Thursday, February 21, 2013

გამსახურდიაზე და ცოტაც მთვარის მოტაცებაზე


ჩემი პირველი პოსტია წიგნზე. უფრო სწორად მწერალზე. სულ უფრო სწორად დაპირებას ვასრულებ
და ჩემი თავისა მიკვირს- რომელიმე საყვარელი მწერალი კი არ ამოვარჩიე და იმაზე დავწერე პოსტი, არა, კონსტანტინე გამსახურდიათი ვიწყებ.

ჰო, აქამდე არასდროს წიგნზე და მწერალზე შეფასებითი და შთაბეჭდილების გადმომცემი არაფერი დამიწერია, არც ის ვიცი, რამე წესი თუ არსებობს დაწერის. ჩემი სუბიექტური ჩანაჩხაპნები მინდა გამოვამზეურო, მთვარის მოტაცების კითხვისას რომ ვინიშნავდი ხოლმე.

გაფრთხილება: ნუ მოძებნით ლოგიკას :დ ჩემი აღქმა-ასოციაციები ადეკვატურს იშვიათად ემთხვევა.



12.02.2013
კონსტანტინე გამსახურდია,
არ ხარ ჩემი არც უსაყვარლესი, არც გამორჩეული მწერალი. ეს გემოვნების ამბავია და ვერ შეიცვლება ალბათ. არც კამათს ექვემდებარება, როგორც ამბობენ.
სხვა ნაკლი მაქვს. იმაზე მეტად გაკნინებ ხოლმე, ვიდრე სინამდვილეში ხარ ჩემთვის. მართალია, არასდროს დაგაყენებ ჭილაძის, ჯავახიშვილის და კიდევ ერთ-ორის წინ, მაგრამ, არც ისეა საქმე, როგორც ვამუქებ.

სინამდვილეში, მაბრაზებ ხოლმე, როცა გკითხულობ. აი, ქალები რომ გყავს თავისებური. ლამაზი- ეგეც შენებურად. მიყვარდებიან ხოლმე შენი ქალები და მერე, როცა ვერც ჩემი ქალის სახებასთან, ვერც ჩემთან, ვერც ერთ ბწკარ საერთოს ვერ ვუპოვი, ვბრაზდები, ვცოფდები. როგორ შეიძლება აღწერო, გააცოცხლო და შეაყვარო ადამიანს ქალი, რომლის ჩრდილის მსგავსიც კი არ მოიძებნება რეალურად.
არ მიყვარხარ, კოწია, მაგიტომ, არარეალურები არიან შენი ქალები. გაუგებრები და უდრეკები, იმაზე უარესად, ვიდრე ნამდვილი, ხორცშესხმული და არსებულები ვართ.

18.02.2013
კოწია, ახლა პირიქით, მეტისმეტად რეალურები მეჩვენებიან შენი ქალები! ვერ გავიგე. გკითხულობ, მთვარის მოტაცებას ვისრუტავ. ხან მაბრაზებ, ხან მხიბლავ. ერთი კია, ვერ გეშვები. მგონი, თანდათან უფრო მომწონხარ, შენეულ სიტყვებიანად, ცხენებიანად, კაცებიანად. მიყვარდება შენი ხვლიკისფერი სვეტიცხოველი, იღლიებქვეშ მოდებული მოლი, ირიბად ნასროლი ქვები და შენი მისოუსტ.
ჩაგიკითხავ, ჩაგისრუტავ, ჩაგისუნთქავ.
მერე, იქნებ მე და შენი ქალებიც მოვრიგდეთ.

20.02.2013
არაფერშუაშია ქალები.
ქალებია ჩვეულებრივი. როგორც გაგიხარდება, იმ მხრიდან გვაჩვენებ და ეგაა. ქალზე რეალური არაფერი დაგიწერია.
მაგრამ, გიჟი ხარ შენ კონსტანტინე გამსახურდია!
ვერ გავარჩევ, სწორს წერ თუ სიგიჟეს, მაგრამ სამჯერ მომკალი შენ მე: არზაყანთან ერთად კაცის გვამს რომ მიმაფარებინე ნაბადი, თამართან ერთად რომ მომაჭრევინე ნაწნავი და ენგურს რომ მაბრძოლე თარაშთან ერთად.
გიჟი ხარ, შენ, კოწია!
ან სხვას რას უნდა დავლოდებოდი, მოსწონდი მგონი პაპაჩემს. ისე, ნეტა თუ გახსოვს შენი მეგზური თრიალეთის ტყეებში?
ალბათ არა. არ ვიცი, კაცად რა იყავი, მწერლად კი გამომდგარხარ.
მაინც გიჟი ხარ, კოწია შენ და რა უნდა გელაპარაკოს კაცმა.
შლუ ლუკაიასთვის
როდამისთვის
ნოშრევანისთვის
ძაბულისთვის
თამარისთვის
არზაყანისთვის
არზაყანისთვის
არზაყანისთვის
მისოუსტისთვის
მისოუსტისთვის
თარაშისთვის_

მადლობა და მარცხნიდან(ანუ მოულოდნელად) მოქნეული ჯიშიანი სილა შენ.



No comments:

Post a Comment