დაწერა შეცდომით - გამარჯობა პატივისცემავ.

არა არა, იმას არ ვწერ, რისი დაწერაც მინდოდა. საერთოდ არ ვერჩი ამ ადამიანს, პირიქით, წარმოიდგინეთ და მიყვარს ძალიან, არც ქრონოლოგია მინდა გავაკეთო კიდევ მერამდენეღაცა სერტიფიკატის  და არც  ქვეყანაში არსებული დასაქმების პრობლემების განხილვაა ჩემი საქმე. ჩემ წილს ამაში მაშინ შევიტან, საკუთარ ვაკანსიას რომ გავაკეთებ ადეკვატურს.

სულ სხვა რამის დაწერა მინდა. იმის დაწერა, რომ ეს პაუზის წელი იყო ჩემთვის;
იმის დაწერა, რომ მივხვდი 23 წლისაც კი არ ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მენდომებოდა;
სამაგიეროდ ჩემს არსებობაში პირველად ვხვდები, რეებს გავაკეთებდი სიამოვნებით და, თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე არასდროს მცოდნია, მიახლოებითაც კი, რას დავწერდი უშველებელი"მინდა გავაკეთო"  სიის თავში, რამდენიმე პუნქტამდე ჩამოსვლა უკვე მიღწევაა.
იმის დაწერაც მინდა, რომ მიუხედავად დიდი შეცდომებისა და მწარე იმედგაცრუებისა, ვისწავლე რომ აუცილებლად უნდა ვენდო ჩემ ინტუიციას და არ შევეწინააღმდეგო, რომ როცა "ვგრძნობ" რომ მატყუებენ, შევამოწმო და არ დავიბრალო, რომ ეჭვიანი ვარ, თორემ მერე გაჩენილ გრძნობებთან, მიჩვევებთან, მინდებთან და თავის მოტყუების ცდუნებასთან გამკლავება ძალიან ძნელი და მტკივნეულია.
კი, სწორად იფიქრეთ, ბოლო ამბზაცი ჩემ პირად ურთიერთობას ეხება. რომელიც დაიწყო 2 მარტს დილის 10 საათისთვის თბილისისკენ მომავალ სამარშრუტო ტაქსში, იმაზე მეტად შეუფერებელ და  ჩემგან განსხვავებულ ადამიანთან ვიდრე წარმომედგინა და საბოლოოდ დამთავრდა სექტემბრის შუა რიცხვებში.
ძნელია, როცა ურთიერთობის პირველი დღეებიდანვე გატყუებს ადამიანი, რომელიც გინდა, კიდევ უფრო ძნელია, საკუთარ ინტუიციას მოუსმინო, მაშინვე გაერკვე და თავი სილაში არ წაყო. თორემ ჰო, რამდენიმე თვე დაიტანჯები და მერე კიდევ დაიტანჯები სანამ თვალებს არ გაახელ და მიხვდები, რა დაიმართე; მერე კიდევ დაინტანჯები, იმიტომ რომ მიხვდი რა დაიმართე :დ
ახლა ერთადერთი კითხვა მაქვს დარჩენილი და იმაზე პასუხიც დიდად აღარ მაინტერესებს.

ისევ არ ვწერ იმას, რისი დაწერაც მინდა.
მოდი ასე ვიტყვი, 2014მა კიდევაც გამამწარა, კიდევაც გამახარა, და ორივეთი ძალიან ძალიან ბევრი რამე მასწავლა. დაახლოებით ვიცი, რისი გაკეთება მინდა, ვიცი როდის და როგორ უნდა ვენდო საკუთარ თავს, ვიცი რომ უნდა ვიბრძოლო და ვიცი, არჩევანი ყოველთვისაა, შეიძლება ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ არის, ყოველთვის არის. და კიდევ, მართალია, დრო ვერაფერსაც ვერ კურნავს, მაგრამ ბევრ რამესთან გამკლავებას გასწავლის.
ჰოდა, 2014-ო, გულწრფელი მადლობა ყველაფრისთვის.


რაც შეეხება 2015-ს
იმედიანად დაიწყო, ჯერ თერთმეტი დღე გავიდა და ვსაქმდები;
ისიც მგონია, რომ წელს კარგი ამბები დატრიალდება ჩემ თავს;
ამ ეტაპზე სულ ორი რამ ვიცი კონკრეტულად:
აუცილებლად ვიპოვი საშუალებას, რაც ჩემ უენერგიობას და მგზავრობის აუტანლობას უშველის და
წავალ თუშეთში.

ბოლოს:
დიდი მნიშნელობა არ აქვს, რომ წლები იცვლება, არც იმას, 1 იანვარს დავიწყებთ ათვლას თუ სლავურ ახალ წელს ვიდღესასწაულებთ. მთავარი ისაა, რომ ყველა წელთან ერთად ჩვენც გავიზარდოთ, არ გავჩერდეთ და იმ წელს ჩვენთვის გამოყოფილი ბედნიერების მომენტები არ გამოგვეპაროს.

კარგ, სასარგებლო და სათქვენო 2015 წელს გისურვებთ.





No comments:

Post a Comment